"მიკვირს ნაადრევად რომ ზეიმობენ გამარჯვებას..." - რამიშვილის კომენტარი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

18:27 01-03-2018
1795

ტელემწამყვანი შალვა რამიშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისმა ყოფილმა თანამშრომელმა თათია სამხარაძემ, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სასამართლო პროცესი მოუგო, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ რამიშვილმა "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა. 

"მოსამართლემ თქვა, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თათია სამხარაძის სარჩელი და მე დამეკისრა ეს თანხა. შესაბამისად, ამ მოკლე სარეზოლუციო ნაწილში არ ჩანს, როგორ იმსჯელა მოსამართლემ ე.წ. სექსუალური შევიწროების შესახებ და იმსჯელა თუ არა საერთოდ და როგორ შეაფასა ეს ფაქტი, მეორე მხარე აკეთებს მისთვის სასარგებლო ინტერპრეტირებებს. ეს გასაგებია, თუმცაღა ჭეშმარიტება ითხოვს, დაველოდოთ სამოტივაციო გადაწყვეტილებას. თვითონ სარეზოლუციო ნაწილში არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი არც შევიწროებაზე, არც დისკრიმინაციაზე. მშრალად წერია უბრალოდ, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ საერთოდ არ იყოს იქ ამ თემებზე ისეთი მსჯელობა, რომელიც მომჩივან მხარეს აწყობს. 

ტელეწამყვანის თქმით, დაახლოებით ერთ თვეში, თვენახევარში სამოტივაციო გადაწყვეტილება მზად იქნება. 

"მოსამართლემ თქვა, ზეპირად, რომ 2 000 ლარი დამეკისრა, თუმჯცა ეს თქვა ზეპირად, სარეზოლუციო ნაწილი ჩაბარებული არც არის, მითუმეტეს სამოტივაციოც. რაში მდგომარეობდა ეს საბაბი დარიცხვის, ეს ცალკე მსჯელობის საკითხია. ამაზე მოსამართლეს არაფერი უთქვამს და მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ნაადრევად ზეიმობენ გამარჯვებას", - განაცხადა რამიშვილმა და აღნიშნა, რომ ის, რმ თითქოს სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"სამწუხაროდ შევყოვნდი ცოტა ხნით, შემდეგ უკვე ვიყავი სასამართლოში და იქ გადმომცეს გადაწყვეტილების შინაარსი", - აღნიშნა რამიშვილმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე