საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა დიდმოწამე გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაული წირვა-ლოცვა ჩატარდება.
საპატრიარქოს ინფორმაციით, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II წირვას ქაშუეთის ტაძარში, 10:00 საათზე დაიწყებს.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.