პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი 27 დეკემბერს დაუჭირა.
ინიციატივას მხარი დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ხოლო კომიტეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან, რომლებიც აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ უჭერენ, სხდომას არ ესწრებოდნენ. მათ შორის იყო დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც "პრაიმტაიმთან" განაცხადა, რომ აუცილებლად აპირებს კანონპროექტის განხილვებზე დასწრებას, რათა საკუთარი შენიშვნები დააფიქსიროს.
დეპუტატს პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებითაც ვკითხეთ, სადაც ილია მეორემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებსა და საზოგადოებაში.
ხუნდაძის თქმით, პატრიარქის ქადაგების შემდეგ, იგივე პოზიციაზე რჩება.
"რატომ უნდა შემეცვალა პოზიცია. პატრიარქის განცხადება ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკასთან დაკაშირებით, იყო აბსოლუტურად სწორად დასმული, ის, რომ ნატკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდებზე იყო აქცენტი გაკეთებული, რომ მათში ნატკოტიკების მოხმარების ნეგატიურ შედეგზე უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა დგას დემოგრაფიული პრობლემების წინაშე, მაგრამ ამ კანონპროექტის მომხრეები და სხავდასხვა ჯგუფი, რომელიც ამ კანონპროექტს ლობირებს, გაიგეს ისე, როგორც თვითონ უნდოდათ. ზოგს რაც ელანდება, ის ესიზმრება. ეს განცხადება ამ ყოფილა ამ კანონპროექტის მხარდამჭერი. უნდა კარგად წაიკითხონ, კარგად გაანალიზონ და გაითვალისწინონ პატრიარქის მოწოდება. როგორ შეიძლება კანონპროექტის მხარდაჭერა, სადაც არ არის განსაზღვრული დოზები", - აცხადებს ხუნდაძე.
მისი თქმით, არ შეიძლება, რომ ადამიანმა სუბოტექსის ერთი აბი ჯიბით ატაროს ისე, რომ არანაირი პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს, როდესაც ამ ერთ აბს დაახლოებით 8 ნარკომომხმარებელი მოიხმარს და საკმაოდ ძლიერ თბობას იწვევს.
"არ შეიძლება ამ კანონრპექტის მხარდაჭერა, სადაც ერთ-ერთ მუხლში, კონრეტულად კი 45-ე მუხლში წერია, რომ ნებისმიერი კანრკოტიკის მცირე ოდენობით გადაზიდვა-გადატანა, საზღვარზე უკანონოდ შემოტანა-გატანა ისჯება 100 ლარამდე ჯარიმით, ეს ხომ არის ფაქტობრივად ღია კარი იმისთვის, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება გაიზარდოს. პატრიარქის განცხადება წაიკითხონ ძალიან კარგად და უნდა გაიგონ ისე, როგორი აქცენტიც გააკეთა პატრიარქმა და არა ისე, როგორც თვითონ უნდათ. მე ჩემი შენიშვნები მაქვს, მყარად ვაფიქსირებ პოზიციას და დავესწრები განხილვებზე. ამ ფორმით ამ კანონპროექტის მიღება არის სახიფათო, ის აუცილებლად გამოიწვევს ნარკოტიკების მოხმარების გაზრდას ქვეყანაში და შესაბამისად, გაიზრდება კრიმინალი. ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში უნდა შეიცვალოს, არ დავიჭიროთ, მაგრამ არც გავავრცელოთ", - აღნიშნა დეპუტატმა.