რას პასუხობს განათლების სამინისტრო აუდიტის დასკვნას?

13:23 12-11-2017
153

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

 

სკოლებში მოსწავლეების ბულინგი დიდი ხნის პრობლემაა... ჩაგვრა, დამცირება, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა... მსგავსი არაერთი ფაქტი სახალხო დამცველის შესწავლის საფუძველიც გახდა. ომბუდსმენის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში საკმაოდ ხშირია ჩაგვრისა და ძალადობის ფაქტები. მოსწავლეებს შორის ბულინგი კი ზოგჯერ ისეთი ტრაგიკული შედეგითაც კი მთავრდება, როგორიც მოხდა ხორავას ქუჩაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ყველაფერი სწორედ 51-ე სკოლის საპირფარეშოში ბულინგით დაიწყო, მოგვიანებით კი ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობით დასრულდა. 

სწორედ ამ ტრაგედიის შემდეგ ხელისუფლება სკოლებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე ალაპარაკდა, თუმცა არის კი ეს საკმარისი? საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ – არა. მაგალითად, ცნობილია, რომ ისლანდიამ თინეიჯერებში ძალადობას, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისკენ მიდრეკილებას საკმაოდ კომპლექსური ღონისძიებებით უპასუხა. მათგან უპირველესი კი გახლდათ მასობრივი სპორტის ხელშეწყობა. ოჯახები 500 დოლარის ოდენობით სპეციალურ ვაუჩერსაც კი იღებენ იმისთვის, რომ თავიანთი შვილები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართონ. ცხადია, არჩევანს თავად მოზარდი აკეთებს. დღეს ისლანდიაში საკმაოდ პოპულარულია ფეხბურთი, ცხენით ჯირითი და სპორტის სხვა სახეობები. თუ ადრე 15-16 წლის ასაკის მოზარდების 42 პროცენტი შემჩნეული იყო ძალადობაში, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებაში, დღეს ეს მაჩვენებელი 5 პროცენტამდეა შემცირებული.

საინტერესოა, რა მდგომარეობაა საქართველოში? როგორია თინეიჯერების ჩართულობა სპორტში? რას აკეთებს სახელმწიფო მასობრივი სპორტის განვითარებისთვის? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ოდნავ ქვემოთ აუდიტის ანგარიშს მოვიშველიებთ.   

ზოგადად, ფიზიკური აქტივობისა და სპორტის მიზანია პიროვნების მრავალმხრივი განვითარება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ  მოზარდი ადრეული ასაკიდან იყოს ფიზიკურად დატვირთული და, აგრეთვე, აცნობიერებდეს მის აუცილებლობას, რაც დაეხმარება შემდგომში საკუთარი ფიზიკური უნარების გამოვლენაში, ფსიქო-ფიზიკურ განვითარებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. 

არაგადამდები ავადმყოფობების  განვითარების, როგორიცაა სისხლის  მიმოქცევის სისტემის, კიბოს,  დიაბეტის, ქრონიკული  რესპირაციული დაავადებების,  ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა და ჭარბი წონა, ხოლო ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს აღნიშნული დაავადებების პრევენციას და აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს.

საქართველოში სიკვდილიანობის 94% განპირობებულია არაგადამდები დაავადებებით და ტრავმებით, საიდანაც 69% გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის და არსებით სოციალურ-ეკონომიკურ ზიანს აყენებს ქვეყანას. „დაავადებათა  კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ 2014 წლის სტატისტიკური ცნობარის მიხედვით არგადამდები ავადმყოფობების განვითარებას საფუძვლად უდევს მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები, რომელთა შორის  ერთ-ერთია არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა. 

ჩატარებული ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევები, მიუთითებს მასობრივი სპორტის ირგვლივ არსებულ ხარვეზებზე, როგორიცაა მოსახლეობის მცირე რაოდენობით ჩართულობა სპორტულ აქტივობებში და სპორტის მიმართ ინტერესის ნაკლებობა. მოსახლეობის მცირე რაოდენობით ფიზიკურ აქტივობებში ჩართულობის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს სასპორტო საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ხარვეზები. 

აუდიტის ანგარიშით ირკვევა, რომ სკოლებში ხშირ შემთხვევაში სპორტის გაკვეთილები საერთოდ არ ტარდება და სპორტისთვის გამოყოფილი საათები უფრო პრიორიტეტულად მიჩნეულ საგნებს ეთმობა – მათემატიკას, ინგლისურს, ლიტერატურას და სხვ. რიგ საჯარო სკოლებში კი სპორტის გაკვეთილები კლასში ტარდება, გამომდინარე იქიდან, რომ სკოლას არ აქვს სპორტული დარბაზი. 

აუდიტის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ სპორტის, იგივე ფიზკულტურის მასწავლებლების 82 პროცენტს შესაბამისი განათლება საერთოდ არ გააჩნია. 

„საქართველოში სულ 2,085 ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლაა, სადაც სპორტის მასწავლებლების რაოდენობა 10,990-ს შეადგენს, თუმცა აქედან სპორტის სპეციალობით განათლება მიღებული აქვს 1,889 მასწავლებელს, მხოლოდ 18%-ს. სპორტის დანარჩენი მასწავლებლების ნახევარზე მეტი დაწყებითი კლასის მასწავლებელია, ხოლო მეორე ნაწილი ის მასწავლებლები, რომლებსაც სხვა დარგებში აქვთ განათლება მიღებული. ეს გარემოება, ცხადია, უარყოფითად აისახება ამ გაკვეთილების ხარისხზე“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია კანონთან შეუსაბამობა, რომელიც დღემდე არ გამოსწორებულა. კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმით წლიური სპორტის გაკვეთილები შეადგენს 64 საათს, ანუ კვირაში 2 საათი. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის სპორტის შესახებ საქართველოს კანონთან, სადაც სპორტისთვის გამოყოფილი დრო კვირაში 4 საათია.

ჯერ კიდევ მინისტრის პოსტზე მყოფმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ამ მხრივ არსებულ ვითარებას კატასტროფული უწოდა. ყოფილი მინისტრი იმ თანხასაც ასახელებს, რომელიც სკოლებში სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად არის საჭირო. 

„ეს კატასტროფაა. კვლევის შედეგების მიხედვით, რეგიონისა და ქალაქის სკოლებს შორის განსხვავება არ არის. მთავარი პრობლემაა ის, რომ ეს ბავშვები მიჩვეულები არ არიან ფიზიკურ აქტივობას. ჩემს დროს თოკზე აცოცებას ვერ ვიტანდი, მაგრამ, სანამ არ ამაცოცეს, მანამ მაწვალეს და დღეს ვუმადლი მათ ამ ამბავს. თუ სადმე დაძალება იქნება საჭირო, უნდა დავაძალოთ... სკოლებში არსებობს ინფრასტრუქტურის პრობლემები... 830 მილიონი ლარი გვჭირდება, რომ, ვისაც აქვს დარბაზი, გავურემონტოთ და ვისაც არ აქვს, ავუშენოთ. დარბაზი 5%-ზე მეტ სკოლას აქვს მხოლოდ“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელიც სპორტის მასწავლებლების დატრენინგების ინიციატივით გამოვიდა.

მოხდა თუ არა რეალურად პედაგოგთა აღნიშნული კონტინგენტის გადამზადება, ამის გარკვევა განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსთან, მარიამ ჩიქობავასთან ვცადეთ:

– პრობლემები ნამდვილად გვაქვს, როგორც პედაგოგების გადამზადების, ისე გაკვეთილების ხარისხის მხრივ, თუმცა ჩვენ უკვე დავიწყეთ გადამზადების პროცესი, რომელიც საბოლოო ჯამში 3500-მდე პედაგოგს მოიცავს მთელი ქვეყნის მასშტაბით. სადღაც დეკემბრის ბოლომდე უკვე გადამზადებული გვეყოლება 750 პედაგოგი. აქ საუბარია როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნაზე. ჩვენ გამოვყავით ყველაზე მეტად მოთხოვნადი სპორტის შვიდი სახეობა და სწორედ ამ მიმართულებით ხდება გადამზადება. 

 

რით ეშველება ინფრასტრუქტურის პრობლემას? ძალიან ბევრ სკოლაში სპორტული დარბაზი საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად, ზოგან საერთოდ არ ტარდება სპორტის გაკვეთილები, ზოგან კი საკლასო ოთახებში ტარდება...

– დიახ, ნამდვილად ასეა. გამიჭირდება კონკრეტული გეგმის მოყოლა, მაგრამ სამინისტრო ეტაპობრივად განაგრძობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ყოველ წელს გვაქვს ხელშესახები შედეგები. სადაც მოსწავლეთა დიდი რაოდენობაა, პრიორიტეტი მათ ენიჭებათ. მოგეხსენებათ, ბიუჯეტიც შეზღუდულია და, შესაბამისად, ერთიანად ამ პრობლემის აღმოფხვრა ვერ ხერხდება. სადაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება სრულფასოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ვცდილობთ, გამოვნახოთ ალტერნატიული გზები, მაგალითად, დავდგათ ე.წ. ტენისის მაგიდები, წავახალისოთ მოძრავი თამაშები და ა.შ. 

 

– შეგიძლიათ, დაგვიზუსტოთ, ეროვნული სასწავლო გეგმით რამდენი საათი აქვს დათმობილი სპორტის გაკვეთილებს? 

– ეროვნული სასწავლო გეგმით დათმობილი აქვს კვირაში ორი საათი, თუმცა ჩვენ გავითვალისწინეთ აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და მომავალი წლიდან დაწყებით კლასებში სპორტის გაკვეთილებს დაეთმობა კვირაში სამი საათი. როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული სასწავლო გეგმით სკოლას შეუძლია რომელიმე საგანს საათების 25 პროცენტი მოაკლოს და სხვა საგანზე გადაანაწილოს. როგორც წესი, ეს ხდებოდა ხოლმე ძირითადად სპორტის გაკვეთილების ხარჯზე. ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია აუდიტის რეკომენდაცია და მომავალი წლიდან ეს 25 პროცენტი ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოაკლდება სპორტს. 

 

– სპორტის შესახებ კანონში წერია, რომ სპორტის გაკვეთილებს დათმობილი უნდა ჰქონდეს კვირაში ოთხი საათი, რაც აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან... 

– დიახ, კანონში ოთხი საათი ნამდვილად წერია, თუმცა ამ ეტაპზე ფორმალური განათლების ფარგლებში შეუძლებელია ამის გაწერა, რადგან არსებობს ინფრასტრუქტურის პრობლემა. მაგალითად, როდესაც სკოლას არ გააჩნია დარბაზი, იქ შეუძლებელია ბავშვების ისე გადანაწილება, რომ ისინი კვირაში ოთხი საათი სპორტის გაკვეთილებით დაკავდნენ. ფიზიკურად შეუძლებელია ეს. თუმცა ჩვენ ძალიან ვუწყობთ ხელს სპორტული კლუბების ჩამოყალიბებას და აქაც ბავშვები საკმაოდ აქტიურად არიან უკვე ჩართულები.

 

– და თუ კანონის მოთხოვნა პრაქტიკაში არ სრულდება, გამოდის, რომ ან კანონია შესაცვლელი ან ეროვნული სასწავლო გეგმა... არ მეთანხმებით?

– საბოლოო ჯამში, ჩვენ აქეთკენ მივდივართ და, ადრე თუ გვიან, ეს მოთხოვნა მიიღწევა, მაგრამ დღეს არსებული ხელისშემშლელი პირობების გამო, ოთხსაათიანი დატვირთვა ვერ ხერხდება. თუმცა კანონი ასე მკაცრადაც არ განსაზღვრავს, რომ მაინცდამაინც ფორმალურ ნაწილში უნდა იყოს გამოყენებული ეს ოთხი საათი. საბოლოო ჯამში, არაფორმალურ განათლებასაც თუ მივიღებთ მხედველობაში, იქნება ეს სპორტული კლუბები, თუ თავისუფალი გაკვეთილები, ზოგან შეიძლება ოთხ საათზე  მეტიც კი გამოვიდეს დატვირთვა.