მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრება საკმარისი არ იქნება- კილაძე ორი მოსწავლის გარდაცვალების ფაქტზე

09:16 12-04-2017
166

მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრება საკმარისი არ იქნება - ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

კილაძე ამბობს, რომ განათლების სამინისტრო და შს სამინისტრო მგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით რამდენიმე ღონისძიებას გეგმავენ, თუმცა ამაში მთელი ხელისუფლება უნდა ჩაერთოს. 

ამ შემთხვევაში საზოგადოება და სახელმწიფო უნდა დავდგეთ ერთად. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ევალება ის, რომ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. როგორც მოვისმინეთ, შს და განათლების სამინისტროები გეგმავენ შესაბამის ღონისძიებებს, თუმცა მე მგონია, რომ მხოლოდ ამ ორი სამინისტროთი არ უნდა შემოვიფარგლოთ და კომპლექსური, მასშტაბური ღონისძიებები გავატაროთ, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ ასეთი სახის საშინელება, - განაცხადა კილაძემ.  

მისივე თქმით, ზოგადად შესაძლებელია საუბარი კანონმდებლობის გამკაცრებაზეც, მაგრამ მხოლოდ ეს გამოსავალი არ არის.

პირველ რიგში, ეს განათლების თემაა და ისიც, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ოჯახების მიმართულებით მუშაობა, ის რომ უფრო მეტად მივაქციოთ ყურადღება, ოჯახებში როგორ ხდება ბავშვების აღზრდა - ამაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო პირდაპირ ვერ ჩაერევა, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, რომ სახელმწიფო ოჯახებს ეხმარებოდეს გაძლიერებაში და სკოლა და ოჯახი ერთად არიან მნიშვნელოვანი ასეთ საკითხებთან მიმართებაში,- განაცხადა კილაძემ.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე