„ჩვენი საყვარელი ადგილი ამ სახლში საძინებელია“ - exclusive

11:54 11-20-2017
2315

ლევან ხურციასა და მარიამ კუბლაშვილის სიყვარულის ისტორია სამ წელს ითვლის. როგორც ლევან ხურციამ გვითხრა, ყველაფერი ერთი ნახვით დაიწყო. დღეს უკვე ერთ ოჯახში ცხოვრობენ და საერთო შვილიც ჰყავთ. პატარა ალექსანდრეს ჩვენი მისვლისას ეძინა, მაგრამ მარიამმა გვითხრა, რომ ძალიან მხიარული ბიჭია და გაგვიმართლა, რომ სძინავს, თორემ ინტერვიუს ჩაწერის საშუალებას არ მოგვცემდა.

– მარიამ, ძალიან ლამაზი და მყუდრო სახლი გაქვთ, შესანიშნავი ხედით. ვისი დიზაინითაა მოწყობილი?

– სურვილები უფრო დიდი იყო, შესაძლებლობა – ნაკლები. ამიტომ ესაა, რაცაა. ბოლო პერიოდში ეს ფერები განსაკუთრებულად შემიყვარდა. სამოთახიანი ბინაა, ორი საძინებლით, მაგრამ მისაღები ოთახის გადატიხვრა მაინც მოგვიწია, პატარა ალექსანდრესთვის და მისი მომვლელისთვის კუთხე რომ მოგვეწყო. 

– ძიძა ჰყავს ალექსანდრეს?

– სამ თვემდე მე გავზარდე, მაგრამ მერე იმდენად მივეჯაჭვე სახლს, გადავწყვიტე, ძიძა აგვეყვანა. წლისა და 5 თვის არის ახლა პატარა.

– კედელზე შენი პორტრეტი შევამჩნიე...

– ეს ლევანის საჩუქარია, ქორწილში მომართვა სიურპრიზის სახით. როგორც მითხრა, ოთხი დღით ადრე გადაწყვიტა ამ სიურპრიზის გაკეთება და ასე მოკლე დროში დაახატვინა ახალგაზრდა მხატვარს.

– ლევან, მოგვიყევი, როგორ მოახერხე ამ ლამაზი გოგონას გულის მოგება...

– ოო, ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს. რა გითხრათ, ჩვეულებრივად მოხდა ყველაფერი, როგორც ხდება ხოლმე, შევხედეთ ერთმანეთს და იქვე გაიბა ის ძაფებიც, რაც დღემდე გვაკავშირებს ერთმანეთთან. 

– როგორი კულინარია მარიამი?

– კარგი, ნამდვილად. მიუხედავად იმისა, რომ საგიჟეთი გვაქვს ორივეს სამსახურებში, ღამე რომ მოდის, იწყებს ფუსფუსს სამზარეულოში. გუშინაც გუფთა გააკეთა.

მარიამი:

– მე მამაპაპური კერძების მომზადება მიყვარს, დიდი ქვაბით.  

– მარიამ, ლევანი თუ გეხმარება საოჯახო საქმეებში?

– კი, ძალიან კარგი მეუღლეა ნამდვილად. მეხმარება. ძალიან უყვარს სისუფთავე. მე რომ ვერ მოვიცალო, არ ითაკილებს და თავად დაალაგებს სახლს. სხვანაირად ვერ გაჩერდება.

ლევანი:

– ჩვენ შაბათობები გვაქვს ხოლმე ოჯახში. ზოგჯერ მარიამის დედაც გვეხმარება, ბავშვებთან ერთად ვიგონებთ თამაშებს და ასე თამაშ-თამაშში ვალაგებთ სახლს. ხან მტვერსასრუტს დავარბენინებთ, ხან კიბით ვწმენდთ ფანჯრებს... ალექსანდრე დარბის, გვიფუჭებს ხოლმე ყველაფერს. ახლა წყნარი საათი გვაქვს ოჯახში, 5 საათის შემდეგ ამ სახლში საგიჟეთია. კარგ დროს მოხვედით, რომ საუბარს ვახერხებთ. 

– მარიამ, ვიცი, რომ მშობიარობის შემდეგ რამდენიმე კილოგრამი მოიმატე, როგორ ჩადექი ფორმაში?

– მართლაც რამდენიმე კილო მოვიმატე და ძალიან განვიცდიდი ამას. ვიცავდი დიეტას, სწორად ვიკვებებოდი და მაინც ვერ ვხდებოდი. ასეთი რამ არ დამმართნია. ფაქტობრივად, დეპრესია მქონდა. ვინც ახლა ასეთ მდგომარეობაშია, მინდა ვუთხრა, სანამ 6 თვე არ გავა მშობიარობიდან, არ უნდა ინერვიულოთ. ნეტავ მაშინ ვინმეს ეთქვა ჩემთვის ასეთი რამ. გავიდა 6 თვე და თავისთავად ჩავდექი ფორმაშიც. 

– ლევან, თეატრში რა ხდება?

– ახალი სპექტაკლი დავიწყეთ, კარლო გოცის „ყორანი“, საკმაოდ საინტერესო ჩანაფიქრი აქვს ბატონ რობერტს, რომელზეც მისი ნებართვის გარეშე ვერ ვისაუბრებ...

– ორივე ძალიან დაკავებულები ხართ, ერთად ყოფნას როდის ახერხებთ?

– დილას საუზმემდე, სამსახურებისთვის რომ ვემზადებით და საღამოს სამსახურებიდან გადათიშულები რომ მოვდივართ. დავსხდებით სამზარეულოში, ნატურალური შავი ღვინო გვაქვს და თითო ჭიქას დავლევთ ხოლმე ვახშამზე.

მარიამი:

– და ღამე, მთელი 8 საათი ერთად ვართ (იცინიან). 

– მარიამ, შენი სამსახურებრივი ამბებიც მომიყევი...

– ახლა ძალიან საინტერესო პერიოდია საადვოკატო სფეროში. ხელახალი არჩევნებია, უნდა ავირჩიოთ ახალი თავმჯდომარე. ამ პროცესებში ჩავერთვები თუ არა, ახლა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვარ. ვმუშაობ რამდენიმე სერიოზულ კომპანიასთან, ვემსახურები, როგორც იურისტი, ვიღებ კერძო საქმეებსაც. შეპყრობილი ვარ ამ ჩემი სამით და ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ლევანს ძალიან მოსწონს ჩემი საქმე და ყველანაირად მიწყობს ხელს. 

– ვიცი რომ პატარ-პატარა გასეირნებებსაც ახერხებთ საზღვარგარეთ... სად იყავით ბოლოს?

მარიამი:

– ბერლინში ვიყავით. რაც გამარტივდა წასვლა, ამ პატარა სიამოვნებას ვიღებთ ხოლმე წელიწადში რამდენჯერმე. ზოგჯერ სამსახურებრივ გასვლას ვუთავსებთ დასვენებას. 

– საყვარელი ადგილი გაქვთ ამ სახლში?

ლევანი:

– გაგეცინებათ და ჩვენი საყვარელი ადგილი საძინებელია (იცინიან). იქ ვახერხებთ განმარტოებას. 

– ლევანის საყვარელი კერძი რა არის?

– არ არის ლევანი პრეტენზიული მჭამელი... ზოგადად, არ არის პრეტენზიული. მოსწონს ჩემი მომზადებული კერძები...

– მარი, ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ დედით ქისტი ხარ, არის რაიმე ტრადიცია, რაც შენს ოჯახშიც შემოიტანე?

ლევანი:

– გიორგის, მარიამის უფროს ბიჭს მეორე სახელი არბი ჰქვია, სუფთა ჩეჩნური სახელი. მე ვიყავი ჩასული მარიამის კუთხეში, გავიცანი ადამიანები, მათი ტრადიციები, ძალიან საინტერესოდ ცხოვრობენ. ვიფიქრე კიდეც, ალექსანდრესაც ხომ არ მოვუფიქროთ მეორე ჩეჩნური სახელი-მეთქი... მარიამი ამზადებს იქაურ ტრადიციულ კერძს „გალანა“. სანამ მარის გავიცნობდი, წარმოდგენაც არ მქონდა ამ კერძზე. საოცარი საჭმელია. ხორცით მზადდება, მოხარშული მჭადია, ქისტურ ყველთან ერთად მზადდება. 

– ვინ გსტუმრობთ ყველაზე ხშირად?

ლევანი:

– დედები, მეგობრები. ოღონდ კითხულობენ, მოვიდნენ თუ არა, ალექსანდრე პატარაა და ძილის საათებს არკვევენ ხოლმე. მთავარი კითხვა მაინც ისაა, სახლში ვართ თუ არა. 

– ლევან, არბისთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

– არბი ძმაკაცია ჩემი, კაცია რაა, 14 წლის არის. 

– რა ინტერესები აქვს?

მარიამი:

– ჯერ გამოკვეთილი ინტერესები არ ჩანს. ფეხბურთზე დადის, კარგად თამაშობს და მოსწონს, მაგრამ ეს, მგონი, სტანდარტულია.

– ლევან, მსახიობობა თუ მოუნდება...

– არ მოუნდება და არც მოვანდომებ. დაუფასებელი და გულსატკენი პროფესიაა. ცხოვრებას ითხოვს, ყველაფერი უნდა მისცე, რომ ელემენტარული მიიღო. 

– მარიამი ამას არ აპროტესტებს?

– არა, ამ მხრივ, ძალიან გულისხმიერია მარი. წინასაპრემიერო დღეებში სადღეღამისო რეპეტიციები რომ გვეწყება, მარიამს საჭმელი მოაქვს ხოლმე ჩვენთვის. ამას წინათ რაღაც წამლები მოგვიტანა, შუშხუნა ტაბლეტებია და ენერგიაზე მოყავხარ. იცის, რომ ენერგეტიკულ სასმელებს არ ვსვამ და ეს გამოსავალი მოძებნა. ისე მოეწონათ ბიჭებს, პრემიერის წინაც მთხოვდნენ, დავლიოთ და გავიდეთ სცენაზეო (იცინის). 

– სამომავლო გეგმებზეც მითხარით... მეორე შვილის ყოლას ხომ არ გეგმავთ?

ლევანი:

– ვმუშაობთ მაგ კუთხით (იცინიან).

მარიამი:

– სურვილი გვაქვს, რომ გოგოც გვყავდეს... ვნახოთ.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი