კოსოვოს აღარებიდან იერუსალიმის სტატუსამდე

13:41 12-11-2017
225

ავტორი:ქეთი ხატიაშვილი

 

ტრამპის ყველაზე სკანდალურ და ზოგიერთის შეფასებით პროვოკაციულ გადაწყვეტილებას, როგორც მოსალოდნელი იყო, არა მხოლოდ ხმაური და, უბრალოდ, კრიტიკა, სისხლისღვრაც მოჰყვა. პალესტინა არ აპირებს, შეეგუოს იერუსალიმის სტატუსის დაკარგვას.

რას ფიქრობენ საქართველოში, რამდენად და რა გავლენას იქონიებს საქართველოზე ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება და როგორია პალესტინა-ისრაელის ისტორიული ბრძოლა იერუსალიმისთვის.

„პრაიმტაიმს“ ისტორიკოსი დავით გამცემლიძე ესაუბრა:

– დავით, თქვენი აზრით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ტრამპმა? იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების გარდა, მან ამერიკის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილებაც გამოაქვეყნა. კონგრესს ჯერ კიდევ 1995 წელს აქვს ანალოგიური გადაწყვეტილება მიღებული... რა მიზანი აქვს ტრამპს?

– მართალი ბრძანდებით, გადაწყვეტილება საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის და/ანუ იერუსალიმის ისრაელის სახელმწიფოს „ერთიან, განუყოფელ დედაქალაქად“ აღიარების შესახებ, ამერიკის კონგრესმა 22 წლის წინათ მიიღო – პრეზიდენტ კლინტონის მმართველობისას.

მაგრამ მას შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტები ყოველწლიურად აწერდნენ ხელს ბრძანებულებას, ამ გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების შესახებ. ამერიკაში ეს მიღებული და გავრცელებული იურიდიული პროცედურაა. ანუ საუბარია არა იმაზე, რომ პრეზიდენტი არ აწერდა ხელს კონგრესის გადაწყვეტილებას, არამედ ის ფორმალურად „დროში წელავდა“ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. და ეს, შესაძლოა, კიდევ 100 წელი გაგრძელებულიყო, რომ არა დონალდ ტრამპი. 

„გადავადება“ არ არის იგივე, რაც „კონტრასიგნაციაზე“ უარის თქმა:  როგორც პოლიტიკური, ასევე იურიდიული თვალსაზრისით უსერიოზულესი სხვაობაა. 

ასე იქცეოდნენ პრეზიდენტები კლინტონი,  ბუში-უმცროსი და ობამა. დონალდ ტრამპმა კი გადაწყვეტილება უკვე მხოლოდ 6 თვით გადაავადა. 6 თვის შემდეგ ის ძალაში შევა. ეს, რაც შეეხება იურიდიულ მხარეს. პოლიტიკურად კი, პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს გასაგონად ბრძანა: ამერიკის შეერთებული შტატები  აღიარებს იერუსალიმს ისრაელის სახელმწიფოს ერთიან, განუყოფელ დედაქალაქად!

მართლაც ისტორიული მოვლენაა. შეიძლება ითქვას, შემობრუნების ქრონოლოგიური წერტილია ახლო აღმოსავლეთში ვითარების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. ხოლო ეს რეგიონი, განსაკუთრებით ისრაელი და პალესტინა, თანამედროვე მსოფლიოს „გეოპოლიტიკური მზის წნულია“. 

ტრამპის მიზანი  მისი პოლიტიკური მოტივაციიდან და  „ფენომენალურობიდან“ გამომდინარეობს: დონალდ ტრამპს სურს, შევიდეს თავისი დიადი ქვეყნის, მაშასადამე, მსოფლიოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი უდიდესი პრეზიდენტი, რომელმაც ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღო როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. 

რამდენიმე დღის წინ კონგრესმა, პრეზიდენტის ინიციატივით, დაამტკიცა კანონთა პაკეტი გადასახადების შემცირების თაობაზე. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საგადასახადო რეფორმაა რონალდ რეიგანის შემდეგ.

 მაგრამ მივაქციოთ ყურადღება, რომ ესოდენ კარდინალური, ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იერუსალიმთან დაკავშირებით თვით  რონალდ რეიგანსაც კი არ მიუღია, მიუხედავად ისრაელის მიმართ მისი აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი პოზიციისა. 

იმიტომ, რომ მართლაც ძალიან „კონტრავერსული“, გარკვეული აზრით, სახიფათო ნაბიჯია და მის  გადადგმას რეიგანიც კი უფრთხოდა. თუმცა ისიც  ვაღიაროთ, რომ იმ დროს (ესე იგი 1980-იან წლებში) სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იყო: მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე ბალანსირებდა. 

როგორც ჩანს, ტრამპის მრჩევლებმა პრეზიდენტს ურჩიეს, უკან აღარ დაეხია და ამერიკის ზემძლავრი ებრაული თემისთვის წინასაარჩევნოდ მიცემული  დაპირება ლიტონ სიტყვებად აღარ დაეტოვებინა, წინამორბედი ყველა პრეზიდენტისგან განსხვავებით, ვინც ჰპირდებოდა და არ ასრულებდა; მით უმეტეს, დღეს ამერიკისთვის რისკები მაინც ნაკლებია, ვიდრე 30-40 წლის წინათ იყო.

ნაკლებია, თუმცა ურისკო ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის: შეიძლება იმ „ნაპერწკლის“ როლი შეასრულოს, რომელიც ააფეთქებს ახალ „ინტიფადას“, ანუ არაბულ აჯანყებას იმავე აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მთელ პალესტინაში. „მოსკოვიც“ ხომ ძალიან შორს არ წასულა – იქვეა, სირიაში და, მოგვწონს თუ არა, სერიოზული სამხედრო გამარჯვებაც მოიპოვა განვლილი 2 წლის განმავლობაში: სამხედრო ბაზაც მყარად დააბრუნა და რეგიონში გავლენაც აღიდგინა.

 

– შეიძლება თუ არა  პარალელის გავლება ადრე კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებასა და ახლა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას შორის? 

– საინტერესო კითხვაა. თუმცა ნება მიბოძეთ, მასზე საპასუხოდ, პირველ რიგში, იერუსალიმის ფენომენზე ვთქვა ორიოდე სიტყვა: იერუსალიმი არ არის უბრალოდ ქალაქი და, მით უმეტეს, „ტერიტორია“.  იერუსალიმი საკრალური მნიშვნელობის ფენომენია მილიარდობით ადამიანისთვის! მაშასადამე, ამაზე დიდი და მნიშვნელოვანი „გეოპოლიტიკა“ საერთოდ არ შეიძლება არსებობდეს თეორიულადაც კი: რა შეიძლება იყოს იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე მილიარდობით ადამიანის იდენტობაა?! იერუსალიმი ხომ „წმიდა ქალაქია“ დიდი ებრაელი ერისთვის, ასევე, მთელი ქრისტიანული და მუსლიმანური სამყაროსთვის.  ევროპული ცივილიზაცია (ამერიკის ჩათვლით) „იუდო-ქრისტიანული“ ცივილიზაციაა. ხოლო იერუსალიმი და ყოველივე, რაც ამ გრძნეულ ქალაქს უკავშირდება, მისი „სულიერი ქვაკუთხედია“.

1967 წლამდე აღმოსავლეთ იერუსალიმს (ანუ ძველ იერუსალიმს, ესე იგი ნამდვილ იერუსალიმს!) არაბები აკონტროლებდნენ. მაგრამ ექვსდღიანი ომის შედეგად, ისრაელის არმიამ იერუსალიმის ეს ნაწილიც დაიკავა. მათ შორის „ტაძრეული“, ანუ გორაკი სოლომონის ტაძრის კედლის მიღმა, სადაც მუსლიმანებისთვის წმიდა „ალ აქსას“ მეჩეთია. 

ამ რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრს („ტაძრეული“ მაქვს მხედველობაში და არა მთელი ძველი იერუსალიმი) იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მაჰმადიანებისთვის, რომ ისრაელმა, ძლევამოსილი ომის შემდეგაც კი, იქ არაბი მუსლიმანებისთვის გარკვეული ავტონომია გაითვალისწინა. მცირე, მაგრამ მაინც. თუმცა სახელმწიფო  სუვერენიტეტი ამ ტერიტორიაზე, რასაკვირველია, სრულიად ისრაელისაა. 

ებრაელებისთვის „ერთიანი და განუყოფელი იერუსალიმი“ (რასაც მიაღწიეს კიდეც „ექვსდღიანი ომის“ შედეგად) ეროვნული მსოფლაღქმისა და იდენტობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია; ამიტომ აბსოლუტურად გამორიცხულია, ისრაელი ოდესმე დაეთანხმოს იერუსალიმის ხელახალ გაყოფას აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად, ესე იგი დათმოს სახელმწიფო სუვერენიტეტი აღმოსავლეთ იერუსალიმზე, რომელიც არაბებს მომავალი „პალესტინის სახელმწიფოს „წმიდა დედაქალაქად“ წარმოუდგენიათ.

1967 წლიდან დღემდე რა პროექტები არ განიხილებოდა: სერიოზულად მსჯელობდნენ ე.წ. „კონდომინიუმზეც“, ანუ ერთობლივ მმართველობაზე (ე.წ. „დუალურ სუვერენიტეტზე“), რაც თითქოს უნდა განხორციელებულიყო ნიუ-იორკიდან იერუსალიმში გაეროს შტაბ-ბინის გადატანის პარალელურად; იერუსალიმი გამოცხადებულიყო ერთგვარ „მსოფლიო დედაქალაქად“, სრულიად განსაკუთრებულ ლოკაციად, სადაც მთელი მსოფლიო იკისრებდა პასუხისმგებლობას და ა.შ. და ა.შ. მაგრამ ისრაელმა ყველა ეს წინადადება თუ პროექტი უარყო და უარყოფს მუდამ! 

ვიმეორებ: იმიტომ, რომ ებრაელები, ათასწლეულთა განმავლობაში, ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ ასე: „გაისად შევხვდეთ იერუსალიმში!“ მათი ისტორიული ეროვნული ნარატივი იყო ცრემლნარევი: „თუ დაგივიწყო იერუშალაიმ!..“ ამდენად, იერუსალიმის სტატუსი, მისი ერთიანობა და განუყოფლობა ყოველთვის იყო და იქნება მთავარი წინაღობა, რაც ხელს უშლის ისრაელ-არაბეთის კონფლიქტის დასრულებას. 

გასული საუკუნის 1990-იან წლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იცხაკ რაბინმა არაბებთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა და „რომაული პალესტინის“ (ბიბლიური იუდეასა და სამარიას) ტერიტორიაზე ორი (ებრაული და არაბული) სახელმწიფოს დაფუძნების თეორიული შესაძლებლობა დაუშვა. ამიტომაც მოკლა იუდეველმა ფანატიკოსმა 1995 წელს. მაგრამ რაბინიც კი ვერ გაბედავდა და ვერც ოდესმე რომელიმე ებრაელი პოლიტიკოსი გაბედავს, ეჭვქვეშ დააყენოს იერუსალიმის განუყოფლობა – ისრაელის აბსოლუტური სუვერენიტეტი ამ გრძნეულ ქალაქზე.

1967 წლიდან დღემდე ისრაელის მთავრობა სწორედ იერუსალიმშია. იერუსალიმში ცხოვრობს და მუშაობს პრემიერ-მინისტრი. იქვეა ისრაელის პრეზიდენტის რეზიდენცია. მაგრამ  არც ერთი ქვეყნის საელჩო არ არის იერუსალიმში! იმიტომ, რომ არც ერთმა სახელმწიფომ მსოფლიოში (თვით ამერიკამაც კი) არ აღიარა ლეგიტიმურად 1967 წლის ომის შედეგი.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომაა ჭეშმარიტად ისტორიული, უნიკალური და ამითვე განსხვავდება კოსოვოს კაზუსისგან: კოსოვოსთან მიმართებაში დასავლეთი, შეიძლება ითქვას, მეტ-ნაკლებად კონსოლიდირებული იყო; დღეს კი, ევროპული ზესახელმწიფოები, როგორც ვხედავთ, ძალიან მწვავედ აკრიტიკებენ ერთადერთი გლობალური ზესახელმწიფოს პრეზიდენტს ესოდენ რადიკალური გადაწყვეტილებისთვის. 

კოსოვოს აღიარებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპული წესრიგისთვის, მაგრამ იერუსალიმის საკითხი მაინც უფრო საბედისწეროა. 

საქართველო კი დიდად დააზარალა ბუში-უმცროსის გადაწყვეტილებამ, რადგან რუსეთმა სწორედ კოსოვოს აღიარება გამოიყენა პრეცედენტად, გარდაუვალი აგრესიის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიათა ე.წ. „დამოუკიდებლობის“ იურიდიულად აღიარებისთვის.

– რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება საქართველოზე? როგორი პოზიცია უნდა დაიკავოს თბილისმა? საერთოდ უნდა დააფიქსიროს თუ არა მან პოზიცია?

– სწორედ ესაა საკვანძო საკითხი: უნდა დააფიქსიროს თუ არა საქართველომ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია?! მე თუ მკითხავთ, არავითარ შემთხვევაში ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ საქართველოს მთავრობას, პირადად პრემიერს, მაინც მოუწია ამის გაკეთება მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა, კარგად მოფიქრებული და ჭკვიანურად ჩამოყალიბებული საჯარო მიმართვით აიძულა(!) გიორგი კვირიკაშვილი, პირდაპირ ეთქვა, რომ არ აპირებს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას და საელჩოს იერუსალიმში გადატანას.

საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, საერთოდ კომენტარის გარეშე დაეტოვებინა ხელისუფლებას  ტრამპის გადაწყვეტილება, ან მხოლოდ „სფოუქსპერსონებს“ გაეჟღერებინათ რაიმე ნეიტრალური პოზიცია; თუმცა, დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა აიძულა ქვეყნის მთავრობა, უმაღლეს დონეზე გამოეხატა საკუთარი პოზიცია. 

ბატონი შოთა შალელაშვილის ემპათია აბსოლუტურად ლეგიტიმური და გასაგებია, მაგრამ... ჩემი მოკრძალებული აზრით, საქართველოს პარლამენტის წევრი, პირველ რიგში, მაინც იმ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებზე უნდა ზრუნავდეს, რომლის დეპუტატიც ბრძანდება! და რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ახლა ღირსპატივცემულმა დეპუტატმა შალელაშვილმა, რომ სწორედ საქართველოს ინტერესებშია „იერუსალიმის საკითხის“ ისე გადაწყვეტა, როგორც ჯერჯერობით მხოლოდ გლობალურმა ბირთვულმა ზესახელმწიფომ გადაწყვიტა, ანუ საელჩო იერუსალიმში გადაიტანოს და მთელი არაბული სამყარო „გადაიკიდოს“, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, ისევე, როგორც შოთა შალელაშვილის თანაპარტიელთა აბსოლუტური უმრავლესობა ასე არ ფიქრობს და მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მათ სრულიად ვეთანხმები.

პრემიერ-მინისტრმა ამ „ჭკვიანური იძულებით“ განპირობებულ საპასუხო განცხადებაში მართებულად შენიშნა: საქართველო უამრავი ეგზისტენციური პრობლემისა თუ გამოწვევის წინაშეა. გავიხსენოთ თუნდაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განვითარებული შემაძრწუნებელი მოვლენები: ფაქტობრივად, ომი ქალაქის მშვიდობიან უბანში ისლამისტ ფანატიკოსებთან! ამ ტრაგედიის საფუძველი და ძირითადი ფაქტორი არა „ჩეჩნური ნაციონალიზმი“, არამედ „ისლამური ფუნდამენტალიზმი“ გახდა! ნუთუ გონივრული იქნება, ეს ჩვენი სუსტი, ფაქტობრივად დაუცველი ქვეყანა მძვინვარე ფანატიკოსთა შურისძიების ასპარეზად ვაქციოთ? ისინი ხომ მოსისხლე მტრად და „დიდი შაითანის“ მოკავშირე  „პატარა შაითანად“ გამოაცხადებენ საქართველოს?! 

ისევ და ისევ: იერუსალიმი მაჰმადიანებისთვისაც  წმიდა ქალაქია, წმიდა ფენომენია – არანაკლებ საკრალური, გრძნეული „ტაძრეულია“ და ნებისმიერ ქვეყანას, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი სამარადჟამო, სამკვდრო-სასიცოცხლო  მტრად ჩათვლიან! 

ეს რაც შეეხება ტერორიზმს, თორემ დიპლომატიური თვალსაზრისითაც,  არ გამოვრიცხავ, ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ყველა არაბულმა სახელმწიფომ საქართველოსთან საერთოდ გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა!

 ამერიკას ამას ვერ გაუბედავენ, რასაკვირველია, მაგრამ საქართველოსთან „გაუვათ“. 

უკაცრავად, მაგრამ ხომ უნდა გავიგოთ, შევიგნოთ,  ბოლოს და ბოლოს: ჩვენ ვართ პატარა, სუსტი ქვეყანა. ამასთან ერთადერთი სახელმწიფო ვართ მთელ რეგიონში, რომელიც, ჯერ ერთი, არ არის კოლექტიურ უსაფრთხოების არც ერთი ორგანიზაციის წევრი და, ამავე დროს, რაც კიდევ უარესია, არც ისეთი სტრატეგიული მოკავშირე გვყავს, როგორიცაა ამერიკა – ისრაელისთვის, რუსეთი – სომხეთისთვის ან თურქეთი – აზერბაიჯანისთვის.

ევროპული ზესახელმწიფოებიც კი ვერ ბედავენ ესოდენ რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას და ჩვენ...

 

– რა რეაქცია ექნება რუსეთს? რამდენად შეეცდება მოსკოვი, ისარგებლოს სიტუაციით, თუკი რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა?

– საინტერესო ნიუანსს მივაქციოთ ყურადღება, ძალიან მეტყველი ფაქტია: დონალდ ტრამპის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის უახლოესმა მოკავშირეებმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარება მოითხოვეს, რაკი არ ეთანხმებიან ვაშინგტონის ამ დემარშს, მაგრამ... მათ შორის არ არის რუსეთი! 

ანუ მოსკოვი, ვინც ათწლეულების მანძილზე მხარს უჭერდა არაბულ სამყაროს ისრაელთან უსამართლო ომში (ეს ომი უსამართლო იყო ნამდვილად, რაკი ებრაული სახელმწიფოს საერთოდ მოსპობას ისახავდა  მიზნად და არა იერუსალიმის პრობლემის გადაწყვეტას), ისრაელს  ბირთვული ბომბით ემუქრებოდა ნიკიტა ხრუშჩოვის დროს, შემდეგ კი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასაც არ ჩქარობდა 1986 წლამდე (არათუ საელჩოს იერუსალმში გადატანას), ახლა რაღაცნაირად „გაიტრუნა“ – არც გაეროში აქტიურობს მაინცდამაინც და არც მკვეთრ პოზიციას აფიქსირებს.

 საფრანგეთი და გერმანიაც კი უფრო მეტად არიან აღშფოთებულნი ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვიდრე რუსეთი და პუტინი. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო დაიძაბება ვითარება მსოფლიოს გეოპოლიტიკურ „მზის წნულში“, ანუ ახლო აღმოსავლეთში, მით უფრო გაუფართოვდება რუსეთის სამანევრო სივრცე და მით უფრო „გაეხსნება ხელ-ფეხი“ თავისი ნამდვილი ინტერესების სფეროში – პოსტსაბჭოურ სივრცეში, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში. 

 

– როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?

– ძალიან მძიმედ. „ინტიფადა“ (ესე იგი პალესტინელ არაბთა მშვიდობიანი აჯანყება ჯერჯერობით მხოლოდ ქვების სროლით) უკვე დაიწყო; ისრაელის არმია, როგორც ყოველთვის, უაღრესად პროფესიულად და ადეკვატურად მოქმედებს: ყოველნაირად ერიდება მსხვერპლს, მაგრამ... ნაპერწკალი გავარდა, გამანადგურებელი „დენთის კასრი“ კი „მშრალია“ და მზადაა ასაფეთქებლად!