სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, შეიძლება შედგეს განხილვები სხვადასხვა ფორმატში - ირაკლი კობახიძე

16:05 11-23-2017
109

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, რამდენად იქნება საჭირო სპეცოპერაციის განსახილველად საპარლამენტო ფორმატის გამოყენება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა და გუშინ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა. 

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, შეიძლება შედგეს განხილვები სხვადასხვა ფორმატში. ჩვენ ველოდებით კონკრეტულ ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებისგან, ეს არის მათი პრეროგატივა. დეტალებთან დაკავშირებით ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას და ამის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, თუ რამდენად იქნება საჭირო მათ შორის საპარლამენტო ფორმატის გამოყენება ამ საკითხის განსახილველად. კითხვები არსებობს, ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს და ეს არის ბუნებრივი. პირველ რიგში სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა მოგვაწოდონ დაზუსტებული ინფორმაცია ამ ოპერაციასთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე გადაწყდეს, უნდა გაგრძელდეს თუ არა განხილვები და რა ფორმატში“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად გამართლებული იყო სპეცოპერაციის ჩატარება მჭიდროდ დასახელებულ პუნქტში, კობახიძემ აღნიშნა, რომ ის ამ საქმის ექსპერტი არ არის და კონკრეტულად ვერ ისაუბრებს.

„გამოდიან ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ იბრალებენ ექსპერტობას ამ სფეროში. ყველას ვურჩევდი, რომ ასეთი შეფასებებისგან თავი შეიკავონ. ეს საკითხი უნდა შეფასდეს იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება ამ კუთხით. პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ ინფორმაციას სამართალდამცველი ორგანოებიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე