საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებული გუშინდელი განცხადება ბაღებთან დაკავშირებით, არაკომპეტენტური იყო.
როგორც გამზარდიამ პრაიმტაიმთან საუბარში აღნიშნა, პრემიერის კომპეტენციაში არ შედის ბაღებთან დაკავშირებული საკითხები, და როდესაც პირდაპირ ავალებს თვითმმართველობას და ახდენს ჩარევას მასში, ეს არის კატასტროფა, ფაქტობრივად დიქტატურასთან მიახლოება ხელისუფლების.
რაც შეეხება ბაღებში გადასახადების შესაძლო დაწესებას, გამზარდია ფიქრობს, რომ ეს ქვეყნის ისედაც მძიმე სოციალურ ფონს, კიდევ უფრო დაამძიმებს.
პირველ რიგში, როდესაც ხელისუფლება აპელირებს იმ მიდგომით, რომ მდიდარმა რაღაც უნდა გადაიხადოს და ასე შემდეგ, უნდა ჰქონდეს სამართლიანი სოციალური შეფასების სისტემა. ეს სისტემა ერთადერთ ნაწილში შედარებით დაკორექტირდა, ეს იყო სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის და იქაც ძალიან ბევრი უკმაყოფილოა. ხელოვნურად არის ხოლმე შემცირებული საქართველოში სიღარიბის ზღვარი, რითაც ქუმსიშვილმა მთავრობის დამტკიცების წინ თავი მოიწონა. ხელისუფლება ცდილობს ბოლო თეთრები ამოფხიკოს მოქალაქეებისაგან. ასეთი პოლიტიკით, იმ მოსახლეობის გაღატაკება მოხდება, რომელიც სიღარიბის ზღვარს ზემოთაა და ე.წ. საშუალო ფენა აღარ იარსებებს. ახლა საუბარია იმაზე, რომ ბაღებში მოხდეს მსგავსი რამე, როდესაც ქართული ოცნების ერთ -ერთი სავიზიტო ბარათი იყო ადამიანზე სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც სინამდვილეში პირიქითაა, - აცხადებს საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი.
მისი თქმით, ვისაც დღეს შესაძლებლობა აქვს, პრაქტიკულად, კერძო ბაღში დაჰყავს ყველას ბავშვი.
სახელმწიფო ბაღი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გამართულია, ბევრი ბავშვია და მთელი რიგი თემებია, რის გამოც, საშუალო შემოსავლიან მშობელს ურჩევნია ბავშვი კერძოში ატაროს. ბაღში პრაქტიკულად, ღარიბი, უკიდურესად ღარიბი და საშუალოს მიახლოებული ფენის ოჯაცხებს დაჰყავთ ბაღები და თუ იქაც ამ უსამართლო შეფასების სისტემით მოხდება ამ ადამიანების დაყოფაც, პრაქტიკულად მძიმე სოციალურ ფონს მივიღებთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად გადავა პროცესი სკოლაზე, წიგნების დარიგებაზე და ა.შ, - აცხადებს გამზარდია.
გუშინ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას ამტკიცებდნენ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ვისაც ბაღის გადასახადის გადახდა შეუძლია, უნდა გადაიხადოს, რის მიზეზადაც ბიუჯეტში ბაღებში ბავშვების რაოდენობის გაზრდის გამო წარმოქმნილი პრობლემა დაასახელა.