როგორ შევიმოსოთ ახალი წლის ღამეს და როგორ გავაწყოთ სადღესასწაულო სუფრა – დიზაინერების რჩევები - exclusive

15:35 11-27-2017
6286

წინასაახალწლო სამზადისი მხოლოდ სადღესასწაულო სუფრას არ უკავშირდება. ქალბატონები ცდილობენ, მაქსიმალურად ლამაზად, გემოვნებით და ამავდროულად მოდურად ჩაიცვან ახალი წლის ღამეს და შესაბამისად მორთონ სადღესასწაულო სუფრაც. როგორ შევხვდეთ ახალ წელს, რა ფერის სამოსი მოვირგოთ, როგორი ფეხსაცმელი და აქსესუარი შევარჩიოთ, როგორ გადავწყვიტოთ ახალი წლის სუფრა და ზოგადად, რა არის ტრენდული 2018 წლიდან. ამ კითხვებით ქართველ დიზაინერებს მივმართეთ. 

თამუნა ინგოროყვა:

– ეს დღესასწაული პომპეზურობით გამოირჩევა და პომპეზურად უნდა შევხვდეთ ჩვენც. ტენდენციები ემთხვევა ხოლმე ასტროლოგების რჩევებს. წელს მოდურია ყვითელი, წითელი ფერი, პასტელური ტონები. მე პირადად არ ვაქცევ ყურადღებას რჩევებს. ჩემი ინტუიციით ვიცვამ და სუფრასაც, ასევე, ინტუიციით ვშლი. გაუგებარია ჩემთვის რჩევები, რომ მაინცდამაინც ეს ან ის უნდა დავდოთ მაგიდაზე, ჩავიკუზოთ თუ შემოვურბინოთ მაგიდას გარშემო (იცინის). ვფიქრობ, ყველა ადამიანი ინტუიციის მიხედით უნდა შეხვდეს ახალ წელს.

– თქვენი ინტუიცია რას გკარნახობთ, როგორ უნდა შეხვდეთ ყვითელი ძაღლის წელს?

– მე ახალ წელს არასდროს არ ვხვდები თბილისში. ყოველთვის მივდივარ სათხილამუროდ ოჯახთან ერთად. ჩვეულებრივი ოჯახური ვახშამი გვაქვს ხოლმე ახალი წლის ღამეს. არასდროს ვარ პომპეზურად გამოპრანჭული ამ დღეს, თუმცა ეს დღესასწაული მიყვარს. ვცდილობ, თბილად და კომფორტულად მეცვას, რომ გემრიელად გავატარო ეს ღამე. 

– რას ურჩევთ მათ, ვინც სადღესასწაულო ვახშამზე მიდის, როგორ ჩაიცვან, რა არის ტრენდული?

– რაც შეიძლება მეტი ბრჭყვიალება უნდა იყოს კაბებში, აქტუალურია ყვითელი ფერი, წითელი. 

– ფეხსაცმელშიც შეიძლება შევიტანოთ ეს ფერები?

– რა თქმა უნდა, შეიძლება ბრჭყვიალა ფეხსაცმელიც. მაგალითად, ამ სეზონზე ჩემს მომხმარებელს, ვერცხლისფერი და ლურჯი ფეხსაცმელი შევთავაზე. 

– რაც შეეხება აქსესუარებს?

– მე არ მიყვარს აქსესუარები და არც ვაკეთებ. ზოგადად, ვაკვირდები, რომ აქტუალურია გრძელი და ბრჭყვიალა საყურეები, მაგრამ მე არ მომწონს. სადა აქსესუარების მიმდევარი ვარ და ვფიქრობ, რაც უფრო დელიკატურად ხარ ჩაცმული, უფრო გემოვნებიანი ხარ. ზოგადად, ეს გემოვნების საკითხია და ძალიან პირადი, ვის რა სიამოვნებს. 

დათუნა სულიკაშვილი:

– ახალი წლის ღამეს აუცილებლად უნდა გვეცვას ყვითელი, წითელი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, ყველა ის ფერი, რაც იმედია მომავლის და სიმბოლო სიკეთის. ეს ფერები დადებითი სიმბოლოების მატარებელია. 

– სტილი?

– ქალურობა და სწორი ხაზები შევინარჩუნოთ. მეტი თავისუფლება ქვედაბოლოში. შარვალი მამაკაცური სტილის, ოღონდ წელი აუცილებლად დაფიქსირებული.

– აქსესუარები?

– დიდი ზომის, არაორდინარული სამკაულებია წელს მოდური... რაც შეეხება მთელი წლის ტენდენციებს, ლურჯი, ყვითელი და „ბეჟი“ ფერებია დომინანტი. 

მარიკა მოდებაძე:

– წინასაახალწლოდ და საერთოდ მომავალი წლისთვის (ყვითელი ძაღლი) იცვლება ფერები, აქტუალურია რიჟა ფერები, განსაკუთრებით ნატურალურ ტყავებზე (ქამრებზე, ფეხსაცმელზე) იისფერის მუქი ტონები, ლაჟვარდოვანი ცისფერი,  ოქროსფერი. აქტუალურია ნაქსოვი „გამაშები“ თუნდაც წვრილ ქუსლზე. 

მინდა თქვენს მკითხველს ვუთხრა, არ დაიშუროთ თანხა იმისთვის, რომ ახალ წელს სასიამოვნოდ გამოიყურებოდეთ, რადგან სულ ასე გაგრძელდება, ბედნიერად.

– როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა?

– სადღესასწაულო სუფრა აუცილებლად ოქროსფერში უნდა იყოს ზოგადადაც და განსაკუთრებით ახლა, „ყვითელი ძაღლის პატივსაცემად. გამჭვირვალე ოქროსფერი ან მოყვითალო საფარი და სანთლები. მდიდრული სუფრა არ არის აუცილებელი, რადგან ძაღლი ძალიან ეკონომიურია. ძირითადად ხორცეულით დატვირთული, გავითვალისწინოთ ძაღლის სიფხიზლე და მცირე დოზით გვქონდეს ალკოჰოლური სასმელი, აუცილებელია წყალი. 

მთავარი არასოდეს დაგვავიწყდეს თვითონ გამოვიყურებოდეთ ოქროს ფერში და დიდი პატივით შევხვდეთ ამ წელს, ძაღლი ძალიან ერთგულია და მგრძნობიარე, მთელი წელი წარმატებული გვექნება. ბედნიერ წელს ვუსურვებ სრულიად საქართველოს.

თინათინ მაღალაშვილი:

–  2017-18 წლის მოდის ტენდენციები, ისევე როგორც გასული წლის ტენდენციები, გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი სტილითა და ფერთა გამით. ხშირად ვიმეორებთ, რომ 21-ე საუკუნეში მოდა დემოკრატიულია და პრაქტიკული, ანუ მოდა არ არის დომინანტი ყოველდღიურ ცხოვრებაში, პირიქით, ყოველდღიურობა გახდა დომინანტი მოდაში, ამიტომ ვხვდებით ძირითადად სპორტულ სტილს, რომელიც მორგებულია ჩვენი ცხოვრების რიტმსა და რეჟიმს, თუმცა კლასიკური სტილი შენარჩუნებულია და შეხამებული სპორტულ სტილთან. 

თუმცა ყოველ წელს აქვს თავისი აქტუალური ფერები და არც 2017-18 სეზონია გამონაკლისი.

ამ სეზონის ყველაზე აქტუალური ფერი არის წითელი, თუმცა წითელი ყოველთვის მოდური ფერია, რადგან არის ყველაზე იმპულსური და სექსუალური ფერი და თანაბრად იხდენს ყველა ქალბატონი, განურჩევლად კანის ფერისა. ასევე, აქტუალურია ყვითელი ფერი და მისი სხვადასხვა ტონალობები... თუმცა, ყვითელი საკმაოდ პრეტენზიული ფერია და ვისაც არ უხდება ეს ფერი, მაინცდამაინც არ ვურჩევ მოდას აყოლას. ოქროსფერი და, ზოგადად, ბრჭყვიალა, ასევე, ამ სეზონის ტრენდია. 

ყვავილების თემა რამდენიმე სეზონია, არ თმობს პოდიუმს და თუ ადრე ის მხოლოდ ზაფხულის კოლექციებში გვხვდებოდა, ახლა ზამთრის კოლექციებსაც ამშვენებს, პრინტის, აპლიკაციის თუ ნაქარგის სახით გვხვდება.

 ხავერდი – ამ სეზონის ტრენდი. თუმცა ხავერდი ხშირად ბრუნდება მოდაში და ვინტაჟურ იერს აძლევს სხვადასხვა კოლექციებს. ფაქტურები გვხვდება მსუბუქი, რაც ხაზს უსვამს ქალურ სილუეტს. სილუეტი გვხვდება როგორც ტანზე მომდგარი, ქალური, ასევე თავისუფალი, რაც კვლავ ადასტურებს არჩევანის თავისუფლების არსებობას დღევანდელ მოდის ტენდენციებში. ბეწვი და ტყავი კვლავ აქტუალურია.

– როგორ გამოვეწყოთ ახალი წლის ღამეს?

 – რაც შეეხება ახალი წლის სამოსს, როგორც ასტროლოგები გვირჩევენ, ყვითელი ძაღლის წელიწადი არის ოჯახური იდილიის წელიწადი, ამიტომ გვირჩევენ, შევხვდეთ ოჯახურ გარემოში ან მეგობრების წრეში, მყუდრო გარემოში და სამოსიც უნდა იყოს შესაბამისი, თუ როგორ გარემოში ვხვდებით ახალ წელს.   

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი