ირაკლი კობახიძე ხვალ სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით, კონსულტაციებს გამართავს

21:23 11-22-2017
58

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ხვალ, სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით, კონსულტაციას გამართავს არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა. 

”მმართველი გუნდი არ იქცევა ისე, რომ ჯერ გადაწყვეტილება მიიღოს და შემდეგ ფორმალური შეხვედრები გამართოს. ხვალინდელი შეხვედრა არის გადაწყვეტილების ნაწილი. ჩვენ დამატებითი შიდა კონსულტაციები გვექნება და დარწმუნებული ვარ საუკეთესო კანდიდატურას ავარჩევთ. როდესაც საქმე ეხება სახალხო დამცველის კანდიდატურას, პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო, რომელსაც დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია, ირჩევს საუკეთესო პროფესიონალ ობიექტურ ადამიანს. მე ვფიქრობ, რომ ასეთს აუცილებლად შევარჩევთ”, - განაცხადა მდინარაძემ. 

 

ჟურნალისტის კითხვაზე არის თუ არა ასეთი მოქმედი სახალხო დამცველი, მდინარაძემ პასუხისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ”წარსულს თავი უნდა დავანებოთ და მომავალზე ვიფიქროთ”. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე