2017 წლის კონკურსის – "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია.
წელს პრიზები შვიდ კატეგორიაში გაიცა. საპრიზო კატეგორიებია:
ა. საუკეთესო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში – გამარჯვებულია სალომე გორგოძე, თათია ხალიანი, ლიბერალი
ბ. საუკეთესო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში – ნათია ორველაშვილი, იმედი
გ. საუკეთესო საგამოძიებო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში – ნინო აბდალაძე, ნანუკა ბრეგაძე, Ifact.ge
დ. საუკეთესო საგამოძიებო აუდიო ან აუდიოვიზუალური სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში – ცქრიალა შერმადინი, სტუდია მონიტორი
ე. საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი, ან თვალსაზრისი / სვეტი ბეჭდურ ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში – ბექა ყორშია,ინდიგო
ვ. საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდვით ან ონლაინ საინფორმაციო მედიაში – დინა ოგანოვა, ფოტოპროექტი: გოგო დაიბადა.
ზ. კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების მხარეებს შორის ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში) – ნინო გოგუა, OC-media
პირველ ექვს კატეგორიაში გამარჯვებულები 1,250 ევროს მიიღებენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში კი ითვალისწინებს ლონდონში, ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას.
“2012 წელს დაარსებული "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” პროფესიული და ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ყოველწლიურად, პრიზები გაიცემა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკაში. დამატებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში მაღალი პროფესიული სტანდარტების და ეთიკური ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ნდობის აღდგენასა და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს’, – ნათქვამია კონკურსის ორგანიზატორების განცხადებაში.
კონკურსი განხორციელდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთობლივი თანამშრომლობით.
ცერემონიალზე ევროკავშირის წარმომადგენლობის კომუნიკაციების ოფიცერმა მიკოლაი ბეკასიაკმა განაცხადა:
"წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კონკურსში წარმოდგენილი ნაშრომების ხარისხმა. ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის, რადგან დღევანდელი უწყვეტი გლობალური საინფორმაციო ნაკადის ფონზე მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე ეთიკური ჟურნალისტიკა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ნებისმიერი დემოკრატიის კარგი ფუნქციონირებისთვის. ევროკავშირი სიამაყით წარმოგიდგენთ პრიზს ჟურნალისტთა ძალისხმევისა და ხარისხისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ასევე ხელს შეუწყობს მათი აუდიტორიის გაფართოებას. ვულოცავ გამარჯვებულებს, გისურვებთ წარმატებებს მომავალშიც.”