"ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში იყო, როდესაც აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი და ჩამოგვიყვანა ორნი..."- მაია ასათიანი

23:37 12-26-2017
24680

ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა საერთაშორისო ფონდ ოქროს ფრთის დაჯილდოვების ცერემონიალზე, მაია ასათიანმა მისი შვილის, ნუცას სახელობის პრიზები ოთხ სტუდენტს გადასცა. 

ტელეწამყვანმა მის ცხოვრებაში ყველაზე რთული დღე გაიხსენა და აღნიშნა, ჟურნალისტობა რთული და გრძელი გზაა, რომელზეც არის ორი არჩევანი - მოიპოვო, თუ დარჩე ადამიანად. ტელეწამყვანის თქმით, როდესაც ჟურნალისტებად შედგებიან, ხშირად მოუწევთ ამ ორიდან ერთ-ერთის არჩევა. 

ძალიან ამაღელვებელი მომენტია ჩემთვის, იმიტომ, რომ ჩემ შვილს ეხება. თქვენ მინდა ბავშვებო, ერთი ეპიზოდი მოგიყვეთ ჩემი ცხოვრებიდან. ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში სწორედ ის მომენტი იყო, როდესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი და ჩვენ ორნი ჩამოგვიყვანა თბილისში. მე ცოცხალი და ჩემი შვილი გარდაცვლილი. არასდროს დამავიწყდება, როდესაც ტრაპზე ფეხი დავდგი, დავინახე ზღვა ხალხი - მთელი ქართული მედია, ყველა ტელევიზია, ყველა რეჟისორი, ყველა ოპერატორი, ჟურნალისტი, ვისთანაც ვმეგობრობდი, ვისთანაც არ ვმეგობრობდი, ვისთანაც მიმუშავია, ვისთანაც არ მიმუშავია. ღამის 4 საათზე ყველა იდგა მდუმარედ, ყველა იყო ჩემთან ერთად. თქვენ ამ დიდ ოჯახში შემოხვედით, რომლებმაც მე არ მომცეს სიკვდილის უფლება, არ მომცეს გასაქანი და ერთადერთი გზა დამიტოვეს - მეცოცხლა. ამ დიდ ოჯახს შეუძლია დიდი მეგობრობა, ეს არის ალბათ ერთადერთი პროფესიული გაერთიანება, რომელიც ძალიან სწორად და ზუსტად იცავს კოლეგიალობას. ჩვენ დიდი მეგობრობა და დიდი მტრობა ვიცით, რადგან შეგვიძლია გაერთიანება და არ ვაჩაგვრინებთ არასდროს არავის. ამიტომ გილოცავთ ამ დიდ ოჯახში შემობრძანებას და ასე გეტყვით: ეს რთული გზაა, ძალიან გრძელი გზაა და  ყოველთვის ამ გზაზე არის არჩევანი - მოიპოვო ექსკლუზივი, თუ დარჩე ადამიანად. ამ პრიზს ოქროს ფრთა ჰქვია. დარწმუნებული ვარ, თქვენ ამ არჩევანს კარიერის განმავლობაში სწორად გააკეთებთ და ჩემთვის ეს ოქროს ფრთა ფრთებია საფრენად და არა კალამი საწერად, დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული, გაფრინდებით, თუ დარჩებით მიწაზე, - განაცხადა ასათიანმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე