"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ზაზა ბიბილაშვილს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული ოლეგ მელნიკოვის ჩვენება სარწმუნოდ არ მიაჩნია.
ამის შესახებ ბიბილაშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა და აღნიშნა, რომ არცერთი ჩვენება, რომელიც გირგვლიანის საქმეში დევს, არ არის პირდაპირი ჩვენება.
"პირდაპირი იმას ნიშნავს, რომ დამნაშავეს მოწმე ბრალს დებს იმ შემთხვევაში, როდესაც ის თავად შეესწრო ამ დანაშაულს. მან ეს ინფორმაცია უშუალოდ უნდა იცოდეს. არცერთი ასეთი ჩვენება ამ საქმეში არ არის. ერთადერთი პირდაპირი მოწმე, რომელიც ამ საქმეშ იყო, იყო დათა ახალაია, რომელმაც კატეგორიუალდ უარყო ის, რა ვერსიასაც პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურა აცხადებს, რომ ახალაია არის მიკერძოებული და შესაბამისად, მისი ჩვენება არ არის სარწმუნო, თუმცა თქვა, რომ ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი არ არიან მიკერძოებულნი და თქვა, რომ მათი ჩვენება სარწმუნოა. რამდენად დამაჯერებელია ეს, თქვენ თავად უნდა განსაჯოთ", - აღნიშნა ბიბილაშვილმა.
შეგახსენებთ, სწორედ 2013 წელს უკრაინიდან ექსტრადირებული ოლეგ მელნიკოვ ის აღიარებითი ჩვენების შედეგად დაუმძიმდა ბრალი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის საქმეზეც დღეს საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ოლეგ მელნიკოვი ჩვენებაში ჰყვება, თუ როგორ დაავალა კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მეუღლემ თაკო სალაყაიამ სანდრო გირგვლიანის მოშორება, რადგანაც ის თითქოსდა აწუხებდა მის თანმხლებ გოგონას.
მელნიკოვი ყვება, როგორ დააფარა ხელი მაშინდელმა ხელისუფლებამ რეალურ დამნაშავეებს და რა დაპირებებით აღმოჩნდა ციხეში 4 პიროვნება - კუდის თანამშრომლები: გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ყაჭავა და მიხეილ ბიბილური. მელნიკოვის თქმით, იმჟამინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი დათა ახალაიას დაჰპირდა, რომ დაკავებულებს შეიწყალებდა. მელნიკოვის აღიარებითი ჩვენების მიხედვით, მისი დაკითხვის პროცესს, გაურკვეველი სტატუსით, ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიაც ესწრებოდა, ხოლო რაც შეეხება წლების წინ მიცემულ განსხვავებულ ჩვენებას, მელნიკოვის თქმით, ის ვერსია მას არ ეკუთვნის:
”მომცა ფურცელი დათა ახალაიამ - ეს წაიკითხეო და ეს ჩვენება მიეციო”, - აცხადებდა მელნიკოვი.