დავით გიორგობიანი, ბერ ნიკოლოზს, დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს:
ბერ ნიკოლოზს, ვულოცავ დაბადების დღეს! მომიტევე მამაო, ვერაფრით გეხმარები და უფალმა მოგცეს სრული ძლევა, ხილულ და უხილავ მტრებზე და შენი ლოცვით, ჩვენც განვწმედილიყავით, რადგან ჩვენს მიერ შენი დახმარება, იმაში გამოიხატება, რომ ბრძოლაში ჩვენც გვქონდეს ძალა შენი დახმარებისა და მხოლოდ შენი სათრევი არ ვიყოთ და ჯვარს არ გიმძიმებდეთ.
სახარების შუქით გაცისკროვნებულებად თვლიდნენ თავს და მაინც არავინ აღირსა, მამა გაბრიელს, სიცოცხლეში სამღვდელო ხარისხში აღდგენა. მხოლოდ აღსრულების წინა დღეებში მიანიჭა მას პატრიარქმა არქიმანდრიტობა. მაშინ თუ სცდებოდნენ, ე. ი. არის კიდევ, ისეთი მდგომარეობა ეკლესიაში, როდესაც სალოსს ვერ უგებენ. ან შური აქვთ, ან სიმართლის და მისი ხმის ამოღების ეშინიათ, ან იქნებ, თვითონ სთქვან რაშია საქმე, რატომ დევნიან მდუმარე ბერს.
მღვდლობა წაართვეს, ოცი წელია არ დაუჩივლია, არ უმღვდელია მკალავიშვილივით. ფული, საპატრიარქოსთვის არასდროს უთხოვია და თავშესაფარი. არც მონასტრები შეუწუხებია, რადგან კარდაკარ სიარულზე და სალოსურ ცხოვრებაზე, აკურთხა მამა გაბრიელმა და ასევე მისი კურთხევით, მარხულობდა მძიმედ, როდესაც პატრიარქის მიერ, გამოსაცდელად მიწოდებული წვენი არ შესვა და ამით, არ დაარღვია წმინდა მოძღვრის, გაბრიელის კურთხევა. მავანნი, კი რეცეპტს უწერენ საპატრიარქოდან, ავადმყოფიაო, თუმცა კულისებში თავს იმართლებენ, ასე იმიტომ დავწერეთ, არ დაეჭირათ, როდესაც ჩაქუჩი იხმარაო.
მოკლედ, თქვენ არაფერი იცით და მაინც მართლმსაჯულების მანტიაშემოსილნი იგესლებით და ლამის დაახრჩოთ, მდუმარე ბერი ნიკოლოზი, რომელიც ათეული წლები სიცივეში, საწოლის გარეშე, ნახევრად მშიერი და დაუძლურებული სხეულით., ხოლო სულით ღვთისმოყვარე და ადამიანთათვის დღედაღამ მლოცველი, გავიმეტეთ და ლამის კლდიდან გადავჩეხოთ. რატომ, რისთვის, გიფიქრიათ? ორასზე მეტი ოჯახი, თბილისში და საქართველოს სხვადასხვა სოფელ-ქალაქებიდან, მზად არიან, საკუთარი სახლები დაუთმონ მას და ჩვენ გვწერენ, გვირეკავენ და გვემუდარებიან, თანხმობა სთქვას დევნილმა ბერმა, მაგრამ მას არ სურს.
თქვენ, მხოლოდ ადამიანური ლოგიკით ცდილობთ იმსჯელოთ და დასკვნები გამოიტანოთ. გიფიქრიათ, როგორია უფლის ნება და საერთოდ, რა დაუბარა და რა კურთხევა მისცა, მამა გაბრიელმა, თავის ერთადერთ მორჩილს? - წერს დავით გიორგობიანი.