პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პროცესი ისე უნდა წარიმართოს, როგორც სხვა, ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში წარიმართებოდა.
"ვიტყვი იმას, რასაც ვამბობდი ბოლო დღეების განმავლობაში. ეს არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივ პროცესზე კომენტარები შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ. პოლიტიკური კომენტარების გაკეთება არ მგონია სწორი, მე პირადად თავს შევიკავებ. როგორც სხვა პირის შემთხვევაში წარიმართებოდა სამართლებრივი პროცესი, ასევე უნდა წარიმართოს ბატონი სააკაშვილის შემთხვევაშიც", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
უკრაინის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ბრალდების მხარეს ხუთდღიანი ვადა აქვს. გადაწყვეტილების სრული ტექსტი 14 დეკემბერს გამოცხადდება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს.