თოვლი, სიყვარული, მარტოობა და ახალი წელი – პრემიერაზევე გაჰიტებული სიმღერა „თოვს“

13:56 12-21-2017
1823

ნოსტალგიური ახალი წლის განწყობა შექმნეს წინა კვირას კინოთეატრ „ამირანში“ შეკრებილი მაყურებლისთვის თემო საჯაიამ, ვერიკო ტურაშვილმა და ანრი ჯოხაძემ. თემო საჯაიას ულამაზეს სიმღერას – „თოვს“ პრემიერის შემდეგ უკვე მაყურებელიც ღიღინებდა. კლიპის რეჟისორი ანრი ჯოხაძეა. არანჟირება ოთხ ინსტრუმენტალისტს  – პაატა ანდრიაძეს, უჩა მეტრეველს, ზაზა ცერცვაძესა და ლევან დეისაძეს – ეკუთვნის.  სანამ სიმღერის სატელევიზიო პრემიერაც შედგება და მაყურებელიც ნახავს, „პრაიმტაიმმა“ ახალი კლიპის მთავარი გმირები და მომღერლების კოლეგები და მეგობრები ჩაწერა.

თემო საჯაია:

– თემო, რისი თქმა გინდოდა ამ სიმღერით?

– როცა თოვს, როცა ახალი წელია, როცა თითქოს ყველაფერი რიგზეა, ერთადერთი, რაც შენს გულს აშფოთებს, ის არის, რომ შენს გვერდით არ არის ადამიანი, ვინც გიყვარს, ვინც გათბობს.

ვერიკო ტურაშვილი:

– თემოს დიდი მადლობა, რომ გადაწყვიტა, ეს სიმღერა გაეყო ჩემთვის. ძალიან მაგარი მეგობარი და მუსიკოსია.  და, რა თქმა უნდა, ანრის, ჩემს ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ადამიანს, რომელსაც ეკუთვნის კლიპის რეჟისურა. 

ანრი ჯოხაძე:

– თავიდან ძალიან მინიმალისტურად დავგეგმეთ ამ კლიპის გადაღება, თითქმის თეთრ ფონზე ვაპირებდით, მაგრამ მერე, მადა ჭამაში მოდისო და გავფართოვდით. იმდენად ლამაზი სიმღერაა, ის თავის სათქმელს მაინც იტყოდა მინიმალისტური კლიპითაც, მაგრამ ვერ ვაკადრეთ. ვიდეორგოლში არის ამბავი ქალისა, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს, მაგრამ იმდენად მარტოა სულიერად. ერთადერთი საყვარელი არსება, ვინც ჰყავს, არის ძაღლი. ამდენად სენტიმენტალური სანახავიცაა კლიპი. 

– რა იყო შენი მთავარი სათქმელი ამ კლიპით?

– რომ ფული არაფერს არ წყვეტს, მთავარი სიყვარულია. 

კახა კუხიანიძე:

– ჩაწერის წუთიდან ძალიან მომწონს ეს სიმღერა. რაც შეეხება კლიპს, ძალიან პოზიტიურია, დადებითად დამუხტული გამოვედი კინოდარბაზიდან.  წარმატებებს ვუსურვებ ამ ორ გემრიელ მომღერალს და ანრის, რომელმაც ძალიან ლამაზი სურათი გვაჩვენა. ცოტა შეშინებულიც ვარ, ორი დღის წინ ჩემი და ვერიკოს კლიპი ნახა სწორედ ამ საზოგადოებამ და მეშინია, ამ ორმა დუეტმა არ შეჭამოს ერთმანეთი. 

მაია ბარათაშვილი:

– ძალიან მომეწონა, ვულოცავ ვერიკოს, თემოს და ანრის, ამ შესანიშნავი ტანდემის გამომზეურებას. ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. მომწონს თემოს შემოქმედება, ლამაზი სიმღერაა, რომანსისა და რომანის ხასიათზე გაყენებს. მათ მიერ განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფზე ეს სიმღერა ძალიან კარგად იმუშავებს. ანრიმ სწორად დაინახა სიმღერის არსი, ლამაზად გადმოსცა დეტალები კადრებით, რომელმაც კიდევ უფრო გასაგები გახადა სიმღერა.

დალი ჩიტალაძე:

– არ ისმოდა, ჩემი და აჩიკო მეფარიძის გახმოვანებები პრემიერის დროს? დარბაზში ვყვიროდით, ისე მოგვწონდა ცალკეული ადგილები. მომეწონა სიმღერაც, არანჟირებაც და დიდი ანრის ნამუშევარიც. უნდა აღინიშნოს, ასევე, ლაშა ჯოხაძის სასწაული კოსტიუმები. როგორც პროფესიონალი, აქამდე სხვანაირად ვუყურებდი. 

სოფო ბედია:

– ძალიან ლამაზი, ძალიან ეფექტური და მუსიკალური იყო ეს ყველაფერი. მინდა მივულოცო ყველას, ვინც ამ კლიპზე და სიმღერაზე იმუშავა, ეს წარმატება.

– სოფო, შენ სად იმღერებ ახალ წელს?

– წელს ჩემს სამეგრელოს მოვეფერები. 

 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი