საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განიხილვა დღეს კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან გაიმართა.
განხილვის დაწყებამდე, დამსწრეებმა ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
„გამოცხადებულია გლოვის დღე. ბათუმში, ხანძრის შედეგად, დაიღუპნენ ადამიანები, ასევე, სპეცოპერაციის ჩატარების დროს დაიღუპა ჩვენი სპეცრაზმელი და მინდა, რომ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა კონსტიტუციური ორგანო იყო მოწვეული, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ჩათვლით, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მათ მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
„ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურის ფარგლებში და ბუნებრივია, ამ პროცედურის მიმართ ასეთი დამოკიდებულების გამომჟღავნება არის ჩვენთვის სრულიად მიუღებელი",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვენეციის კომისიასთან მიღწეულ შეთანხმებას ეფუძნება და საუბარია ხუთ ძირითად ცვლილებაზე. ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებს ცვლილებები და მათი შინაარსი გააცნო.
მისი თქმით, ერთ-ერთი ცვლილება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებებთან დაკავშირებულ მუხლს ეხება და ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაში მოდის ევროკონვენციის ტექსტთან.
„ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო ჩარევის საფუძვლების განვრცობა ევროკონვენციის შესაბამისად და შეიცვალა ეს ჩანაწერი. პირველი ცვლილება ეხება მე-16 მუხლს, მეორე პუნქტში შედის შესაბამისი შესწორება, და ახალი რედაქცია ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით,"- განმარტა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ცვლილება შეეხო საარჩევნო სისტემასაც. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ბონუსის სისტემის გაუქმებას ითვალისწინებდა.
„პირველ რეკომენდაციაში ვენეციის კომისიამ მოგვიწოდა, რომ შეგვესწორებინა, დაგვეკორექტირებინა ბონუსის სისტემა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ზღვრები დავუწესეთ ბონუსს, თუმცა, ამის შემდეგ, ვენეციის კომისიამ შეცვალა თავისი რეკომენდაციის შინაარსი და გვთხოვა ბონუსის მთლიანად ამოღება. ანუ, განსხვავებული იყო პირველი და მეორე რეკომენდაციები და ჩვენ ვმოქმედებთ ახლა მეორე რეკომენდაციის შესაბამისად, მთლიანად უქმდება ბონუსის სისტემა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, იცვლება ფორმულირება მანდატებთან დაკავშირებით. „ახალ რედაქციაში აღინიშნება, რომ მანდატების დასადგენად მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5% მაინც მიიღეს. ამ ახალი ფორმულირებით მინიმუმამდე დადის გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელის თქმით, შემდეგი ცვლილება პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება და საუბარია ტერმინოლოგიურ ცვლილებაზე - ტერმინი „ხმოსანი" იცვლება „საარჩევნო კოლეგიის წევრით".
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს, ირაკლი კობახიძის თქმით, დამტკიცებულ რედაქციაში აღნიშნულია, რომ „დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული". პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისიამ ვადის გაზრდა მოითხოვა და შესაბამისად, 1 წლის მაგივრად, 15 თვე ჩაიწერება.
კიდევ ერთი ცვლილება საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დატოვებას გულისხმობს.
„პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 %-ს მაინც. ანუ, დაემატა ბლოკი, ერთჯერადად და შემდეგ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე, მათ საარჩევნო ბლოკებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის წევრთა და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრმა, ექსპერტმა თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმჯობესია, ახალ რედაქციაში ჩაიწეროს ტერმინი „საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგია". ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ არიან ისეთი თანამდებობის პირები, რომლებსაც აქვთ იმუნიტეტი, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციაში არ არიან მოხსენიებულნი, როგორც იმუნიტეტის მქონე პირები, რაც, თენგიზ შარმანაშვილის აზრით, დაუშვებელია.
„პირადად მე არ მინდა, რომ ის წრე გაიზარდოს რაც კონსტიტუციაშია, მაგრამ თუ ჩანაწერი არ გაკეთდა, არ შეიძლება რომელიმე ჩვეულებრივი კანონით დადგინდეს, ეს იქნება ძალიან ისეთი არათანამიმდევრული მიდგომა ამ საკითხისადმი, რომელსაც აქვს დიდი მნიშვნელობა. ერთი მაგალითიც მოიყვანეს ჩვენმა კოლეგებმა - პერსონალური მონაცემების ინსპექტორის იმუნიტეტი მის კანონშია აღნიშნული და ზუსტად ისეთივე იმუნიტეტით სარგებლობს, როგორც კონსტიტუციაში მოხსენიებული პირები, რაც ჩემი აზრით არასწორია",- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. მისი მოსაზრება გაიზიარა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „იმუნიტეტის განსაზღვრა ჩვეულებრივი კანონით აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკაა" და იმუნიტეტი მხოლოდ კონსტიტუციით წესდება.
