მისთვის ახალი წელი 29 დეკემბრიდან იწყება. სწორედ ამ დღეს 36 წლის ხდება. კაცი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს, კარგი რესპონდენტია. მის მიერ განსახიერებული როლი „ჩემი ცოლის დაქალებში“ – შაგუ გოგონების კერპად იქცა. როგორც თავად ილო ბეროშვილი ამბობს, სოციალურ ქსელში გოგონები მხოლოდ იმ შემთხვევაში პოულობენ მსახიობთან საერთო ენას, თუ იტყვის, რომ სწორედ შაგუს მსგავსი „კრუტოი“ ტიპია. როგორი გოგონები მოსწონს თავად ილოს და რა კრიტერიუმებით აფასებს მანდილოსნებს, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– მიუხედავად იმისა, რომ მეც ვაკელი ვარ, ყიფშიძეზე ვცხოვრობ, მთლად შაგუსნაირი ვერ ვარ (იღიმება). რადიკალურად განვსხვავდებით მე და ჩემი გმირი ერთმანეთისგან...
– სულ არ არის მსგავსება?
– როცა როლს ირგებ, გამორიცხულია შენიც არ ჩადო მასში. მით უმეტეს, რომ ვაკეში ვცხოვრობ, აქ გავიზარდე. ძალიან მაგარია, ქეთი დევდარიანი რომ სრულ თავისუფლებას გვაძლევს. მეც შემაქვს ხოლმე კორექტივები, როგორ იტყოდა ვერელი, რას გააკეთებდა ვაკელი. ყველა უბანშია ლოკალური სლენგი, ჟარგონი...
– შენი პირადი სლენგი როგორია, ამოჩემებული სიტყვები ან ფრაზა თუ გაქვს?
– როგორ გითხრათ, მე მაინც 90-იანი წლების პირმშო ვარ და იქიდან მაქვს ამოჩემებული სიტყვები. მაგალითად, ახალგაზრდა თუ იტყვის საჭმელზე „კიშკაო“, მე ვამბობ – თოხლი. ბევრზე ვამბობ – დოყელა. სიტყვა ნაშა ავიღოთ. ესეც ძველი სიტყვაა. კი ამბობენ დღეს ახალგაზრდებიც, რა მაგარი ნაშააო, მაგრამ მისი მნიშვნელობა არ იციან. ადრე ყველა უბანში იყო ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, რომელიც ბიჭებს ავაჟკაცებდა, მამებს შვილები დაჰყავდათ, მერე იმ შვილებს – თავისი შვილები და ა.შ. ყველასი იყო ეს ქალი, ანუ ნაშა. რუსულად ნაშა ნიშნავს ჩვენსას. ასე რომ, გოგონებო, როცა თქვენზე ნაშას იტყვიან, დიდად ნუ გესიამოვნებათ, იმიტომ რომ კარგს არაფერს ნიშნავს (იცინის). თუმცა, კომპლიმენტი გახდა დღეს ეს სიტყვა. სხვა მნიშვნელობით ხმარობენ ბიჭები.
– შენ გაქვს საფირმო ქათინაურები?
– არ მიყვარს გამოთქმა, „ძაან მაგარი გოგო ხარ“, ოღონდ მართლა. „ოღონდ მართლა“ რომელ ფრაზაშიც დევს, ის უეჭველი ტრუხაა. გოგო როცა მოგწონს, ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, რაღაც მოსაფერებელი დაუძახო. როგორც შვილის მიმართ გიჩნდება სურვილი, სახელი შეულამაზო.
– რა კრიტერიუმებით აფასებ ქალს?
– ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება ჩემთვის მნიშვნელოვანია კანი, თმა, კბილები. მერე – ცხოვრების წესი. ჩემი ასაკის უცხოელ გოგოებთან უკეთ ვურთიერთობ. ქართველ გოგონებს რაც შეეხება, მირჩევნია ჩემზე პატარა იყოს. რთული 90-იანები გამოვიარეთ ყველამ ერთად, სტრესი. არ უნდა იყოს გაფუჭებული გოგო სმისგან, მოვლილი უნდა ჰქონდეს კანი. პატარებს უფრო შინაგანი სილაღე და სისუფთავე აქვთ ჩვენს ქვეყანაში.
– შენს ცხოვრებაშიც ხომ იყო ეს სტრესი: ალკოჰოლი, წამალი, 90-იანები...
– როგორ არ იყო, მეც ვსვამდი.
– ყველაზე დიდი ცდუნების წინ როდის იდექი?
– ცდუნებები სულ იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, გადაფასებები მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ასაკმაც თავისი ქნა, ალბათ.
– გავლენა რამ მოახდინა, როდის გადააფასე ფასეულობები, რის შემდეგ?
– მე ხომ ფეხბურთელი ვიყავი, 24 წლის ასაკამდე სიგარეტსაც არ ვეწეოდი. მერე ბოჰემურ წრეში მოვხვდი, იქ მიღებული იყო მოსაწევიც, დალევაც. რაღაცნაირი დრო იყო. მე ერთ ადამიანს ვიცნობ, რომელმაც მაშინ ნარკოტიკი გაიკეთა და მერე მთელი თბილისი მოიარა, იმიტომ რომ ყველას ენახა, რომ კაიფში იყო. ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ მოდური იყო მაშინ ნარკომანობა. გოგოებს ეგეთი ბიჭები მოსწონდათ.
– დღეს როგორი ბიჭები მოსწონთ გოგონებს?
– წარმატებულიც უნდა იყოს და ცოტა ხულიგანიც.
– ანუ შაგუსნაირი?
– ზუსტად. შაგუ ჯდება ზუსტად დღევანდელი გოგოების გემოვნებაში. სხვათა შორის, ფემინისტ ქალებს მოუწერიათ ჩემთვის, რა მაგარია, გვენატრება კაცი, რომელსაც ძალაუფლება აქვსო.
– შეერყა ძალაუფლება შაგუს, ფუნაც კი ესროლეს ლაწირაკებმა...
– ეს გარკვეულწილად ადამიანურს ხდის მას. დროული იყო, ჩემი აზრით, არაამქვეყნიურად „კრუტოის“ ადამიანური სისუსტეებიც უნდა აღმოაჩნდეს, შეცდომებიც, ამის გარეშე ვერ იქნება.
– შეცდომა მართლაც გაეპარა, ცოლს უღალატა, თან გაუბაზრდა...
– იმ დღეს ვიღაცამ კესოსა და ჩიკას ფოტოები შეაერთა სოციალურ ქსელში და წერდა, ვისში გაცვალა, რა ოჯახი დატოვაო. უცბად ვიფიქრე, ეს რა დამემართა-მეთქი (იცინის). ძალიან ვიბნევი ხოლმე ასეთ დროს, პერსონაჟთან რომ მაიგივებენ. ქუჩაშიც რომ მხვდებიან, ჩემს ამბავს კი არ კითხულობენ, სულ შაგუს პრობლემებზე მელაპარაკებიან. ლამის თვითონაც განვიცადო შაგუს პრობლემები ნამდვილ ცხოვრებაში.
– მოდი, გაგვიმხილე, შემოირიგებს შაგუ ჩიკას?
– სცენარის მიხედვით განვითარდება მოვლენები. ჩვენც სცენარიდან ვიგებთ, ხშირად გადაღების წინ, რა მოხდება. ჩემი ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, არ მგონია, ეს წყვილი დაშორდეს. ჯერ ერთი, მაყურებელს უყვარს, მერე შვილები ჰყავთ, უყვართ ერთმანეთი, ერთნაირები არიან.
– რეალურ ცხოვრებაში მოგეწონებოდა ჩიკასნაირი ქალი?
– არა, ზოგადად, ეგეთი წყვილი არ მომეწონება. მიუღებელია ასეთი ბილწსიტყვაობა ჩემთვის ქალთან მიმართებაში. თან ჩიკასაც რომ მოსწონს, აიძულებს თითქოს ასეთი იყოს, აბა, ჩმორი ხომ არ იქნებიო, ეუბნება. მოსწონთ გოგოებს შაგუს მსგავსი ტიპაჟები. ერთმა გოგომ ფეისბუკზე მომწერა კიდეც, ცხოვრებაშიც შაგუსნაირი ხარ თუ ჩმორიო. გზა მომიჭრა, თუ არ ვიქნებოდი შაგუსნაირი, არ დაიწყებდა ჩემთან ურთიერთობას. მეც უკვე ვკომპლექსდები, ვფიქრობ, ძაან აცდენილიც არ ვიყო შაგუსთან. სულ მგონია, რომ იმედს ვუცრუებ ამ ხალხს, რომ ისეთი არ ვარ.
– რეალურ ცხოვრებაში თუ ყოფილხარ შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლი გოგოებისგან?
– თუ ცოლად არ მომიყვანო, ასე არავინ დამმუქრებია, მაგრამ, ზოგადად, ეგ დასაკუთრების ტენდენცია არის ქართველ გოგონებში. მქონია შემთხვევა, როცა პირველი ღამის მერე, მეორე დილას გოგოს ტელეფონზე უთქვამს ვიღაცისთვის, ახლა შეყვარებულთან ერთად ვარო. არც უკითხავს ჩემთვის, მინდოდა თუ არა, მისი შეყვარებული ვყოფილიყავი (იცინის). საერთოდ არ გვილაპარაკია ამ თემაზე მანამდე.
– ამასობაში ამოიცანი ქალის ფენომენი?
– ვერა...ზოგადად, ერთგული ტიპაჟი ვარ. ჩემს ყოფილ მეუღლესთან, ნელისთან 6 წელი ვიცხოვრე, მანამდე შეყვარებული მყავდა, რომელთანაც 4 წელი გავატარე. ანუ მთლიანობაში 10 წელი ორ ქალს დავუთმე. თუ ვარ ქალთან, ბოლომდე ვარ, მაგრამ იმ ქალის შერჩევა, რომელთანაც მინდა ყოფნა, ძალიან რთულია, სერიოზული ურთიერთობისთვის ძალიან მიჭირს ადამიანის შერჩევა...
– როგორ გგონია, რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის?
– ყურადღება, ზურგი მამაკაცისგან და სითბო. „ხომ იცი, რომ მიყვარხარ“, – არ უნდა უთხრა ქალს. უნდა აგრძნობინო ყოველდღიურად, ასე მგონია.
– ახლა შეყვარებული ხარ?
– ამ ეტაპზე არავისთან არ ვარ. ერთი იტალიელი გოგო მიყვარდა. სამი დღით ვნახე მილანში 2 თვის წინ. და ისე მოვიხიბლე, ყველა იტალიელი გოგო მიყვარს უკვე. რომ ლაპარაკობდა, ასე მეგონა, გალობდა. მაგრამ ვერ გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა, როგორც გავარკვიე, დაკავებული იყო.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
– კუს ტბაზე დავდივარ ხოლმე. ზოგჯერ ვვარჯიშობ, ზოგჯერ ისე დავბოდიალობ. ჩემზე უფროსი ასაკის ადამიანებთან ვურთიერთობ ხოლმე, მჟავანაძეზე და კომკავშირზე რომ ყვებიან, ისეთებთან. რა იყო, რამდენს იგინები ამ სერიალშიო, – მეუბნებიან ხოლმე.
– ახალი წელი მოდის, რას ნიშნავს ეს დღესასწაული შენთვის?
– 29 დეკემბერს არის ჩემი დაბადების დღე. ჩემს შვილს, ევას თავის დაბადების დღეზე რომ ეღვიძება, ხან იცინის, ხან ტირის. მე დამემსგავსა, მეც მემართება ასეთი რამ ხშირად, ხან მოვიწყენ, ხან აჟიტირებული ვარ... მოკლედ, ვულოცავ თქვენს მკითხველს ჩემს დაბადების დღეს და დამდეგ ახალ წელს ერთად (იცინის). ვუსურვებ წარმატებებს, ერთგულებას, ბედნიერებას, გქონოდეთ ის საქმე, რაც გიყვართ, ყოფილიყავით ლაღები და მუდამ შეყვარებულები.
ნინო მჭედლიშვილი
„პრაიმტაიმი“