„სამარცხვინოა ნამდვილად რომ პროფესიონალებმა და თან ქართველებმა 12 ქულა სწორედ რუსეთისთვის გაიმეტეს“ - exclusive

00:38 11-27-2017
6227

რამდენიმე საათის წინ საბავშვო ევროვიზია დასრულდა. გამარჯვება რუსმა კონკურსანტმა მოიპოვა. მას ქართველი კონკურსანტი, გრიგოლ ყიფშიძე მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილის მფლობელი გახდა. როგორც თავად ნახეთ, უმაღლესი ქულა ქართულმა ჟიურიმ სწორედ რუს მონაწილეს დაუწერა.

ამ ფაქტმა ქართველი მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია. რომ არა ქართული ჟიურის უმაღლესი შეფასება რუსი კონკურსანტის მიმართ, გრიგოლი უპირობოდ გახდებოდა გამარჯვებული.

„პრაიმტაიმი“ იმყოფებოდა საბავშვო ევროვიზიაზე, თუმცა კონკურსის დასულების შემდეგ ჟიურის წევრები არსად გამოჩენილან. ქართული ჯიურის შემადგენლობაში იყვნენ: მომღერალი სოფო გელოვანი, კომპოზიტორი ზაზა წურწუმია, „ბასტი ბუბუს“ ხელმძღვანელი თამარ სხვიტარიძე.

ჩვენ გრიგოლ ყიფშიძის პედაგოგს, ევროვიზიის მუსიკალურ პროდიუსერს და საკონკურსო სიმღერის ავტორს, გიგა კუხიანიძეს დავუკავშირდით.

- ჩემი აზრით არ იმსახურებდა რუსეთი 12 ქულას, იმიტომ კი არა, რომ ბანძი ქვეყანაა, არ იყო ის ბავშვი 12 ქულის ღირსი, უკეთესი მონაწილეები იყვნენ... რაც შეეხება გრიგოლს, მასზე თავიდანვე იწერებოდა კარგი რეცენზიები, ჟურნალისტებისგან, კრიტიკოსებისგან, მე ვარ ამაყი, რომ კიდევ შევძელით წარმოგვეჩინა ქართველებს თავი ევროპის მასშტაბით. ეს იგივე გამარჯვებაა. 

- გიგა, შენ რომ ყოფილიყავი ჟიურიში, ვის მისცემდი ხმას?

- მე როგორც ევროვიზიის მუსიკალური პროდიუსერი, სწორედ ისე ვუყურებ კონკურს, როგორც უნდა უყურებდეს ჟიური. გრიგოლს თუ გამოვრიცხავთ, ჩემს ხმას მივცემდი უკრაინელ ბავშვს, ძალიან კარგი იყო ვიზუალურადაც და პოზიტიური იყო. მომეწონა სასომხეთიც, ქარიზმა ჰქონდა და სცენაზეც მუშაობდა. რუსეთის წარმომადგენელს ვერ მივცემდი ნამდვილად ხმას, იმიტომ რომ არც ბავშვს ჰგავდა, ყვიროდა, გაჰკიოდა, სამარცხვინოა ნამდვილად რომ პროფესიონალებმა და თან ქართველებმა 12 ქულა სწორედ მისთვის გაიმეტეს.

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი