პენსიებისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა გააუმჯობესებს წვდომას გრძელვადიან ფინანსურ რესურსებზე - პრემიერი

15:02 11-29-2017
109

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პენსიებისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა - ეს რეფორმა შექმნის დანაზოგების ახალ სისტემას და გააუმჯობესებს წვდომას გრძელვადიან ფინანსურ რესურსებზე.

როგორც კვირიკაშვილმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" განაცხადა, საჯარო-კერძო პარტნიორობის ბაზის განვითარება - ეს რეფორმა გულისხმობს საჯარო-კერძო პარტნიორობის გამჭვირვალე და ეფექტიანი ბაზის შექმნას, რაც გააღრმავებს თანამშრომლობას სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის.

"ამ რეფორმის მთავარი მიზანია ინვესტორებისა და ფინანსისტებისთვის ნათელი გზავნილის მიწოდება იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს საჯარო-კერძო პარტნიორობას და ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული ნებისმიერი დოლარისა თუ ევროს მეშვეობით, ხელი შეუწყოს საჯარო-კერძო პარტნიორობის სრული პოტენციალის ათვისებას.

მმართველობის რეფორმა - ამ რეფორმის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდა, რითაც საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება კიდევ უფრო პროგნოზირებადი ბიზნესგარემო. მეტიც, „ბიზნესსახლის“ კონცეფცია პრინციპი უზრუნველყოფს ყველა სახელისუფლებლო მომსახურების მიწოდებას კერძო სექტორისთვის ერთ სივრცეში, ერთი სარკმლის პრინციპით, როგორც ეს უკვე დაგეგმილია. „ბიზნესსახლი“ უზრუნველყოფს 600-ზე მეტი მომსახურების მიწოდებას ბიზნესებისთვის ერთ ცენტრალიზებულ სივრცეში (როგორც ფიზიკური, ისე ციფრული). ამჟამად 60-ზე მეტი საჯარო ინსტიტუტი ახორციელებს ამ მომსახურების მიწოდებას. ეს რეფორმა მნიშვნელოვნად შეამცირებს კერძო სექტორის მიერ დახარჯულ დროსა და რესურსებს ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებასთან დაკავშირებით. აქ იგულისხმება არა მარტო წარმომადგენლობითი ოფისების შექმნა და მათი ერთ სივრცეში განლაგება, არამედ ე.წ. ფრონტ-ოფისების ჩამოშორება იურიდიული პირებისათვის სერვისის მიწოდებაში ჩართული ყველა სახელმწიფო სტრუქტურისაგან, არამედ მათი ოპტიმიზაცია და გაერთიანება ერთ დაწესებულებაში - ბიზნესსახლში. ეს თავისთავად გულისხმობს ხელისუფლების შემდგომ ოპტიმიზაციასა და მისი ეფექტურობისა თუ გამჭვირვალობის გაზრდას კორუფციის ნებისმიერი შესაძლებლობის აღმოფხვრის მიზნით.

განათლების სისტემის რეფორმა: ეს რეფორმა მოიცავს განათლების სისტემის ყველა დონეს, განსაკუთრებული აქცენტით პროფესიულ განათლებაზე, სადაც დაინერგება ორმაგი განათლების მოდელი. რეფორმის მიზანია საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნილ უნარებთან შეუსაბამობის აღმოფხვრა.

როგორც სანდო პარტნიორი ენერგორესურსების ტრანზიტის სფეროში და სატრანსპორტო ღერძის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენი, ასევე სამხრეთის გაზის (რომელიც იწყება აზერბაიჯანში და აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული მილსადენისაკენ აგრძელებს გზას იტალიისაკენ) სატრანსპორტო დერეფანი, გარდა ამისა, აღსანიშნავია ის შესაძლებლობები, რომლებსაც ქმნის ცენტრალური აზიიდან, თურქმენეთიდან გაზის კასპიის ზღვიდან, სამხრეთ კავკასიის დერეფნის გავლით, ცენტრალური ევროპისკენ ტრანსპორტირება. ეს მარშრუტიც აბრეშუმის გზის შუა სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს. აღსანიშნავია Lapis-Lazuli და სპარსეთის ყურე-შავი ზღვის პროექტები, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, რომელიც ახლახან დასრულდა და ბაქოში გაიხსნა. ასევე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი - ყველაზე დიდი ახალაშენებული საზღვაო ინფრასტრუქტურა რეგიონში, რომლის მშენებლობაც 20 დეკემბერს დაიწყება. ამ პროექტების ფარგლებში ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქვეყნებთან „სარტყლისა და გზის“ გაყოლებაზე, რათა გავაუმჯობესოთ და გავზარდოთ რეგიონალური კავშირები და ტვირთის გადაზიდვების მოცულობა", - აღნიშნა პრემიერმა. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე