უჩა ნანუაშვილს ჰქონდა კრიტიკული პოზიცია და მის რეკომენდაციებზე ბევრჯერ გააკეთეს მინისტრებმა ანგარიშები - გია ვოლსკი

11:35 12-08-2017
107

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლება ახალი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ისევე როგორც ძველი სახალხო დამცველისას ითვალისწინებდა.

ამის შესახებ ვოლსკიმ პრაიმტაიმთან საუბარში განაცხადა. დეპუტატის თქმით, ხელისუფლება მას ხან დაეთანხმება, ხან არა, საზოგადოება კი თავად გამოიტანს დასკვნას, რამდენად ობიექტური იქნება სახალხო დამცველი. 

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ არაობიექტურად მოგვეჩვენება გარკვეული პასუხები, სრული უფლება გვაქვს და რესურსი, საზოგადოებას მივაწოდოთ ალტერნატიული პოზიცია. საზოგადოებას საშუალებას ვაძლევთ, რომ როგორც უჩა ნანუაშვილის შემთხვევაში, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ - ხან დავეთანხმებით, ხან არა. რეკომენდაციების გათვალისწინებაზე ძალიან ბევრია ჩვენი ხელისუფლების პირობებში გაკეთებული, როდესაც უჩა ნანუაშვილს ჰქონდა კრიტიკული პოზიცია, მისი ანგარიშები ხშირად არის მოსმენილი და მინისტრებმა ძალიან ბევრჯერ გააკეთეს ანგარიში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. ვფიქრობ, ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ და საზოგადოებამ უნდა განსაჯოს რა მდგომარეობაა, რამდენად ობიექტურია კრიტიკა და სწორია ხელისუფლების პოზიცია. ვფიქრობ, ყოველხმრივ გადაწყვეტილება მივიღეთ, - განაცხადა ვოლსკიმ. 

ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე მუშაობას დღეიდან ოფიციალურად შეუდგება. ყოფილმა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა ნინო ლომჯარიას უფლებამოსილება სამშაბათს, 5 დეკემბერს გადააბარა, შესაბამისად ის დღეს ლომჯარიას ოფისში არ დახვდება.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე