პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე მასა და "უცნობს" შორის დაპირისპირების შესახებ, ოპოზიციის კითხვებს უპასუხა.
როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არა "უცნობის" მიერ მისი გუნდის წევრების მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები, საერთოდ არ გააკეთებდა არანაირ კომენტარს ამ თემაზე.
„მოლოდინი გამართლდა? როდესაც მან მომმართა, მაშინვე ერთადერთი დავალება მივეცი ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომ ის გარკვეულიყო დეტალებში - იყო თუ არა კონკურენტული პირობები დაცული. რა თქმა უნდა, მან მოიკითხა ეს საკითხი და მივიღე ამომწურავი პასუხი. აქედან გამომდინარე, მე დავასკვენი, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალედ და კანონის დაცვით იყო ჩატარებული ტენდერი და რომ არ გაეკეთებინა გია გაჩეჩილაძეს შეურაცხმყოფელი განცხადება ჩემი გუნდის წევრების მიმართ, საერთოდ არ ვაპირებდი არანაირი კომენტარების გაკეთებას ამ თემაზე. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ტენდერი, მე სპეციალურად შევისწავლე. მე ამის უფლება მაქვს, ვინაიდან ვარ მთავრობის მეთაური და მთავრობის ტენდერზეა საუბარი და ეს არ არის ზეწოლა არავისზე. ტენდერი იყო კანონის ზედმიწევნით დაცვით ჩატარებული და ჩემი რეაგირება დასრულდა სწორედ აქ, ვინაიდან არავის არ უნდა ჩაეთვალა, რომ მეგობარს დავეხმარე და ჩემი თანამდებობა ამისთვის გამოვიყენე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება გადადგომის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მისი განცხადება ეხებოდა გადადგომას, თუკი რაიმე კანონდარღვევა დაფიქსირდებოდა, თუმცა ის დარწმუნებული იყო რომ ტენდერი კანონის დაცვით ჩატარდა.
„ჩემს კომენტარს, რომელიც გავაკეთე იმიტომ, რომ ჩემი გუნდის წევრები გია გაჩეჩილაძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია, მოჰყვა პოლიტიკური ქარიშხალი - არიქა გადადგება, არ გადადგება და ა.შ. მინდა გავაწბილო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთ მოლოდინებს ტირაჟირებს“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.