პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო წარმოადგენს ევროკავშირის ერთ-ერთ უძლიერეს რეგიონულ მოკავშირესა და უმთავრეს პარტნიორს უსაფრთხოების დარგში.
როგორც პრემიერმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ ფაქტს ადასტურებს ევროკავშირის გლობალური ფორუმი და უსაფრთხოების სტრატეგია.
"საქართველოს მთავრობის მიზანია განვითარების სტრატეგია, რომელიც ემსახურება არა მარტო მის კერძო, არამედ რეგიონულ და გლობალურ მიზნებს. ამ წლის დასაწყისიდან ინტენსიურად მიმდინარეობს ქვეყნის სივრცითი განვითარების პროექტი. ეს, მომავალ წლებში, ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს გაზრდის. ამავდროულად, ვატარებთ საბაჟო რეფორმას შესაბამისი პროცედურების დაჩქარებისა და მათი ეფექტურობის გაზრდის მიზნით. საქართველოს მთავრობა განუწყვეტლივ ახორციელებს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს, რათა გააუმჯობესოს ეკონომიკური თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს მეტი ეკონომიკური შესაძლებლობის გაჩენას. ეფექტური საჯარო სამსახურის, კორუფციისგან თავისუფალი ხელისუფლებისა და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს მეშვეობით, ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემოს შექმნა შევძელით", - განაცხადა პმრეირმა.
მისი თქმით, პროგრესის მასშტაბების აღიარება ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში.
"მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ანგარიშის თანახმად, საქართველომ სულ ახლახან გადაინაცვლა მე-9 ადგილზე მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის (გაუმჯობესება 7 ადგილით). Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის თანახმად, საქართველო არის მე-8 ადგილზე მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების კუთხით 159 ქვეყანას შორის. ბოლო წლებში "საერთაშორისო გამჭვირვალობაც" აღიარებს საქართველოს, როგორც რეგიონში კორუფციასთან ბრძოლის ლიდერს.
ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ ყოვლისმომცველი რეფორმების პაკეტი, რომელიც მოიცავს ძირითად სტრუქტურულ შეთავაზებებს. შემდეგი ეტაპი გულისხმობს ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას და ბიზნეს შესაძლებლობებზე ინკლუზიურ ხელმისაწვდომობას, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა - ზრდაზე ორიენტირებული რეფორმები, მმართველობის რეფორმა, სივრცითი მოწყობის რეფორმა და განათლების სისტემის რეფორმა.
ჩვენი ზრდაზე ორიენტირებული რეფორმები გულისხმობს მნიშვნელოვან სტრუქტურულ რეფორმებს:
საგადასახადო რეფორმა - ეს ინიციატივა გულისხმობს მოგების დაბეგვრის ახალ მოდელს - დივიდენდებად გაუნაწილებელი მოგების გათავისუფლება გადასახადებისგან. ეს მოდელი ძალაში შევიდა ამ წლის წლის იანვარში და მისი მიზანია დანაზოგებისა და ინვესტიციების წახალისება, წარმოების გაფართოება და მოდერნიზაცია, ასევე კერძო სექტორში, კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესებში, ლიკვიდურობის წახალისება", - აღნიშნა პრემიერმა.