"არ დაგვავიწყდეს, ახალი წლის შემდეგ, კვლავ იმატებს გადასახადები..." - არჩილ გამზარდია

13:11 12-22-2017
291

საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორი, ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბაღებში გადასახადები დაწესდება, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

როგორც გამზარდიამ "პრაიმტაიმთან" განაცხადა, მას ორი შვილი ყავს, რომელთაგან ერთი ბაღში დაყავს და სავარაუდოდ, ამ პრინციპით, გადასახადის გადახდა ალბათ მოუწევს. 

"ალბათ მოიწევს გადახდა მაშინ, როდესაც ჩემნაირი ოჯახები სულდგმულობენ და არ ცხოვრობენ. თუ ეს გავრცელდება ბაღზეც, სკოლაზეც, გამოიწვევს მოსახლეობის უფრო გაღარიბებას. ასეთ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს კიდევ ჩემზე უფრო უარესი სოციალური მოცემულობის მქონე ოჯახი. ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად აიცილოს ყველა თემა, რაც ადამიანს ემსახურება, მათ შორის წინა დღეებში პარლამენტმა უარი თქვა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონის მიღებაზე. ორი მოსმენით მიღებული იყო და გადაავადა. ბოლო სამ წელში რაც ადამიანის, მოქალაქის ინტერესზეა მიმართული, აბსოლუტურად უგულვებელყოფილია, მე მახსენდება მეფე ლუი ლუდოვიკოს პერიოდი, როდესაც გაღარიბებულ მოსახლეობას ბოლო გროშებს ართმევდა ხელისუფლება, ზუსტად ამ რეჟიმში ვცხოვრობთ დღეს და უარესში გადავდივართ ხვალ. არ დაგვავიწყდეს, ახალი წლის შემდეგ, კვლავ იმატებს გადასახადები კომუნალური მიმართულებით", - განაცხადა გამზარდიამ. 

გუშინ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას ამტკიცებდნენ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ვისაც ბაღის გადასახადის გადახდა შეუძლია, უნდა გადაიხადოს, რის მიზეზადაც ბიუჯეტში ბაღებში ბავშვების რაოდენობის გაზრდის გამო წარმოქმნილი პრობლემა დაასახელა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე