დავით გიორგობიანი მდუმარე ბერ ნიკოლოზზე - "იგი თქვენს წინაშე განისჯება, ვითარცა ავაზაკი და იმავდროულად იმ პირველი "ავაზაკისამებრ" სასუფეველი აქვს დამკვიდრებული"...

18:11 11-17-2017
333

მსახიობი და რეჟისორი, დავით გიორგობიანი, ქ. თბილისში, გამრეკელის 43-ში მომხდარ ინციდენტს და მდუმარებაში მყოფი ბერის, ნიკოლოზ მაქარაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:  

ორი სიტყვით ბერ ნიკოლოზზე:  - ასეულობით შემოთავაზება აქვს მამა ნიკოლოზს, რომ გადავიდეს მათ სახლში საცხოვრებლად, ნებისმიერი დროით და არ გადადის.

თქვენ არაფერი გესმით, მან წინასწარ იცის მოვლენები და თან გარეგნულად, ჩვენს მოსაწონად, შეგნებულად არ იქცევა. რაც მეტს დაგმობთ, მეტად ილოცებს თქვენთვის, დაფარულში.

თუ რეგვენი ხარ, ხელითაც შეგეხება მოსაჭკვიანებლად და მთელი ღამე, ცრემლს დაღვრის შენთვის. 25 წელზე მეტია ვიცნობ და ვიცი, რა უკიდეგანო სიყვარული აქვს, ღვთისა და ყოველი დაბადებულის.

ვაი რომ არ გესმით მისი, რადგან ჯერ შორსა ხართ უფლის მცნებებისაგან და ხიბლში იმყოფებით, ვითომ ქრისტიანობის, მრავალ ცუდადმეტყველებისა და სიმდაბლის უქონლობის გამო, რომლის გარეშე, ვერც სიყვარულში შეხვიდოდით, ღვთისა და მოყვასის, მით უფრო მტრისა, როგორიც არის, თქვენის წარმოდგენით მოსაგრე ბერი.

თუმცა, თვით მამა ნიკოლოზი, საკუთარ მაგინებლებს, მოკეთეებად მიიჩნევს და მის მაქებრებს, მტრებად.

უნდა გითხრათ, რომ არ გყვარებიათ ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი სალოსი, რადგან იგი, ყველაზე მეტად, ნიკოლოზს ენდობოდა და მრავალი კეთილი და საოცარი წინასწარმეტყველება აქვს მასზედ ნათქვამი. და სულ თავიდანაც, მამა გაბრიელის კურთხევის მერე დაიწყო მამა ნიკოლოზმა, უცნაურობები და საკუთარი დამდაბლების ხარჯზე და მრავალი დაფარული სათნოების აღსრულებით.

დღეს იგი, თქვენს წინაშე განისჯება, ვითარცა ავაზაკი და იმავდროულად, იმ პირველი ავაზაკისამებრ სასუფეველი აქვს დამკვიდრებული, ოღონდ თავის გულში, რომლითაც ასერიგად შეყვარებია უფალი და მისი ბედკრული, ქართველი ერი.

სიყვარული გადაგვარჩენს, ჩემო ძმებო და დებო, დედანო და მამანო. ქრისტე არს ჩვენს შორის... -  წერს დავით გიორგობიანი. 

ავტორი: რუსა ღვანიძე