დღეს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ასურელი მამის წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელის ხსენებას დღესასწაულობს

12:53 12-12-2017
232

 დღეს, 12 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ასურელი მამის – აბიბოს ნეკრესელის ხსენებას დღესასწაულობს.

წმიდა აბიბოს ნეკრესელი,VI საუკუნეში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა და საქართველოში გამოაგზავნა.

საეკლესიო მოღვაწე, აბიბოს ნეკრესელი — ერთი ასურელი მამათგანი, საქართველოში მოვიდა სირიიდან,  VI საუკუნის II ნახევარში. თავდაპირველად მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში,  შემდეგ განაგებდა ნეკრისის საეპისკოპოსო კათედრას. ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას: გააქრისტიანა არაგვისპირის მთიელი კახელები. ებრძოდა, ირანის ოფიციალური რელიგიის (ცეცხლთაყვანისმცემლობა), გავლენას. მოსპო ნეკრისის ტაძრის მახლობლად სპარსთა საგზებელი, რისთვისაც VI-ე საუკუნის დამლევს მარზპანის ბრძანებით ჩაქოლეს. დასაფლავებულია სამთავროში (მცხეთა).

ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ იდეურ ბრძოლაში, ემყარებოდა ანტიკურ ფილოსოფიას, კერძოდ, ოთხი ელემენტის თეორიას, რომლის თანახმად, სამყარო წარმოიქმნა ცეცხლის, წყლის, მიწისა და ჰაერისაგან . ეს თეორია, აბიბოს ნეკრესელის შეხედულებებში, შერწყმულია ქრისტიანულ წარმოდგენაზე, ღმერთზე, როგოც შემოქმედზე. აბიბოს ნეკრესელის შეხედულებები, ანტიკური ფილოსოფიის და ქრისტიანული მოძღვრების, შეერთების ცდაა.

ცნობები აბიბოს ნეკრესელის შესახებ, ჩართულია სხვა ასურელი მამების ცხოვრების ტექსტებში. ცალკე თხზულებას აბიბოს ნეკრესელზე, რომელიც შედგენილი ყოფილა VI-VII საუკუნეებში, ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია ქართლის კათოლიკოს არსენ I  დიდის მიერ, ამ თხზულების საფუძველზე შედგენილი, აბიბოს ნეკრესელის „ცხოვრების“ ტექსტი.

როდესაც წმიდა აბიბო შეპყრობილი მოჰყავდათ, სოფელ იალდოში მიეახლა მას სვიმიონ საკვირველთმოქმედის მიერ გამოგზავნილი მოციქული და გადასცა წმიდა სვიმიონის კვერთხი, წმიდა საჩუქარი, ევლოგია და წერილი. ნეტერი დიდად გაახარა და განამტკიცა საჩუქრებმა.
ქართველებს მისი იარაღის ძალით გამოხსნა უნდოდათ, მაგრამ მეუფემ არ ინება, რამეთუ სურდა მარტვილობა ქრისტესთვის.
გზაში ნეტარმა სპარსელებს სთხოვა, ცოტა ხნით გაეშვათ ნეტარი შიო მღვიმელის სანახავად. სპარსელები დათანხმდნენ.
ეპისკოპოსმა და ბერმა ილოცეს ერთად, შემდეგ ნეტარმა აბიბოს ნეკრესელმა სთხოვა ნეტარ შიო მღვიმელს, მისთვის ელოცა. წმიდა შიომ განამტკიცა იგი თავისი სიტყვებით. აბიბოს ნეკრესელი სიხარულით გაუდგა გზას.

სოფელ რეხში მარზპანმა სასამართლო მოაწყო. სპარსელებთან ერთად, მას დაესწრნენ ქართველი ეპისკოპოსები, მღვდლები და ერისთავები.
მარზპანმა ჰკითხა ნეტარს: - რად უარყავი ჩვენი მეფეთა მეფის ძალაუფლება და რად მოკალი ჩვენი ღმერთი?
წმიდანმა მიუგო: - ღმერთი მხოლოდ უფალი იესო ქრისტეა. ხოლო ცეცხლი, რომელიც დავშრიტე, ეშმაკის საცდურია. გლოცავთ, რათა განუდგეთ ეშმაკს და მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს მსახურებდეთ.
მარზპანმა ჰკითხა: - რისთვის მოკალი ღმერთი ჩვენი, რომ შენს ღმერთს ვემსახუროთ?
ნეტარმა უპასუხა: - იცოდე, რომ ღმერთი არ მომიკლავს, ცეცხლი ჩავაქრე. ცეცხლი ღმერთი არ არის, ის ერთი მოვლენაა ბუნებათაგანი. ღმერთმა სამყარო შექმნა წყლით, ჰაერით, მიწით და ცეცხლით. ცეცხლი მხოლოდ ერთი ელემენტთაგანია. ეს ელემენტები თანასწორია, თანაბარია. თუ ერთ-ერთი აღმატებულ იქნა, სხვა სუსტდება. თქვენი ცეცხლი შეშის მეშვეობით იწვის. წყალი დავასხი და ჩაქრა. მიკვირს თქვენი გაბრაზება, როგორ არ გცხვენიათ მისი ღმერთად მიჩნევა. თქვენი ცეცხლი ხომ თქვენი დანთებულია. როგორ არის ის ღმერთი?
ამ სიტყვებმა ძალიან გააცოფა სპარსთა შაჰის მარზპანი. მისი ბრძანებით აწამეს ნეტარი, მერე ქვებით ჩაქოლეს.

წმიდანის ცხედარი ქალაქგარეთ გაიტანეს, დაუწესეს მცველები, რათა მხეცებს და ფრინველებს შეეჭამათ. სპარსელებს ეშინოდათ, ქრისტიანებმა დიდებითა და პატივით არ დაკრძალონო.
ნეტარის წმიდა სხეულს ვერც ერთი მხეცი და ფრინველი ვერ შეეხო. სპარსელები მიხვდნენ, რომ ტყუილად ელოდნენ წმიდანის შეურაცხყოფას მხეცთა მიერ და წავიდნენ. 
მაშინ მოვიდნენ ქრისტიანები, წააბრძანეს ნეტარის წმიდა ნაწილები და დაკრძალეს მათ მიერ აშენებულ ტაძარში, სამთავისში, შემდეგ მისი ნაწილებისამთავროს მონასტერში, მცხეთაში იქნა გადმოსვენებული.

ასე შეიწირა ჭეშმარიტმა ღმერთმა წმიდა აბიბოს ნეკრესელი.

ნეკრესის მამათა მონასტერში, 40 წმინდანის წმინდა ნაწილია დაბრძანებული.

უწმინდესისის ლოცვა-კურთხევითა და ნეკრესელი მიტროპოლიოტი, სერგის ძალისხმევით, 2000 წელს აღდგა, წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელის სახელობის, მამათა მონასტრის სულიერი ცხოვრება.

2004 წელს, ნეკრესელი მიტროპოლიტის სერგის კურთხევითა და შეწევნით, ნეკრესის ქვედა მონასტერთან, აშენდა, წმინდა აბიბოს ნეკრესელის სახელობის ტაძარი. აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა მონასტერში არსებულ ისტორიულ შენობა-ნაგებობებს. კეთილმოეწყო მონასტერთან მისასვლელი გზა. აშენდა ბერების საცხოვრებელი სახლი.მონასტერში ყოველდღიურად აღესრულება წირვა-ლოცვა, პარაკლისი და დაუჯდომელი, წმ.აბიბოს ნეკრესელისა, პანაშვიდი მიცვალებულთათვის.
მონასტერში წერენ კანონიკურ ხატებს. აკეთებენ ფიჭისგან სანთლებს და ნახშირებს ლიტურგიისათვის. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, სადაც მოყავთ ხილი და ბოსტნეული.

წმინდა ნაწილები, დაბრძანებულია, ნეკრესის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომელთანაც ადამიანებს შეუძლიათ მიბრძანდნენ, მოილოცონ და თაყვანი სცენ, ამ წმინდა ნაწილებს.

შეგვეწიოს წმინდა აბიბოს ნეკრესელის მადლი. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე