რა მოთხოვნები ჰქონდა სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევს - საქმის დეტალები

12:38 12-28-2017
2271

21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, აჰმედ ჩატაევს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდა. ამის შესახებ ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დაკავებულთა საქმეში წერია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

როგორც ირკვევა, სპეცოპერაციის დროს აჰმედ ჩატაევის ერთ-ერთი მოთხოვნა იმ პირის გათავისუფლება იყო, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავა.

დადგენილების მიხედვით, მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, ჩატაევი ცეცხლის გახსნითა და ტერორისტული აქტების მოწყობით იმუქრებოდა. 

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი ის არის, რომ ჩატაევი ოქტომბერში თანამზრახველებთან ერთად თბილისში სხვა მისამართზე ცხოვრობდა, სალოსის ქუჩაზე კი მოგვიანებით გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისსა და პანკისში, რა დროსაც სუსმა 5 პირი დააკავა, რომლებიც აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულებს ბრალი უკვე  წარედგინათ. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე