(EXCLUSIVE) როგორ პასუხობს კრიტიკას „მის საქართველო“ ნია წივწივაძე: „იდეალურიც რომ იყო, რაღაცას მაინც მოგიძებნიან“

11:51 12-18-2017
678

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი

 

პროფესიით პიარმენეჯერია. უყვარს ცურვა და წერა. ჰყავს კალათბურთელი ძმა, ბექა წივწივაძე, მოდელი რძალი, მანიკა ასათიანი და ფეხბურთელი შეყვარებული – ნიკა ჭანტურია. 4-5 წლის წინ მოხვდა სამოდელო ბიზნესში. მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მოდის კვირეულში. წელს პირველად სცადა ბედი სილამაზის კონკურსში და „მის საქართველო 2017“ გახდა. 24 წლის ნია წივწივაძე „პრაიმტაიმის“ სტუმარია. 

– ნია, არაერთი ღირსეული კონკურენტი გყავდა, თუ ელოდი გამარჯვებას?

– წელს მართლაც საუკეთესო ნაკადი იყო. მოლოდინი, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს გვქონდა. გულის სიღრმეში ყველა ვუშვებდით, რომ წარმატებას მივაღწევდით. ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მის საქართველო გავმხდარიყავი. 

 

– რა არის შენი ძირითადი პროფესია და სამოდელო სფეროში რა ასაკიდან მოხვდი?

– 4-5 წლის წინათ დავინტერესდი ამ სფეროთი, ეს იყო მოყვარულის დონეზე. მოდელობა არ არის ჩემი ძირითადი პროფესია. პროფესიით პიარმენეჯერი ვარ. საბავშვო გამომცემლობაში ვმუშაობ პიარმენეჯერად. ჩემი მეორე საქმიანობა ბლოგერობაა. ჩემი ბლოგი მაქვს, სადაც სტატიებს ვწერ. ამიტომ მეორე საქმიანობად უფრო ამას მივიჩნევდი ყოველთვის, ვიდრე სამოდელო ბიზნესს. 

 

– როგორ მოვედი ამ სფეროში?

– მეგობრებმა მირჩიეს, იქნებ სცადო კონკურსზე გასვლა, ეს შენი კარიერის განვითარებასაც შეუწყობს ხელსო. დავეთანხმე, ვიფიქრე, თუ ვერ გავიმარჯვებ, ბევრ საინტერესო ადამიანს გავიცნობ, გამოცდილებას შევიძენ-მეთქი. 

 

– ანუ მანამ სანამ ამ კონკურსში მიიღებდი მონაწილეობას, ამ სფეროში გამოცდილება არ გქონია?

– გამოვსულვარ ჩვენებებზე, მოდის კვირეულებზე, მაგრამ გამოცდილ მოდელად არ აღვიქვამდი თავს. ეს ჩემი პირველი კონკურსია ამ სფეროში. 

 

– როგორ უყურებ ამ სფეროს, საქართველოში მოდელობა არც ისე პრესტიჟულ პროფესიად ითვლება რატომღაც...

– მართალია, მოდელობა ჩვენს ქვეყანაში არც ისე პრესტიჟულია, მაგრამ ბევრი ძალიან კარგი მოდელი გვყავს, რომელიც საზღვარგარეთ საკმაოდ წარმატებულია. ამდენად ამ პროფესიის მიმართ დამოკიდებულებაც წლიდან წლამდე იცვლება. უფრო და უფრო კარგი თაობა მოდის და ვფიქრობ, ჩვენც მივალთ იმ დასკვნამდე, რომ მოდელობა ხელწამოსაკრავი პროფესია ნამდვილად არ არის. 

 

– უსიამოვნო დღეც უნდა გაგახსენო, ბათუმში, სასტუმროში, რომელიც „მის საქართველოს“ კონკურსანტებს მასპინძლობდა, ხანძარი გაჩნდა, ტრაგედია დატრიალდა. როგორ გაიხსენებ იმ წუთებს, სტრესი იყო, ალბათ...

– ზოგადად, პანიკაში არ ვვარდები ხოლმე და იმ მომენტში საკმაოდ მშვიდად შევხვდი ამ ყველაფერს. გვიან გავაცნობიერე საფრთხე, როცა კადრები ვნახე და დაღუპულების შესახებაც შევიტყვეთ. ერთმანეთს ვამხნევებდით გოგონები. ყველაფერი გააკეთეს სასტუმროს პერსონალმა, მეხანძრეებმა და მაშველებმა, რომ იქიდან უვნებლები გამოვსულიყავით. მართლა გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ სავახშმოდ ვიყავით რესტორანში, ყველაზე უსაფრთხო ადგილას იმ მომენტისთვის. 

 

– ამ შემთხვევამ, ბუნებრივია, ორი კვირით გადაწია კონკურსი. შენ გამარჯვებული ხარ. რას იტყვი შენს კონკურენტებზე, ფავორიტები თუ გყავდა?

– მათ კონკურენტებს ვერ დავარქმევ, იმდენად ახლო ურთიერთობა გვქონდა, მათ როგორც მეგობრებს, ისე ვუყურებ. 

 

– ტყუილია, რომ მსგავს კონკურსებში კონკურსანტები კაბებს, ფეხსაცმელებს უმლავენ ერთმანეთს?

– არ ვიცი, სადღაც შეიძლება ხდება და მე გამიმართლა, რომ ასეთი კონკურსანტები შემხვდნენ, ჩვენთან ეს დამოკიდებულება ნამდვილად არ ყოფილა. პირიქით, ყველაფერში ვეხმარებოდით ერთმანეთს და ისე დავმეგობრდით, იმაზეც კი გვქონდა ლაპარაკი, რომ ახალ წელს ერთად შევხვდეთ. 

 

– ნია, ოჯახზეც გვიამბე...

– მამას თავისი ბიზნესი აქვს, დედა დიასახლისია, მთლიანად მე და ჩემს ძმას მოგვიძღვნა თავი. ჩემი ძმა ხუთი წლით არის ჩემზე უფროსი, კალათბურთელია.

 

– და... გყავს ძალიან ლამაზი რძალი, მოდელი, მანიკა ასათიანი...

– ჰო, რძლად ვერც აღვიქვამ მანიკას. თითქმის ტოლები ვართ მე და მანიკა და იმდენად მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, სულ მგონია, რომ მთელი ცხოვრება ვიცნობ. 17 წლის იყო, როცა ჩვენს ოჯახში შემოვიდა და შეიძლება ითქვას, ერთად გავიზარდეთ. 

 

– შენი შეყვარებული ნიკა ჭანტურიაც სპორტსმენია, ფეხბურთელი...

– ჰო, მიუხედავად იმისა, რომ სპორტი ძალიან მიყვარს, არ მინდოდა სპორტსმენი შეყვარებული მყოლოდა. ეს ჩემი ძმისგან გამომდინარე იყო. სადმე ერთად წასვლა რომ გვინდოდა ოჯახს, სულ ჩემს ძმას ველოდებოდით, რომ „ზბორებიდან“ ჩამოსულიყო... მაგრამ ასე მოხდა. საერთო მეგობრების წრეში გავიცანით მე და ნიკამ ერთმანეთი, მოვიხიბლეთ და ასე დაიწყო. უკვე ორი წელია, რაც ერთად ვართ. 

 

– როგორ უყურებს ნიკა შენს სამოდელო კარიერას?

– ერთ-ერთი, ვინც ამ კონკურსზე მონაწილეობას მირჩევდა, ნიკა იყო. 

 

– ეჭვიანია?

– ამ კუთხით არა. 

 

– შენ?

– მე ბუნებით ვარ ეჭვიანი, მაგრამ ნიკასთან მიმართებაში საბაბი არ მქონია. 

 

– გარდა სამოდელო ბიზნესისა და ძირითადი პროფესიისა, კიდევ რა ინტერესები გაქვს?

– ცურვა მიყვარს და კიდევ წერა.

 

– რა თემებზე წერ შენს ბლოგზე?

– ყველაფერზე, მოგზაურობაზე, ძირითადად ჩემზე, შთაბეჭდილებებს ვუზიარებ ხოლმე ჩემს მკითხველს. პატარა გოგონები მწერენ ხოლმე, რჩევებს მეკითხებიან. მეც მსიამოვნებს მათთვის გამოცდილების გაზიარება. 

 

– ნია, ასეთი კონკურსის გამარჯვებულებს ხშირ შემთხვევაში არ ინდობენ სოციალურ ქსელში, ყოველთვის მის ნაკლზე საუბრობენ და რბილად რომ ვთქვათ, აკრიტიკებენ. შენ როგორ რეაგირებ ასეთ კომენტარებზე?

– როცა ამ კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე, ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი. იდეალურიც რომ იყო, რაღაცას მაინც მოგიძებნიან.

 

– შენ რას გიწუნებენ?

– ამბობენ, რომ მანიკას მული რომ ვარ და ბექას და, ჩავაწყვე კონკურსის მოგება. ზოგადად, კრიტიკას მივესალმები, ჯანსაღად თუ გამაკრიტიკებენ, გავითვალისწინებ და ეს უკეთესობისკენ შემცვლის. თან ამ ხნის განმავლობაში იმდენი დადებითი კომენტარი მივიღე, უარყოფითს აღარ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას. 

 

– ისეთი კრიტიკაც შეგხვდა, რასაც მომავალში გაითვალისწინებ?

– ერთმა დაწერა, უფრო გახსნილი უნდა გახდესო. მეც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე თავდაჯერებულობა მაკლია. ეს სასარგებლო კრიტიკაა. ვეცდები, მაქსიმალურად გავითვალისწინო ყველა კრიტიკა და უკეთ წარმოვჩნდე მსოფლიო კონკურსზე. ამისთვის დიდი დრო, მთელი ერთი წელი მაქვს წინ. 

 

– თავად რა შენიშვნები გაქვს საკუთარ თავთან? 

– (იცინის) იმდენად დავიბენი, როცა გამარჯვებულად დამასახელეს... თავიდან კარგად ვაკეთებდი ხელის მოძრაობას სიარულის დროს, მაგრამ მეორე წრეზე რომ წავედი, ცოტა გავშეშდი (იცინის). იმ წუთებიდან ბევრი რამ არ მახსოვს. ახლა ჩანაწერს რომ ვუყურებ, ვხვდები, რას ვაკეთებდი. 

 

– არ გიტირია?

– როგორ არა, ცრემლები წამომივიდა სიხარულისგან, მაკიაჟიც გამიფუჭდა. გოგონები რომ მეხუტებოდნენ და მილოცავდნენ, იმდენად გულწრფელი იყო ეს ყველაფერი, რომ გული ამიჩუყდა. 

– წარმატებები მსოფლიო კონკურსზე.

– დიდი მადლობა.