სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს - ირაკლი კობახიძე

15:21 11-23-2017
119

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამთავრობო ცცლილებებთან დაკაბშირებული პაკეტი პარლამენტში უკვე შესულია და მას საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით დაამტკიცებს. 

ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით პარლამენტი მხოლოდ სამთავრობო ცვლილებებს განიხილავს, ბიუჯეტის გადანაწილება და სხვა სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოგვიანებით მოხდება. 

„კანონპროექტი უკვე შემოტანილია და პარლამენტი მას სავარაუდოდ, მომდევნო სესიაზე განიხილავს. როგორც ვიცი, მოთხოვნა არის დაჩქარებული წესი და შესაძლებელია, რომ დაჩქარებული წესით განვიხილოთ ეს კანონპროექტი.  ამ ეტაპზე განიხილება უშუალოდ, რეორგანიზაციის საკითხი, კერძოდ, სამინისტროების რაოდენობისა და დასახელებების შეცვლის საკითხი, ამაზე იმსჯელებს საქართველოს პარლამენტი. რაც შეეხება დანარჩენს-რეორგანიზაციას, ეს არის მთავრობის საქმე, შესაბამისი სამინისტროების საქმე და შესაბამისი ცვლილებები აისახება უკვე მოგვიანებით ბიუჯეტის კანონის პროექტში, უფრო სწორად, ცვლილებებში, რომლებიც უნდა შევიდეს ბიუჯეტში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა მხოლოდ ძირითადი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ გახდება შესაძლებელი.

„ჯერჯერობით რეორგანიზაცია ბიუჯეტის კანონის პროექტში ასახული ვერ იქნება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამტკიცდება ძირითადი კანონპროექტი, შესაძლებელი გახდება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე