,,ვეტოზე საუბარი საერთოდ არ გვქონია", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, შეხვედრა იყო საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული .
,, ჩვენ ძალიან დეტალურად ავუხსენით იმ გეგმების შესახებ, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და იმ კანონპროექტის არსი, რომელიც არის პარლამენტში შეტანილი და რომელსაც ბევრი ჩვენი ოპონენტი განზრახ თუ უნებლიედ არასწორად განმარტავს. ჩვენ ყველა მუხლი ბოლომდე ჩავიარეთ. ეს იყო საინტერესო შეხვედრა. საქმიან ვითარებაში ჩაიარა და საინტერესო იყო", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდნენ შეხვედრას ბორდის წევრები ვასილ მაღლაფერიძე პასუხობს: ,,არ ვიცი ბორდის წევრები რატომ არ ესწრებოდნენ. ჩვენ დაგვიძახეს და მოვედით".
რაც შეეხება კომერციული რეკლამის შესყიდვის ნაწილს ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ეს მედიაპლურალიზმს ხელს შეუწყობს.
,,ძალიან ტრაგიკულად ნუ დახატავთ, რომ საარსებო წყაროს გართმევთ. პირიქით, მედია პლურალიზმი თითოეული მოქალაქისთვის არის აუცილებელი და თითოეული მოქალაქის მონაპოვარია. ჩვენ ამ სიკეთეს ვქმნით და ინსტრუმენტები ვართ, თორემ პლურამიზმი ძლიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე არ იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ის ინსტიტუტი, გაეცანით ევროპის და მთელი მსოფლიოს პრაქტიკას, რომელიც ასევე არის აუცილებელი. ეს არ არის 53 მილიონი. მედიაპლურალიზმი რომ იყოს უნდა დააზუსტოთ. მე მზად ვარ ყველა საქმიანი შეხვედრისა და საუბრისთვის. ჩვენც გავიგეთ პრეზიდენტის პოზიციაც და პრეზიდენტი ჩემი", - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა.
ვასილ მაღლაფერიძე ინტელექტუალური პროდუქტის ტენდერით შესყიდვის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უაზრობაა სერიალისა და გადაცემების ტენდერით შესყიდვა, ხოლო ამ თემაზე დაწყებული სპეკულაცია უსაფუძვლო. ,,შესყიდვები, რომელზეც მიდის კამათი და ხდება ამ თემით სპეკულირება და ამდენი ხნის განმავლობაში მიდიოდა კამათი, ანუ ფილმი და გადაცემა, რომ ტენდერით არ შეგვესყიდა, როგორც ცემენტი და კონდეციონერი ამით ხდებოდა სპეკულირება. ევროკავშირის მოთხოვნებშია, რომ 2019 წლიდან ამ ტიპის პროდუქცია ტენდერისგან გათავისუფლდეს, იმიტომ რომ უაზრობაა, ვისაც ოდნავ ტელევიზიაში გაუვლია მიხვდება, რომ უაზრობაა სერიალის შესყიდვა ტენდერით და მხოლოდ ფასით იყოს განსაზღვრული", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
პრეზიდენტი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მხარეებს შეხვდა. პირველი შეხვედრა 14:00- ზე გაიმართა და მას კერძო ტელევიზიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 16:00-ზე კი პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შეხვდა. კარს მიღმა შეხვედრას არ ესწრებოდნენ ბორდის წევრები და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები. კერძო ტელევიზიები პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვენ.