28 ნოემბრიდან საშობაო მარხვა იწყება - “ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად”

14:17 11-27-2017
183
თეგები: შობამარხვა

28 ნოემბრიდან, მართლმადიდებელ ეკლესიაში შობის მარხვა იწყება და იგი ქრისტეს შობამდე, ძვ.ს. 25დეკემბრამდე (ახ.სტილით 7იანვარი) გრძელდება. საშობაო მარხვა, უძველესი დროიდანაა დადგენილი და მორწმუნეები მას, პირველივე საუკუნიდან იცავენ. სხვადასხვა ეპოქაში, ამ მარხვას, განსხვავებული დღეთა რაოდენობა ჰქონდა; 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე კი, მისი ხანგრძლივობა, 40 დღით განისაზღვრა.

წმინდა სვიმეონ თესალონიკელის სიტყვებით: „შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისგან ქვის ორი ფიქალი მიიღო, რაზეც ამოტვიფრული იყო უფლის სიტყვები. ჩვენ კი ორმოცი დღის მარხვის შემდეგ, ვიხილავთ და ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისგან ვღებულობთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული,  ხორციელად შობილია და ვეზიარებით მის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს“.

საშობაო მარხვა, დაწესებულია, ქრისტეშობის დღესასწაულისთვის სათანადოდ მოსამზადებლად. თითოეულმა ჩვენგანმა მარხვით, ლოცვით, სინანულით, თავმდაბლობითა და კეთილ საქმეთა აღსრულებით უნდა განვიწმინდოთ სული  და შევეგებოთ ძე ღვთისას განკაცებას.

საშობაო მარხვა, 25 დეკემბრამდე, ხსნილია თევზით. ყოველწლიურად, მისი უწმინდესობა, ილია მეორე, ახსნილებს, 1-2 იანვარსაც. 

ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. “როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, – წერს წმიდანი, – ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ”.

წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმიდის მადლით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით, ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.

“რა არის მარხვა, თუ არა გვირგვინი გმირობისა, საფუძველი ჯილდოსი და გზა ცხოვნებისა? მარხვით ვიხსნებით მონობისაგან და თავისუფლებას ვიხვეჭთ, მამულს ვუბრუნდებით უცხო ქვეყანაში დატყვევებულნი, მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს და აახლებს ცოდვით გახრწნილ სულს. იგი განამტკიცებს გონებას, შთაგვაგონებს ღვთის შიშს, ანადგურებს ვნებებს, ათვინიერებს ზრახვებს.

მარხვის ჟამს ცხრებიან ვნებანი, აღსდგებიან სათნოებანი, უმეტესი სიწმიდით ელვარებს უბიწოება, ხორცი მორჩილ ხდება სულისა და მას ემსახურება.

სიხარულით შეუდექი მარხვას და ნუ ემსგავსები იმ თვალთმაქცთ, რომელნიც კაცთა სახილველად დაღვრემილი სახით დადიან. ამ მწუხარების გამო ისინი ვერ იღებენ იმ ჯილდოს, მარხვის გამო რომ ეძლევა ადამიანს. მაცხოვარი ბრძანებს: “ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად” (მათე 6, 17-18),”- წმ. იოანე ოქროპირი.

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე