რომან კაკულიას განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობის მინიჭება სამართლიანი მიდგომა არ არის

14:32 12-14-2017
68

პარლამენტის დარგობრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია კიდევ ერთელ განმარტავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობის მინიჭება სამართლიანი მიდგომა არ არის. 


“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით კომიტეტის კრიტიკული პოზიცია კაკულიამ პლენარულ სხდომაზე გამოხატა, სადაც კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. კაკულიას თქმით, პარლამენტის დარგობრივ საკითხთა კომიტეტი მხარს არ უჭერს და სათანადოდ მომზადებულად არ მიიჩნევს ინიცირებულ კანონპროექტს.

”რეკლამასთან დაკავშირებით ჩვენ აბსოლუტურად გაგებით მოვეკიდეთ იმ მოტივაციას, რომელიც წარმოდგენილია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ. ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის დამყარება პოტენციური რეკლამის მომწოდებლებთან. ასევე გასაგებია, რომ ჟურნალისტების სტიმულირებისათვის ერთ-ერთი კარგი მეთოდი შესაძლებელია იყოს მათი ჩართვა ხელფასის ნაწილში, რეკლამიდან მოპოვებული შემოსავლებით, თუმცა ჩვენთვის, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისათვის, ამოსავალია საკითხისათვის კონკურენციის კუთხით შეხედვა. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტია ის, რომ ზიარად სარეკლამო ბაზარზე, განსაკუთრებით ახალშექმნილი ტელევიზიებისათვის, სამართლიანი მიდგომა არ იქნებოდა. ჩვენ ასევე გადავხედეთ საერთაშორისო პრაქტიკას და იმედი გამოვთქვით, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის განვითარების დონე და კომერციული ტელევიზიები თვისობრივად მაღალ სტანდარტზე იქნება, ჩვენ სამომავლოდ შეგვიძლია ასეთ მიდგომაზე ვიმსჯელოთ”, - განაცხადა რომან კაკულიამ. 

მან ასევე უარყოფითად შეაფასა სტარტაპებთან დაკავშირებული ინიციატივაც და აღნიშნა, რომ ”გამონაკლისების დაშვება, ორმაგი სტანდარტის წინაშე დადგომის საფრთხეს შექმნის”.