იყიდება თუ არა ფეხბურთში მსაჯი,მწვრთნელი, პენალტი და აუტიც კი

17:33 12-11-2017
171

ავტორი:ქეთი ხატიაშვილი

 

ხმები ყოველთვის იყო, ფაქტი ერთხელ გამოვლინდა და ტრაგედიით პირველად დასრულდა. ჯერ დანამდვილებით არ არის ცნობილი, რა გახდა ლანჩხუთში მსაჯის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა, ექსპერტების შეფასებით, თუ ამ ტრაგედიის უკან მართლაც გაყიდული საფეხბურთო მატჩები დგას, ეს სახიფათო ტენდენციაა. გამოძიების ფონზე, შეფასებები ფრთხილი კეთდება.

 

ამ ტრაგედიამ იმდენად სახიფათო ეჭვები და კითხვები გააჩინა, რომ უკვე თითქოს სულერთი ხდება მალთაყვაში ხეზე ჩამომხრჩვალი მსაჯი მოკლეს თუ თავი მოიკლა; უკვე სულერთი ხდება ლანჩხუთის „გურიისა“ და თელავის „კახეთთან“ საბედისწერო მატჩს უშუალოდ ის მსაჯობდა თუ არა. ახლა ეს ის „წვრილმანებია“, რომლის გარკვევასაც საზოგადოება არ ჩქარობს.

მთავარი ამ ტრაგედიის მოტივია. ახლა ყველას მხოლოდ ის აინტერესებს,  შეეწირა თუ არა ილო ტუღუში გაყიდულ თამაშებს.  

სოციალურ ქსელებში უკვე წერენ, რომ ტუღუში ფარული გარიგებების მსხვერპლია. სავარაუდო სცენარს კი ასე ხატავენ: „ლანჩხუთის „გურიის“ ხელმძღვანელობამ ტუღუში მოისყიდა 5000 ლარით, რათა ის დახმარებოდა გუნდს თელავის „კახეთთან“ განმეორებით საპლეიოფო მატჩში. პირველი შეხვედრა თელავში კახელების გამარჯვებით 2-1 დასრულდა და გურულებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, რათა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეენარჩუნებინათ... მატჩის ანგარიში 88-ე წუთისთვის 1-1 იყო, როდესაც მსაჯმა პენალტი დანიშნა სტუმართა კარში... თუმცა მასპინძლებმა ის ვერ გამოიყენეს, „კახეთის“ მეკარე ლუკა სანიკიძემ ბურთი მოიგერია... სავარაუდოდ, სწორედ ამ თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვდნენ ტუღუშისგან“, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

„რუსთავი 2“-თან ანონიმური წყარო ასახელებს იგივე თანხას – 5000 ლარს, რომელიც ილია ტუღუშს, სავარაუდოდ, გადასცეს. წყარო ფულის გადაცემის ადგილსაც ასახელებს – გრიგოლეთში ფეხბურთის ბაზა. 

ვარაუდობენ, რომ ილო ტუღუშის მკვლელობისა თუ თვითმკვლელობის მიზეზი ის კი არ გახდა, რომ ისინი 5000-ის ამოღებას ცდილობდნენ, არამედ ის, რომ მათ სოლიდური კუში დადეს ლანჩხუთის „გურიის“ მოგებაზე, კლუბმა მატჩი წააგო, „ვიღაცებმა“ კი სერიოზული ფული დაკარგეს. 

მეორე მთავარი კითხვა, რომელიც ჯერ პასუხგაუცემელია, ეს მატჩის ბოლოს დანიშნული პენალტი გახლავთ. ახლა მისი დანიშვნის სამართლიანობასა და აუცილებლობაზეც მსჯელობენ.

თუმცა, როგორც ფეხბურთის ფედერაციაში განმარტავენ, ფედერაცია ამ საკითხზე მოკვლევას არ ატარებს, რადგანაც საქმეს შსს იძიებს და ფედერაციაც გამოძიებასთან ითანამშრომლებს ყველა საკითხში. როგორც ფედერაციაში განგვიმარტეს, შედეგების მანიპულაციასთან დაკავშირებით ადრეც იყო საუბრები და რამდენჯერმე კონკრეტულ შემთხვევაზე სპორტის სამართლიანობის სამსახურმა იმსჯელა, რომელიც, თავის მხრივ, შსს-თან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ინფორმაციას ძალოვან უწყებას აწვდის, თუმცა, საქმე აღძრული არ ყოფილა.

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი მსაჯის ილია ტუღუშის მეუღლე დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი მოკლეს. ის წინა დღეს მათ სახლში მისულ პირებს იხსენებს:

„ბათუმელები იყვნენ, შავი „მერსედესით“. ჩხაიძეა ლანჩხუთელი კიდევ, 5000 ლარზეა საუბარი. რა ვქნა, უკან უნდა მიეტანა და ვერ მიუტანა ჩემმა ქმარმა და გაუსწორდნენ... მანქანაც გატეხილიაო, რამ გატეხა, რატომაა დაზიანებული. ფული მოითხოვეს, მეკითხებოდნენ, თავისი მანქანით მოძრაობსო“, – აცხადებს ეკა ტუღუში.

თავად ნუგზარ ჩხაიძე ადასტურებს გარდაცვლილი მსაჯის სახლში ყოფნის ფაქტს, თუმცა, რაიმე სახის კონფლიქტს ან გარიგებული თამაშების ვერსიას კატეგორიულად უარყოფს. გამოძიებამ ის უკვე დაკითხა. ჟურნალისტებთან საუბარში ჩხაიძემ აღნიშნა რომ მისგან ნასესხებ თანხას ითხოვდნენ და ის მეგობარს უბრალოდ მიჰყვა. სხვა დეტალები, მაგალითად, რაში დასჭირდა მსაჯს ეს თანხა, არ კონკრეტდება.

2013 წელს ლანჩხუთის „გურია“ უმაღლეს ლიგაში იყო. ახლა, ამ წაგებული თამაშის შემდეგ მესამე ლიგაში გადავიდა. ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ ფონზე, როცა ეჭვები და შეკითხვები ჩნდება, გამოძიება განსაკუთრებულად ეფექტურად უნდა წარიმართოს: „მთავარია, გამოძიება ჩატარდეს სწრაფად, არ გაიწელოს და მან ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. ეჭვები ლოგიკურად ჩნდება, ამ ეჭვებზე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, გამოძიებას ველოდებით ყველა“, – აცხადებს ასკურავა.

მისივე განმარტებით, რამდენად სამართლიანად დანიშნა მსაჯმა მატჩის ბოლო წუთებში „პენალტი“, ამაზე მსჯელობა მის კომპეტენციაში არ შედის. 

ილია ტუღუში 33 წლის იყო, 10 წელზე მეტი სამსაჯო საქმიანობას ეწეოდა. ემსახურებოდა ეროვნული ჩემპიონატისა და სათასო გათამაშების მატჩებს. ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში ცხოვრობდა. მისი სოფელი შემთხვევის ადგილიდან 15-20 კმ-ითაა დაშორებული. მართალია, ტრაგედიას ჩაწყობილ თამაშს უკავშირებენ, მაგრამ თავად ტუღუში ამ მატჩზე მსაჯად არ გამოდიოდა. ამიტომაც გამოითქვა ვარაუდი, რომ ის უბრალოდ შუამავალი იყო. 

 

როგორ და რა სქემით იყიდება მატჩები

 

მატჩების გაყიდვის შესაძლებლობები საკმაოდ მრავალფეროვანია: ყიდულობენ გოლს, პენალტს, წითელ ბარათს რომელიმე წამყვანი ფეხბურთელისთვის, ყიდულობენ საბოლოო შედეგს, ყიდულობენ მწვრთნელისგან არასწორ შეცვლასაც კი.

 არსებობს ე.წ. ცოცხალი „სტავკების“ ყიდვა. როგორც სპორტის მოყვარულებმა იციან, ყველა ტოტალიზატორს აქვს ცოცხალი თამაშის ფსონი, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მატჩის მსვლელობის ამოცნობა, მისი დეტალების პროგნოზირება: ვინ დაიწყებს თამაშს, ვინ მოაწვდის პირველ აუტს ან კუთხურს, ვინ მიიღებს პირველ ყვითელ ბარათს, ვინ გაიტანს პირველ გოლს, მატჩის რომელ მონაკვეთში (წუთების მიხედვით) გავა ეს გოლი, სულ რამდენი ყვითელი ბარათი, კუთხური, აუტი თუ კარში დარტყმა იქნება და ასე დაუსრულებლად.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი პროგნოზი, მათ შორის, „ტოტალიზატორული“, უმადური და უსარგებლო საქმეა, მაგრამ „ტოტალიზატორულ“ პროგნოზს ერთ შემთხვევაში გამართლება მაინც აქვს: როცა წინასწარ იცი, ვინ მოაწვდის პირველ აუტს, კუთხურს, ვის კარში დაინიშნება პირველი პენალტი და ვინ ითამაშებს ისე, რომ ყვითელი ბარათი მიიღოს.

როგორც ხსნიან სქემა მარტივია: 

„გადაუხდი რომელიმე გუნდის კაპიტანს ან ფეხბურთელს, ვთქვათ, 12 ან 13 ათას ლარს, შეათანხმებ მასთან თამაშის მსვლელობას (როდის გადააგდოს აუტზე ბურთი, როდის მოიგერიოს კუთხურზე, როდის გაიტანოს ან როდის ითამაშოს ისე, რომ ყვითელი ბარათი მიიღოს), მერე მიდიხარ ტოტალიზატორში, ჩამოაწიკწიკებ „ცოცხალის“ უკვე შეთანხმებულ და ნაყიდ დეტალებს, მოაგროვებ სერიოზულ კუშს, დადებ დიდ თანხას, მერე მშვიდად მოკალათდები ტრიბუნაზე ან ტელევიზორთან და ასევე მშვიდად ინიშნავ შესრულებულ დავალებას“.

ეს სქემა საქართველოში ერთხელ უკვე გამოვლინდა. მაშინ, 2011 წელს, შსს-მ ის ფეხბურთელები და კლუბები გამოავლინა, რომლებიც „სისტემატურად შედიოდნენ ფარულ გარიგებაში  ტოტალიზატორის შავი ბიზნესის წარმომადგენელთან“. 

მაშინ კონკრეტული მონაცემებიც დაიბეჭდა:

2011 წლის 15 აპრილს გამართულ „სამტრედიისა“ და ბოლნისის „სიონის“ მატჩი სამტრედიის გუნდმა 15 000 ლარი აიღო.

2011 წლის 19 აპრილს ჩატარებულ თბილისის „დინამოსა“ და ზუგდიდის  'ბაიას“ მატჩში „ბაიამ“ 12 000 ლარი აიღო. 

2011 წლის 30 აპრილს ჩატარებულ „ვიტ-ჯორჯიასა“ და „სიონის“ მატჩში „ვიტ-ჯორჯიამ“ 20 000 ლარი აიღო“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ე.წ. ხელზე გამაზვის პრეცედენტები მხოლოდ საქართველოში არ არის. სპორტულ სამყაროში ხშირად გახმაურდება ხოლმე სკანდალური ცნობები.

რამდენიმე წლის წინათ, მაგალითად, გარიგებული თამაშების გამო თურქეთში წამყვანი საფეხბურთო კლუბის, „ფენერბახჩეს“ პრეზიდენტი  და ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს. თურქულ  საფეხბურთო სფეროში კორუფციული გარიგებების გამო 30-მდე ადამიანია დაპატიმრებული, მათ შორის არიან სხვადასხვა კლუბების ხელმძღვანელი პირები და ფეხბურთელები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ქართველი მსაჯის ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება 

 

ლევან კობიაშვილი მსაჯის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ილია ტუღუში მსაჯობდა 3 დეკემბრის საპლეიოფო მატჩს – ლანჩხუთის გურიასა და თელავს შორის, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ამასთანავე, ლევან კობიაშვილი მზაობას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციამ გამოძიებასთან ითანამშრომლოს. 

 

„მინდა გამოვეხმაურო ჩვენთვის ძალიან მძიმე შემთხვევას და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი მსაჯის – ილია ტუღუშის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს და მთლიანად საფეხბურთო სამყაროს. ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია.

 

ასევე მინდა, ვთხოვო მედიის წარმომადგენლებს, რომ ინფორმაციის გავრცელებას მეტი სიფრთხილით მოეკიდონ და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას. კერძოდ, ნათქვამი იყო, რომ თითქოს ილია ტუღუში მსაჯობდა 3 დეკემბრის საპლეიოფო მატჩს – ლანჩხუთის გურიასა და თელავს შორის. 

 

ილია ტუღუშს არ მიუღია არანაირი მონაწილეობა ამ მატჩში. მეტიც, მას არ უმსაჯია ეროვნული ლიგის არც ერთ მატჩზე, ასევე, არც ეროვნული ლიგა 2-ისა და ლიგა 3-ის მატჩებზე, ის მსაჯობდა მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდულ პირველობებსა და რეგიონულ გათამაშებას. 

 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დასახელებული სამი პირიდან არც ერთი არ არის და არც ყოფილა ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი. მინდა დავაფიქსირო ჩვენი, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია – ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი უწყებები უმოკლეს ვადაში დაადგენენ სიმართლეს“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.