"ნუცას" სახელობის სტუდენტური პრიზი "ოქროს ფრთა" ოთხ სტუდენტს გადაეცა

13:50 01-03-2018
205

საერთაშორისო ფონდ ოქროს ფრთის ფარგლებში, ტელეწამყვან მაია ასათიანის შვილის, ნუცა მახვილაძის სახელობის პრიზი დაწესდა, რომელიც წელს პირველად ოთხ სტუდენტს გადაეცა. 

იდეა, ფონდის პრეზიდენტს თამარ ფხაკაძეს ეკუთვნის. 

შარშან ოქროს ფრთამ შემოიტანა ინიციატივა, რომ ჩვენ დავაჯილდოვეთ სტუდენტები. უნივერსიტეტებს ვთხოვეთ, რომ მოეწოდებინათ მათი სია. იმიტომ, რომ დღეს ამ დარბაზში არის თითქმის ყველა პროდიუსერი, ტელევიზიის ყველა დირექტორი და ესაა ის გარემო, სადაც გავაცანით მათ ერთმანეთი. მართლაც, გაამართლა შარშანდელმა წამოწყებამ  და შარშანდელი სტუდენტი დღეს არის იბერიას წარმატებული ჟურნალისტი, ფალავანდიშვილი შოთა და მოხარულები ვართ. მინდა მოვიწვიო სცენაზე საბა ხვიჩია, ლოიკა ქსოვრელი, ნინო აბდალაძე და თათული ღვინიანიძე. თუმცა, წელს იქნება განსხვავებული, ოქროს ფრთამ დააწესა სპეციალური ჯილდო, რომელსაც ჰქვია ნუცა. არა იმიტომ, რომ ის იყო მაია ასათიანის შვილი, ის იყო წარმატებული ადამიანი და ამიტომ მინდა ნახონ, რა დაამშვენებს მათ გულებს, - განაცხადა თამარ ფხაკაძემ. 

ტელეწამყვანმა მის ცხოვრებაში ყველაზე რთული დღე გაიხსენა, რომელიც მისი შვილის გარდაცვალებას უკავშირდება. 

ძალიან ამაღელვებელი მომენტია ჩემთვის, იმიტომ, რომ ჩემ შვილს ეხება. თქვენ მინდა ბავშვებო, ერთი ეპიზოდი მოგიყვეთ ჩემი ცხოვრებიდან. ყველაზე მძიმე დღე ჩემს ცხოვრებაში სწორედ ის მომენტი იყო, როდესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი და ჩვენ ორნი ჩამოგვიყვანა თბილისში. მე ცოცხალი და ჩემი შვილი გარდაცვლილი. არასდროს დამავიწყდება, როდესაც ტრაპზე ფეხი დავდგი, დავინახე ზღვა ხალხი - მთელი ქართული მედია, ყველა ტელევიზია, ყველა რეჟისორი, ყველა ოპერატორი, ჟურნალისტი, ვისთანაც ვმეგობრობდი, ვისთანაც არ ვმეგობრობდი, ვისთანაც მიმუშავია, ვისთანაც არ მიმუშავია. ღამის 4 საათზე ყველა იდგა მდუმარედ, ყველა იყო ჩემთან ერთად. თქვენ ამ დიდ ოჯახში შემოხვედით, რომლებმაც მე არ მომცეს სიკვდილის უფლება, არ მომცეს გასაქანი და ერთადერთი გზა დამიტოვეს - მეცოცხლა. ამ დიდ ოჯახს შეუძლია დიდი მეგობრობა, ეს არის ალბათ ერთადერთი პროფესიული გაერთიანება, რომელიც ძალიან სწორად და ზუსტად იცავს კოლეგიალობას. ჩვენ დიდი მეგობრობა და დიდი მტრობა ვიცით, რადგან შეგვიძლია გაერთიანება და არ ვაჩაგვრინებთ არასდროს არავის. ამიტომ გილოცავთ ამ დიდ ოჯახში შემობრძანებას და ასე გეტყვით: ეს რთული გზაა, ძალიან გრძელი გზაა და  ყოველთვის ამ გზაზე არის არჩევანი - მოიპოვო ექსკლუზივი, თუ დარჩე ადამიანად. ამ პრიზს ოქროს ფრთა ჰქვია. დარწმუნებული ვარ, თქვენ ამ არჩევანს კარიერის განმავლობაში სწორად გააკეთებთ და ჩემთვის ეს ოქროს ფრთა ფრთებია საფრენად და არა კალამი საწერად, დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული, გაფრინდებით, თუ დარჩებით მიწაზე, - განაცხადა ასათიანმა.



ავტორი: ლილუ მიროტაძე