გიგი წერეთელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

19:25 11-27-2017
99

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი კოპენჰაგენში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას დაესწრო და კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა. 

გამოსვლაში გიგი წერეთელმა იმ გამოწვევებზე ილაპარაკა, როგორიცაა პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის ზრდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოსაზრებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რადიკალიზმის, ტერორიზმის, კიბერშეტევების, მიგრაციის და ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამ გამოწვევების მოსაგვარებლად ეუთოს სრულად აღჭურვის უზრუნველყოფა, ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების დაცვა და კონფლიქტების მოგვარების საკითხში საპარლამენტო როლის გაძლიერება იქნება", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

წერეთელმა ასევე ილაპარაკა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  და აღნიშნა, ამ ზონებში, დღესაც ტრაგიკულად იღუპებიან ადამიანები და საპარლამენტო ასამბლეების მთავარი ფოკუსი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იყოს მიმართული.

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად 8 ნოემბერს აირჩიეს.