მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერიტორისტულ ორგანიზაციებთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ ფეთჰულა გიულენს საერთოდ არ იცნობს

14:13 11-20-2017
94

საქალაქო სასამართლო დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერის საქმეზე მსჯელობს. სხდომის დაწყებისას სასამართლოს წინაშე ვრცელი სიტყვით ბრალდებული მუსტაფა ემრე ჩაბუქი გამოვიდა, რომელმაც ტერორიზმთან კავშირი უარყო და ლტოლვილის სტატუსის მინიჭება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

„არც საქართველოში, არც თურქეთში არასდროს მიტარებია იარაღი. თურქეთში სამწუხაროდ არასწორი ბრალდება წამიყენეს, რომ ვარ ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. არც იქ და არც აქ, კავშირი არ მქონია ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ფეთჰულა გიულენს საერთოდ არ ვიცნობ, არასდროს შემხვედრია. გიულენი დემირელის კოლეჯის არც დირექტორი, არც პატრონი, არც მეწილე და არც მისი დაფუძნებული არ არის. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, საქართველოც მიყვარს. თავს დამნაშავედ არ ვცნობ. არც ერთი თეთრი არ გადამირიცხავს რაიმე საეჭვო ორგანიზაციისთვის ან პიროვნებისთვის", - განაცხადა ბრალდებულმა.

დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე