„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ვერიკო ტურაშვილს კახი კალაძემ დაურეკა. საუბრის თემა საახალწლო კონცერტი გახლდათ. ცოტა ხნის წინ სწორედ „პრაიმტაიმი“ წერდა, რომ ვერიკო საახალწლო კონცერტებში მონაწილე მომღერალთა სიაში ვერ მოხვდა. ჩვენ მას დავუკავშირდით.
- ვერიკო, მართალია, რომ ქალაქის მერმა დაგირეკათ?
- კი, ასეა. მითხრა, რომ დიდი სურვილი აქვს საახალწლო კონცერტზე ვიმღერო. მეც დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ არ ვიცი ვიღაცის ინტერესის გამო თუ სხვა მიზეზით, ვერ მოვხვდი სიაში - მეთქი, ვუპასუხე. არავის პირადი ინტერესები არ მაინტერესებს, ჩვენ გვინდა ყველა მომღერალი იდგეს საახალწლო სცენაზეო, მითხრა. მადლობა გადავუხადე. ძალიან მესიამოვნა, პირადად რომ დაინტერესდა ქალაქის მერი ჩემით. ამას გარდა სხვა რამდენი საქმე აქვს. მითხრა, რომ აუცილებლად დამიკავშირდებოდნენ. ეს საუბარი 3-4 დღის წინ შედგა. ჯერ-ჯერობით არავის დაურეკავს.
- ვერიკო, როგორ გგონია, მერის ზარი შენმა ბოლო დროინდელმა გააქტიურებამ გამოიწვია, შენს ახალ კლიპებს ვგულისხმობ...
- ვერ გეტყვით, რა მიზეზია. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია რომ სურვილი დიდია მომღერლების ამორჩევა აღარ მოხდეს და დამთავრდეს იმისიანი და ამისიანი სცენაზე მაინც... აქამდე არ გამიხმაურებია მერის ზარის შესახებ, ახლა პირველად ვამბობ, რადგან მკითხეთ... ზარს ველოდები, ძალიან მინდა ჩემი და თემო საჯაიას ახალი სიმღერა, რომელიც ფაქტიურად უკვე გაჰიტდა, საახალწლო სცენაზე ვიმღეროთ. რადგან დრო ისედაც ძალიან ცოტაა და ახალ რეპერტუარზე ფიქრი უკვე დაგვიანებულია.
ნინო მჭედლიშვილი