დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულების, ე.წ. მატროსოვის ციხის ადმინისტრაციას ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლასა და მსჯავრდებული დეკანოზის პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ადვოკატებმა მიხეილ რამიშვილმა და თამარ ავალიანმა ბრიფინგი გამართეს.
„11 დეკემბერს ვიმყოფებოდი მე-9 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესა და ერთ-ერთ ბანკს შორის ავეჯის განვადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები ხელმოსაწერად შევიტანე. დაწესებულებაში შესვლისას დოკუმენტების შეტანაზე ჩემთვის უარი არ უთქვამს და არ ჩამოურთმევიათ. პატიმართან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც ისევ გავდიოდი შემოწმებას, ოთახში შემოვიდა პირი, რომელმაც განაცხადა, რომ არის დაწესებულების უფროსის მოადგილე. მან ამიკრძალა ამ დოკუმენტების „გარეთ“ გატანა, იმ მოტივით, რომ ისინი არ უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმეს, რაზეც დეკანოზი სასჯელს იხდის. მე ავუხსენი, რომ პენიტენციურ დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება ადვოკატისთვის ჩამოერთმია დოკუმენტაცია, რომელიც გიორგი მამალაძის საბანკო ურთიერთობას ეხებოდა და რომ ეს იყო პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაცნობის უფლებაც დაწესებულებას არ ჰქონდა. სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლებს შევთავაზე, რომ როდესაც გავიდოდი დაწესებულებიდან, ხელახლა გამოვწერდი საშვს, დავბრუნდებოდი პატიმართან და თავად გადავცემდი მის პერსონალურ დოკუმენტაციას, რაზეც მივიღე აგრესიული პასუხი, რომ ამ დოკუმენტით ადვოკატი ვერსად ვერ გადაადგილდებოდა და რომ უნდა ჩამოერთმიათ დოკუმენტაცია, რის შემდეგაც დოკუმენტებს მსჯავრდებულს თავად გადასცემდნენ. საბოლოოდ, ზეწოლით მან ეს დოკუმენტაცია ჩამომართვა. 13 დეკემბერს კი ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები, რაც წარმოადგენდა მამა გიორგის პერსონალურ ინფორმაციას, დაწესებულების წარმომადგენლებმა მსჯავრდებულს არ დაუბრუნეს და გადასცეს გამოძიებას”, - განაცხადა ავალიანმა.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით კი, დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველები სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებენ, განმარტოს რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ადვოკატისთვის აღნიშნული დოკუმენტების ჩამორთმევა.
”საინტერესოა, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ადვოკატის აღნიშნული დოკუმენტებით დაწესებულებაში შეშვება. ასევე გვაინტერესებს, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა აღნიშნული დოკუმენტების გამოძიებისთვის გადაგზავნა. გარდა ამისა, მოვითხოვთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სასწრაფო წესით დაიწყოს მოკვლევა ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და მსჯავრდებულის პირადი, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე”, - განაცხადა რამიშვილმა.