პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ბაღების დაფინანსების ახალი სქემის აუცილებლობაზე, ბაგ-ბაღების სააგენტოს ახალი დირექტორი გამოეხმაუარა.
როგორც კახა გვანცელაძემ აღნიშნა, სააგენტო ცვლილებების შემთხვევაში ვალდებული იქნება შესაბამისი მითითებები შეასრულოს.
"პრემიერმა თავად აღნიშნა, რომ ეს არის იდეა, რომელიც განხილვის პროცესშია. ჩემს პოზიციას რაც შეეხება, თვითმმართველობის აღმასრულებელი რგოლი ვართ, შესაბამისად, რა საკანონმდებლო ცვლილებაც განხორციელდება, აღვასრულებთ ამ გადაწყვეტილებას. კანონი დგას ჩემს აზრზე მაღლა. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, თანხები სხვადასხვა წელს სხვადასხვაა. თუმცა ბაღების მშენებლობა გათვალისწინებულია მომავალ წელსაც. ბაღების მშენებლობის კუთხით, თავისთავად ხარჯები იზრდება",- განაცხადა გვანცელაძემ.
შედგა თუ არა პრემიერმინისტრთან კომუნიკაცია ამ საკითხზე, რა ვერსიები განიხილება და როდიდან შეიძლება შევიდეს კანონში ცვლილება, გვანცელაძე კომენტარს არ აკეთებს.
პრემიერმინისტრის განცხადებით, ოჯახებმა, რომელთაც საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ეს გადასახადი უნდა გადაიხადონ.