სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობასთან დაკავშირებით „უცნობის“ მიერ გაკეთებული განცხადების პასუხმა პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან, გია გაჩეჩილაძის უკმაყოფილება გამოიწვია.
როგორც გაჩეჩილაძემ "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა, ეწყინა, რომ პრემიერმა მის განცხადებას უსაფუძვლო უწოდა.
"მგონი ნაადრევია იმის თქმა, უსაფუძვლოა თუ არა ჩემი გადაწყვეტილებები, მათ ვებ-გვერდზე დევს პირდაპირ რაც ხდება სახელმწიფო შესყიდვებში. მე უბრალოდ გული მწყდება იმაზე, რომ უსაფუძვლო რატოა ეს განცხადებები... თუ შესწავლილი აქვს ეს საქმეები და ამას უსაფუძვლოს უწოდებს, მაშინ ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და მეტი არაფერი მექნება სათქმელი. მეწყინა დღევანდელი განცხადება, რომ თქვა უსაფუძვლოაო, ", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
„უცნობმა“ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.
"ყველა პროცედურა კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა და არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა წინასწარ გამიზნულად, ვინმეს მხარდასაჭერად ან – საწინააღმდეგოდ. ჩემთვის ადამიანურად ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებები ისმის ადამიანისგან, რომელსაც წლებია ვიცნობ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.