საშობაო ალილოს მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო. მსვლელობა ვარდების მოედნიდან რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის და ბარათაშვილის ქუჩის გავლით ავლაბარში გადაინაცვლებს და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.
მსვლელობა დეკორაციების გამოყენებით მიმსგავსებული იქნება მაცხოვრის შობის ღამესთან. მსვლელობაში მონაწილეები მოგვების, ქურუმების და მწყემსების ფორმაში იქნებიან გამოწყობილი. შემოწირული ტკბილეული კი ურმებზე შეგროვდება.
მსვლელობაში სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები მიიღებენ მონაწილეობას, შესრულდება საშობაო საგალობლები. ალილოში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება.
ალილოში მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც საჩუქრებს ვარდების მოედანზე გადასცემს.
პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები მსვლელობას პარლამენტის შენობასთან ტკბილეულით დახვდებიან და შობის დღესასწაულს მიულოცავენ. ასევე ტკბილეულს გადასცემენ საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატებიც.
მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეულს გადასცემს ასევე პატრიარქი და პრეზიდენტი.
ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გზადაგზა მოსახლეობაც გადასცემს.
შემოწირულობებს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიიტანენ. 9 იანვარს კი ალილოზე შემოწირული ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში და ე.წ. მატროსოვის ციხეში გადანაწილდება.