"შერჩევითი სამართალი და მოქალაქის უუფლებობაზე დაფუძნებული სახელისუფლებო პოლიტიკა" - არჩილ გამზარდია

17:08 12-25-2017
240

გუშინ პოეტი ზვიად რატიანის მიმართ პოლიციამ სავარაუდოდ ძალადობა გამოიყენა, შემდეგ კი პოლიცია იმით „გაამართლეს“, პოეტი იგინებოდაო. თუ მეხსიერება არ მღალატობს, და მგონია, რომ არ მღალატობს, ღირსების გინებით დაცვის მაგალითი ჩვენ თავად პრემიერ მინისტრმა მოგვცა, ხოლო საკანონმდებლო ორგანოს სახელისუფლებო პარტიამ გაამართლა, კაცური იყო ღირსების გინებით დაცვაო.

ლოგიკურია, რომ ქვეყანა, სადაც პრემიერი დაუსჯელი რჩება სხვისი უფლებების შელახვის მიუხედავად და მოქალაქეს საკუთარი უფლებების დაცვის გამო ხელისუფლებას ცემს პოლიციელის ხელით, იმ ხელისუფლების პოლიტიკისადმი შეკითხვები ჩნდება. საკანონმდებლო ორგანოს მმართველი პარტიის ნაწილი „გვერდით“ დაუდგა პრემიერს; 

ჩვენი მმართველი ძალის მარგალიტები მხოლოდ ამაზე არ გაჩერებულა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძე აცხადებს - „ჩვენ ამომრჩეველს დავპირდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნებოდა რისკ ფაქტორი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენ ეს პირნათლად შევასრულეთ.“ მე დავეთანხმებოდი ბატონ ირაკლის, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა არ არის საშიში, მაგრამ მიკვირს, რატომ არ ლაპარაკობს მისი პარლამენტის თავმჯდომარე იმაზე, რამდენად დიდი რისკფაქტორია თავად ქართული ოცნება დღეს საქართველოს დემოკრატიისათვის?

პარლამენტის თავმჯდომარემ თავის მოსაზრებებს კიდევ ერთი მარგალიტიც მოაყოლა. მისი თქმით, “ორნახევარჯერ მეტ მანქანას თბილისელები ვერ იყიდიდნენ რომ არ იყოს ეკონომიკური წინსვლა.” ამ ფრაზაზ ის ამბავი გამახსენდა, წლების წინ ერთმა ქალმა თავის დაცვა რომ სცადა და მაშინდელი ხელისუფლების გულშემატკივარმა რომ თქვა, რადგან თავს იწვავდა, ე.ი. ბენზინის ფული ჰქონდაო. სწორედ ასე გამოუვიდა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარესაც.

ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ისევე, როგორც პრემიერმა და მთლიანობაში ხელისუფლებამ,  ამ თვითშემქები შეფასებით ფრთხილად აუარა გვერდი იმას, თუ რამდენს აქვს საქართველოში კრედიტი, რამდენი ვალით ყიდულობს ავტომობილსაც, რომ ეგებ ან დისტრიბუციაში ან ტაქსაობით ორიოდე თეთრი იშოვნოს;  

ასევე გვერდი აუარა სრულად გაძვირებულ პროდუქტებს, უუფლებო დასაქმებულებს, ყოველდღე სამუშაო ადგილზე გარდაცვლილ ადამიანებს და ასე შემდეგ. მეტიც, პარლამენტში რამდენიმე დღის წინ, მმართველმა ძალამ შრომის ინსპექციის შესახებ კანონპროექტი ორი მოსმენის შემდეგ გადაავადა, ანალოგიური შემთხვევა იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხითაც, შემდეგ გადავადებულ კანონპროექტს ვადა გაუვიდა მესამე მოსმენაზე გატანისათვის და ხელახლა ინიცირების, ბიუროკრატიის და ფორმალიზების მთელი კასკადი ხელახლა ხდება გასავლელი. 

შეიძლება ითქვას, მმართველი პარტიის მთავარი ინტერესი ნათლად ჩანს, ყველაფერი რაც ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, ქართული ოცნებისთვის მიუღებელი ხდება, ხოლო რაც ხელისუფლებისთვის მისაღებია, ის მხოლოდ განსაზღვრულ ინტერესთა ჯგუფებს ეხება და არა მოქალაქეებს. 

 

არჩილ გამზარდია