საქართველოს პარლამენტის წევრს, სალომე ზურაბიშვილის, კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების ამოღება უცნაურად ეჩვენება.
„მესმის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, ტექსტი იყოს რაც შეიძლება ახლოს ევროპის კონვენციასთან, მაგრამ ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაკუთრებულ პირობებში",- აღნიშნა დეპუტატმა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე, ისაუბრა საქართველოს ორგანულ კანონზე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" .
პარლამენტის წევრის შეკითხვებს ირაკლი კობახიძემ უპასუხა და განმარტა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ექსპერტებთან სერიოზული მსჯელობა გაიმართა.
„ექსპერტების დონეზე როცა განვიხილავდით, მათ მხარი დაუჭირეს ზოგადად იმ იდეას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებაც შეიძლება იყოს ჩარევის საფუძველი. ამაზე შევჯერდით ვენეციის კომისიის კონკრეტულ ექსპერტებთან, ანუ, ვენეციის კომისიის სახელით, ისინი, ბუნებრივია, არ საუბრობდნენ, თუმცა, ექსპერტები ამაში მხარს გვიჭერდნენ. კერძოდ, საუბარი გვქონდა არგუმენტებზე, მათ შორის, ქართულ გამოცდილებაზე, მაგრამ, ამის მერე, როცა გვქონდა საუბარი საბოლოოდ ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, გენერალურ მდივანთან, იქ მაინც გვთხოვეს, რომ კონვენციით გვეხელმძღვანელა და კონვენციასთან მიმართებით გაგვესწორებინა ტექსტი. მათი რჩევა იყო, რომ კონვენციის ტექსტთან შესაბამისობაში მოგვეყვანა ჩვენი ტექსტი. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული საფრთხე იქმნებოდა, ამ შემთხვევაში, მათ გვირჩიეს, რომ დავყრდნობოდით საზოგადოებრივი უსაფრთხოების ელემენტს",- განმარტა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით, პრინციპი, რომ ამ კუთხით კონსტიტუცია უფრო ლიბერალური უნდა გახდეს -დამტკიცებულია.
„დავამტკიცეთ პრინციპი, რომ ამ კუთხით კონსტიტუცია უნდა გახდეს უფრო ლიბერალური, უფრო მეტად უნდა გაითვალისწინოს განსაკუთრებით ჩვენი დიასპორის ინტერესები. ყველაზე ადრე, ეს კონსტიტუცია ძალაში შევა აპრილის შუა რიცხვებში და ამის შემდეგ, უნდა დაიწყოს მუშაობა ორგანულ კანონზე. ამის საფუძველზე უკვე უნდა შევიდეს ცვლილებები მოქალაქეობის შესახებ კანონში. გვაქვს რამდენიმეთვიანი პერიოდი. თუ ეს რამდენიმეთვიანი პერიოდიც მნიშვნელოვანია, შეგვიძლია, გარდამავალ დებულებებს დავამატოთ დათქმა, რომლის მიხედვითაც ეს ნორმა ამოქმედდება უფრო ადრე, ვიდრე დანარჩენი ნორმები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის განცხადებით, ვადებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება დადებითად შეაფასა. ზაზა თავაძემ პრეზიდენტის არჩევის წესზე ისაუბრა. მისი შეფასებით, უმჯობესია, წესი დაიხვეწოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კითხვას უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მსჯელობისას, სერიოზული დისკუსია გაიმართა.
„თავიდან იყო შემოთავაზებული საპარლამენტო არჩევის წესი. თუმცა, საპარლამენტო არჩევის წესთან დაკავშირებით იყო გარკვეული კრიტიკა გამოთქმული და ეს დაკავშირებული იყო არსებულ კონტექსტთან, კერძოდ, ერთი, რომ მაშინ ჯერ არ იყო განსაზღვრული ამოქმედების ვადა, როდიდან შევიდოდა ძალაში პრეზიდენტის ახალი არჩევის წესი, იქნებოდა ეს მომავალ წელს, თუ რამდენიმე წლის შემდეგ -ეს იყო ერთი საკითხი და მეორე, დაკავშირებული იყო პარლამენტის არჩევის წესთანაც. ანუ, ჯერ ტარდებოდა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები და შემდეგ ტარდებოდა პირველი პროპორციული არჩევნები პარლამენტის. ამაზე იყო საუბარი, რომ დაუბალანსებელი იქნებოდა, სავარაუდოდ, შემდეგი პარლამენტი და ასეთი პარლამენტის მიერ არჩეული იქნებოდა კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების გამომხატველი. ეს იყო შენიშვნის არსი. დღეს ეს ვითარება შეცვლილია. ვადები შევცვალეთ, პირველი საპრეზიდენტო არჩევნები არაპირდაპირი წესით ჩატარდება მას შემდეგ, რაც უკვე არჩეული იქნება პროპორციული წესით პარლამენტი, ამიტომ, ეს კონტექსტი შეცვლილია. ალბათ, ახლა რომ დაგვეწყო ამ საკითხის განხილვა, უფრო მეტად გადავიხრებოდით საპარლამენტო წესისკენ, რაც არის იურიდიულად ბევრად უფრო გამართული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროცედურა მასაც ხარვეზიანად მიაჩნია.
„არის არაერთი საკითხი. მთავარი საკითხი არის მაინც ის, რომ ჩვენ ადმინისტრაციული დონის არჩევნებს ვიყენებთ პოლიტიკური არჩევნებისთვის. გარდა ამისა, ხაზს იმასაც გავუსვამდი, რომ წინა განხილვაზეც დაისვა ეს საკითხი, იურიდიულად იყო თუ არა გამართული ეს პროცედურა. ნეგატიური პოლიტიკური ეფექტი უკვე სახეზეა - როდესაც წარვმართეთ საყოველთაო-სახალხო განხილვა, იქ გამოჩნდა, რომ ამ სისტემის მთლიანად გაკრიტიკების საფუძველი მივეცით. საუბარი იყო იმაზე, რომ „ვიღაც სამასი კაცი" ირჩევს პრეზიდენტს. ანუ საბაბი მიეცათ ოპონენტებს იმისთვის, რომ ეს წესი გააკრიტიკონ. როგორც კი პრეზიდენტის არჩევის მომენტში დაისმება ლეგიტიმაციის საკითხი, „ვიღაც სამასი კაცი" ვინ არის და აქაც არსებითი პრობლემა დაკავშირებულია თვითმმართველობასთან, თუ რატომ არიან ისინი ჩართული ამ პროცესში, როცა ეს ადმინისტრაციული დონეა, იქ უკვე მეტი პრობლემა შეიძლება შეიქმნას. აქ არის დილემა ასეთი - ერთი, რომ მაქსიმალურად ვერიდებით ცვლილებების შეტანას უკვე დამტკიცებულ დოკუმენტში, თუმცა, მეორე მხარეს დგას სხვა რამე, მეორე მხარეს დგას პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ინტერესი და ამ შემთხვევაში, უმჯობესია, რომ არც საბაბი და არც საფუძველი არავის დავუტოვოთ იმის თქმის, რომ პრეზიდენტი არის არჩეული „შედარებით გაუგებარი" ინსტიტუტის მიერ. რა თქმა უნდა, საპარლამენტო წესი არის კითხვის ნიშნების გარეშე, მთლიანად, პარლამენტი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, ხალხის მიერ არჩეული, მკაფიო სტატუსის მქონე ორგანო და პროპორციებიც არის შესაბამისად დაცული. შეგვიძლია, განვავრცოთ ამასთან დაკავშირებით მსჯელობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მსჯელობა ორპალატიან საპარლამენტო სისტემასაც შეეხო. ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, რეგიონული პრინციპით ზედა პალატის არჩევა საკამათოა.
„ორპალატიანს რაც შეეხება, აქ ჩვენი არგუმენტი იყო ის, რომ იმ პირობებში, როდესაც, არის ორი რეგიონი ოკუპირებული, პრობლემებთან არის დაკავშირებული რა თქმა უნდა ზედა პალატის არჩევა. არის სხვადასხვა პრინციპით შექმნილი ზედა პალატები, მაგრამ ჩვენი ტიპის ქვეყნებში, ზედა პალატები იქმნება რეგიონების ინტერესების დასაცავად და რეგიონული წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად.
იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებულია ორი რეგიონი, რამდენად სწორია რეგიონული პრინციპით ზედა პალატის არჩევა, არის ძალიან საკამათო. ანუ არის ორი პრობლემა. პოლიტიკური წარმომადგენლობა რეგიონების, როცა ორი რეგიონი ოკუპირებულია და მეორე - სხვა დანარჩენ ტერიტორიებზე რეგიონები საერთოდ არ გვაქვს გარდა აჭარისა.
ერთადერთი რეგიონი, სადაც შესაძლებელია პოლიტიკური არჩევნების ჩატარება, არის აჭარა და ამ პირობებში რეგიონული წარმომადგენლობა და ზედა პალატის შექმნა, რამდენად შეიძლება იყოს სწორი, ეს თემა შეიძლება გახდეს დავის საგანი.
გარდა ამისა, ამ შემთხვევაში, მთლიანად უნდა შეცვალო კონსტიტუციის შინაარსი",- განმარტა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.