გამრეკელის 34-ში ბერი ნიკოლოზის მრევლი ისევ შეიკრიბა. მათი თქმით, მამა ნიკოლოზს ასახლებენ, თანაც უსამართლოდ. დაძაბული ვითარება გამრეკელის ქუჩაზე რამდენიმე საათი გრძელდებოდა. ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლი პოლიციას დაუპირისპირდა. მრევლი მოითხოვდა შეეშვათ ბერი ნიკოლოზი იმ ბინაში, რომელიც მათი თქმით, ნაქირავები ჰქონდა.
,,პრაიმტაიმი“ იმ სახლის პატრონს ესაუბრა, სადაც ბერი ნიკოლოზი თითქმის ერთი წელია ცხოვრობს. ის ვინაობას არ ასაჯაროვებს თავისივე უსაფრთხოების მიზნით. ,,დაახლოებით 4 წლის წინ, ნარიმან მაქარაშვილი მოვიდა ჩვენთან და ახლადგარემონტებული სახლი იქირავა. საკმაოდ კარგი სახლია. ამბობენ, ცხოვრება არ შეიძლება შიგნითო, მაგრამ თავად შეგიძლიათ ნახოთ, რომ ყველა პირობაა ცხოვრებისთვის. იმ პერიოდში სიმბოლურ თანხად შემოვიდა, რადგან იყო მამაო. შეღავათი გაუწიეთ. არანაირი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, იმიტომ რომ მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდებოდა. 2 წლის თავზე გაჩნდა ხანძარი. სპეციალურად გააჩინა თუ გაუჩნდა არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი. იმ პერიოდში მამა ნიკოლოზი ასე ცხოვრობდა, სინათლეს არ ანთებდა და მხოლოდ სანთლებს ანთებდა . მრევლს ვთხოვე სახლის აღდგენა, თუმცა უარი მითხრეს და ჩემი ნათესავებისა და ჩემი მეზობლის დახმარებით, რომელსაც მამა ნიკოლოზის სჯეროდა, სახლი აღდგა. მამა ნიკოლოზმა გასაღები წაიღო, იქნებ დავბრუნდეო“, - ამბობს სახლის მეპატრონე.
ხანძრის შემდეგ მამა ნიკოლოზი ზესტაფონის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში გადავიდა, სადაც გამრეკელის ქუჩის მსგავსი სცენარი განვითარდა. მაშინ მოსახლეობა ბერ ნიკოლოზს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში სდებდა ბრალს.
,, ჩვენთან ცხოვრების პერიოდში მას უცნაურობა არ გამოუვლენია, თუმცა მოგვიანებით გავიგეთ, რომ ქალი უცემია, ხანჯალი გადაურტყია. მე ამის შესახებ არ ვიცოდი. ის, რაც ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა ჩემმა ქმარმა ნაწილობრივ იცოდა. რემონტის დამთავრების შემდეგ ჩვენზე ზეწოლა იყო, ამბობდნენ, რადგან გასაღები წაიღო, ეს სახლი უყვარს და დაბრუნდებაო. მეზობელმა, ვინც გარემონტებაში დაგვეხმარა, გვთხოვა რომ რამდენიმე თვე დაგვეცადა. წელიწადი იყო გასული, როცა ზესტაფონის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა და ჩემს მეუღლეს სთხოვეს, რომ მამა ნიკოლოზი ჩვენთან დაებრუნებინა. შემოსვლიდან მეორე დღესვე დაწერა წერილი, რომ ეს ჩემი სახლია და წადით ყველა აქედანო“, - აცხადებს გამრეკელის 34-ში მცხოვრები ქალბატონი.
ბერი ნიკოლოზი 12-ე წელია მდუმარებაშია, ის მამა გაბრიელის ერთადერთი სულიერი შვილია.
ბინის პატრონის თქმით, მამა ნიკოლოზმა არაადეკვატური ქცევები გამოავლინა და ამიტომ, დღემდე შიშისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ უწევს ცხოვრება 4 ბავშვთან ერთად. ,,შემდეგ მოხდა წარმოუდგენელი რამ. მდუმარე ბერი გამოუვარდა ჩემს მაზლს, აგინებდა ბოლო სიტყვებით, კეტი ეკავა და მოსდევდა, კარის შემომტვრევა უნდოდა. ამას ისმენდნენ მეზობლები, ჩემი შვილები, რომლებსაც ეგონათ, რომ ჩვენთან წმინდანი ცხოვრობდა. ვფიქრობ სამკურნალოა. ამას დამიდასტურებს მისი დეიდა, რომელიც ხშირად მსტუმრობს, მამშვიდებს და ამბობს, რომ ის ძალიან ავადაა. დადის ჭორი, რომ ფულს იხდის, არადა არაფერს არ იხდის. თავიდან 400 ლარის გარდა არაფერი გადაუხდია“, - ამბობს ის.
აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ მამა ნიკოლოზის მრევლის წევრები. მათი თქმით, ბერი ნიკოლოზი ბინის ქირას იხდის და მისი გამოსახლება არაკანონიერია.
იმ ბინის პატრონის თქმით, სადაც ბერი ნიკოლოზი ცხოვრობს, პოლიციას დახმარება სთხოვეს, მათ პირობა მისცეს, თუმცა უშედეგოდ.
,,ყოველ ღამეს ვიძინებთ შიშით, რომ ბავშვები არ შეგვიშინოს და ეს თვეები გრძელდება. პატრულმა დაიწყო ჩვენი დაცვა ივნისის თვიდან, იმიტომ რომ ჩვენთან აგრესიული ხალხი მოდიოდა. მეუბნებოდნენ დაგასისხლიანებთ, ცოცხლად შეგჭამთ, დაგკაწრავთ. ეს ყველაფერი ტყუილია. ამბობენ, რომ ჩემი შვილები განკურნა ეს ყველაფერი ტყუილია. სამართადამცავები შემპირდნენ რომ პრობლემას სამ დღეში მოაგვარებდნენ, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც იყო მოსული, ამის შემდეგ სამი დღეც გავიდა, სამი კვირაც და სამი თვეც“, - ამბობს სახლის მეპატრონე და ბერი ნიკოლოზის მრევლს სექტად მოიხსენიებს.
,,იმედი მაქვს ამ ქვეყანაში კანონი იკანონებს და რიგით მოქალაქეებს არ ექნებათ დაუცველოს განცდა. ისეთი განცდა მაქვს, რომ სახლს მართმევენ, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ. საქმე გვაქვს სერიოზულ სექტასთან და რაც მთავარია, ავადმყოფ სექტასთან, რომელიც აღმოცენებულია ქრისტიანული რელიგიის სახელით“, - ამბობს სხლის მეპატრონე ,,პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
მამა ნიკოლოზის მრევლის თქმით, კი ბერს ებრძვიან ისევე, როგორც ,,მამა გაბრიელს ებრძოდნენ“.
ბერ ნიკოლოზთან დაკავშირებით, საპატრიარქომ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:
“საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, განსაკუთრებით კი სამკურნალო დაწესებულებებში ეკლესიის სახელით ვრცელდება ბერი ნიკოლოზის (მაქარაშვილი) ფოტოები ასეთი ტექსტებით: “მხსნელი”, “გადამრჩენელი” და ა.შ.
გვინდა განვმარტოთ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
გარმეკელის ქუჩაზე ამ დროისთვის სიწყნარეა, ადგილზე რჩება საპატრულო პოლიცია და ქუჩაზე მხოლოდ იქ მაცხოვრებლებს უშვებს. მამა ნიკოლოზი კი მისმა მრევლის წევრებმა წაიყვანეს, თუმცა ამბობენ, რომ მამა ნიკოლოზი ,,სახლს დაუბრუნდება“.