ზალიკო ბერგერთან სტუმრად მისულებს, პირველ რიგში, ბევრი ნახატი მოგვხვდა თვალში. როგორც დიზაინერმა გვითხრა, ნახატების სიყვარული მისი დამსახურებაა, მცენარეების მოვლა-პატრონობა კი – დედამისის. სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, უზარმაზარი კატაც გამოძვრა საიდანღაც და ისეთი ტემპით გაიქცა და მიიმალა, ინტერვიუს ბოლომდე არავის გვინახავს.
– ზალიკო, ვისი ნახატები ამშვენებს შენ სახლს?
– დათო მელიქიშვილის, მამუკა ჯაფარიძის, ნათელა ურუშაძის, ნიკო ცერცვაძის.
– კარიკატურას ვხედავ მაგიდაზე, ვინ დაგხატა?
– ჩემმა მეგობრებმა, გიორგიმ და ვანიკომ დაახატვინეს ეს კარიკატურა და დაბადების დღეზე მომართვეს...
– ეს საკერავი მანქანა?
– ოო, ეს აღარც მახსოვდა, მტვერიც დასდებია, სუვენირია, ესეც საჩუქარია. არ კერავს, მაგრამ უკრავს. ეს ტუტანჰამონის ქანდაკება ეგვიპტიდან ვათრიე, „ნანუკას შოუსთან“ ერთად რომ ვიყავი, მაშინ.
– ამ მცენარეებს შენ უვლი?
– არა, დედა უვლის, ქალბატონი ბელა, მაგრამ მეც მომწონს, ლამაზია.
– ბარი, ალბათ, შენი საყვარელი ადგილია სახლში, გამიკვირდა, ჭიქები რომ არ დგას... ეს სასმელების კუთხეა, როგორ გადაგირჩა ამდენი გაუხსნელი სასმელი?
– სახლში იშვიათად ვსვამ, ასე რომ არ იყოს, სავსე არ იქნებოდა ჩემი ბარი. ყველაზე დიდი დაძველებით ჩივას რეგალი მაქვს, რომელიც პირველი მოგზაურობიდან ჩამოვიტანე, ამსტერდამიდან. 15-16 წლის წინათ ჩამოვიტანე და თვითონ სასმელი 18 წლის დაძველებით იყო. ასე რომ, კარგად ბებერი გამოდის (იცინის).
– მომიყევი, მართლა გაგიბრაზდა ინგა გრიგოლია, გადაცემაში მთვრალი რომ მიხვედი?
– არა, არ გამიბრაზდა, მაგრამ მე ჩემი შოუ მიმყავდა, ინგას თავისი ჰქონდა და ცოტა ვერ მოვედით თანხვედრაში (იცინის).
– მიხარია, რომ დღეს ფხიზელი დაგვხვდი...
– (იცინის) სიტუაცია და აუცილებლობა თუ არაა, ისე კი არა ვსვამ. მე ჩემი დალევის დღეები მაქვს, პარასკევი-შაბათი. ლაივებიც შემოგაკლდათ, ე.ი. ბევრიც არ დამილევია ბოლო დროს.
– მგონი, ხელი შეგიშალეთ, ხაჭაპური დევს შენი სამზარეულოს მაგიდაზე, წონას არ აკონტროლებ ხოლმე?
– რაცა ვარ, ეგა ვარ. ხან ცოტას ვიმატებ, ხან ვიკლებ. თუ ძალიან შემაწუხებს ხოლმე წონა, ვვარჯიშობ. კვება არასდროს მიკონტროლებია.
– შენი საქმე რა არის სამზარეულოში, რაიმეს მომზადება შეგიძლია?
– არა, მაქსიმუმი შევაცხელო კერძი, რასაც ქალბატონი ბელა დამიტოვებს. კვერცხს შევწვავ და ჩაის, ყავას მოვამზადებ. სხვა რა გითხრა, დიდი კულინარიული ნიჭით არ გამოვირჩევი.
– შენს საძინებელში გულის ფორმის ბალიშს ვხედავ, წარწერით „მიყვარხარ“. ვის უყვარხარ?
– არ ვიცი, მეც ვეძებ, ვის ვუყვარხარ. ჯერჯერობით მარტოს მძინავს, მატებას ველოდებით ოჯახში, საცოლის ძებნაში ვარ.
– შენს ოთახში ძალიან ბევრი ერთნაირი სუნამოს ფლაკონია. პაკო რაბანის „მილიონი“. სხვა სუნამოს არ ხმარობ?
– არა, მარტო ამას ვხმარობ და სულ მჩუქნიან ხოლმე მეგობრები. მალე მოდის ჩემი დაბადების დღეც, 2 იანვარს და ვისაც სურვილი აქვს, ველოდები საჩუქრებს.
– 2 იანვარს, ანუ ბედობას გქონია დაბადების დღე. გამოდის სასმელი გებედება ხოლმე...
– ჰო, სასმელი, საჩუქრები და კარგი განწყობა, მერე ამბობენ, რატომ სვამსო (იცინის).
– ეს ამდენი გულსაბნევი ვისია?
– ეს ქალბატონი ბელას აქსესუარებია, რომელსაც ტანისამოსის შესაფერისად იკეთებს, უმეტესობა ჩემი შექმნილია.
– ბოლო დროს მოიკოჭლებ დიზაინერობაში, თუ მეჩვენება?
– მართალი ხარ, „ფეშენ ვიკების“ გამო გავჩერდი. თან ცოტა მეზარება. ერთი დღის განმავლობაში ბევრი დიზაინერის ჩვენება რაღაც არ მომწონს. მაგას მირჩევნია, მარტომ გავაკეთო. სახელოსნოში ბევრი ახალი აქსესუარი მაქვს გაკეთებული და რაც მოვასწარი, მალე გაჩვენებთ, 9 დეკემბერს ვგეგმავ ჩვენებას აკადემიაში.
– სამაგიეროდ თავზარიკოს არ ეზარება შრომა „ჩემი ცოლის დაქალებში“, კვლავ გამოჩნდება შენი გმირი?
– ბოლოს ცოტა ხნით გამოვჩნდი სერიალში და რადგან ისევ აქტუალურია თავზარიკო, ეგება კიდევ დაწერონ მასზე სცენარი. თავზარიკო წინააღმდეგი არ არის. თან ახლა ჩიკას ისეთი რთული პერიოდი უდგას, ნამდვილად სჭირდება თავზარიკოს გვერდში დგომა.
– ამასობაში „ნიჭიერში“ წამყვანის ამპლუაც მოირგე...
– ჰო და როგორ მოხერხდება ორ კონკურენტ არხზე მუშაობა, არ ვიცი (იღიმება). ძალიან მიხარია „ნიჭიერთან“ თანამშრომლობა. „ჩემი ცოლის დაქალები“ მეგონა პოპულარობის პიკი. „ნიჭიერი“ არანაკლები პროექტი გამოდგა. პოპულარობის ახალი სუნთქვა გამეხსნა, როგორც წამყვანს. „ნიჭიერის“ პირველი ლაივის შემდეგ სერიოზული შემოთავაზება მივიღე. ახალი წლის ღამეს „ანდერვილში“ საღამო მიმყავს. კიდევ ერთ-ერთმა ტურისტულმა სააგენტომ შემომთავაზა თანამშრომლობა. ასე რომ, გვექნება ტურები ევროპის მასშტაბით ზალიკოსთან ერთად.
– ზალიკო, საყვარელი ადგილი გაქვს ამ სახლში?
– საძინებელი. იმიტომ რომ თუ სახლში ვარ, მძინავს.
– დედა არ აპროტესტებს?
– ოღონდ სახლში ვიყო და მეძინოს, არ დაეძებს. დღეს რაღაც გადაცემას ვუყურებდი, ღამე ჭამა რომ კატასტროფაა, ამაზე იყო. მე კიდევ ძირითადად ძილის შუალედებში ვიკვებები.
– შენს უცოლობასაც არ აპროტესტებს დედა?
– კი, ამბობს, რომ მთლად პატარაც აღარ ვარ.
– ეტყვი ჩემს მაყურებელს, რამდენი წლის ხარ?
– 35 წლის ვხდები წელს და არ ვიტყუები შენი მკითხველის ხათრით (იცინის). ვისაც ჩემი ნამდვილი ასაკი აინტერესებს, „პაეზტკაში“ უნდა დამპატიჟოს და ჩემი პასპორტი ნახოს.
– მამაკაცებიც იტყუებიან ასაკს ბოლო დროს, ესეც მოდის ტენდენციაა თუ?..
– მე მთელი ცხოვრება ვიტყუებოდი და თუ სხვებმაც დაიწყეს, ე.ი. მბაძავენ.
ნინო მჭედლიშვილი
„პრაიმტაიმი“