იუსტიციის სამინისტრო: „ხათუნა გოგორიშვილი ცრუობს"

19:20 12-20-2017
197

ხათუნა გოგორიშვილის განცხადება, რომ იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა მას ინფორმაციის გაცემაზე, სიცრუეა - ამის შესახებ პრაიმტაიმს იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ხათუნა გოგორიშვილმა 2017 წლის 25 აპრილს მიმართა იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია ცენტრალური აპარატისა და სსიპ-ების თანამდებობის პირების  2016 წლის შრომის ანაზღაურების რაოდენობის თაობაზე.

აისს დეპუტატს გაეგზავნა საპასუხო წერილი დანართი დოკუმენტებით, რომლებშიც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სსიპ-ების ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურებაზე.  რაც შეეხება სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების საკითხს, წერილში აღნიშნული იყო, რომ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა, მათ შორის, თანამდებობის პირთა, შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე. წერილში  მითითებული იყო ელექტრონული მისამართი სამინისტროს საიტიდან, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს ინფორმაცია http://justice.gov.ge/Ministry/Index/469.  

იუსტიციის სამინისტრო მითითებულ ელექტრონულ მისამართზე პროაქტიულად აქვეყნებს ინფორმაციას არა მარტო თანამშრომლების შრომით ანაზღაურების თაობაზე, არამედ − სახელმწიფო შესყიდვების, ბალანსზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონების, მივლინების, საკომუნიკაციო, საწვავის და სხვა ხარჯების შესახებ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხათუნა გოგორიშვილმა უმცირესობის ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ არ მისცა  ინფორმაცია სამინისტროს თანამდებობის პირთა და სსიპ-ების ხელმძღვანელების 2016 წლის შრომის ანაზღაურების შესახებ.