ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის ბიუჯეტი 305 მილიონი ლარით იზრდება, ეს ლარის კურსზე არ იმოქმედებს.
ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საკითხს განიხილავენ.
"თანხის ათვისება 2018 წლიდან დაიწყება. შესაბამისად, წელს ეს თანხა ვერ იმოქმედებს ლარის კურსზე. დაგეგმილი ინფლაციის დონეზე ნამდვილად არ ექნება გავლენა. ამ თანხების დიდი ნაწილი გათავისუფლდება 2018 წლის ბიუჯეტიდან. საბოლოო ჯამში, 2018 წელს დეფიციტის მაჩვენებელი არ გვეცვლება, პირიქით, ვამცირებთ; 3.4%–ია ახლა წარმოდგენილ ვარიანტში. მომდევნო წლის განმავლობაში დეფიციტის მაჩვენებელი შეადგენს 3%–ს. შესაბამისად, ამას უარყოფითი გავლენა ვერ ექნება ინფლაციის დონეზე და მაჩვენებელზე.", – განაცხადა კაკაურიძემ.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით გაზრდა ასევე ვერ იმოქმედებს დაგეგმილი ინფლაციის დონეზეც.