საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად შს მინისტრმა ალექსანდრე ხვადაგიანი წარადგინა

12:41 01-08-2018
277

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გიორგი მღებრიშვილმა სისტემური რეფორმა დაიწყო და უწყების დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე  გიორგი  მღებრიშვილმა მიმდინარე რეფორმის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაზრდილი დაფინანსებით, წელსვე მოხდება მეხანძრე-მაშველების  სოციალური გარანტიების გაუმჯობესება და სისტემის თანამედროვე  ტექნიკით აღჭურვა.

 „საგანგებო სიტუაციებისა და კრიზიების მართვას მთავრობა განსაკუთრებულ  ყურადღებას უთმობს  და ამ კუთხით არსებული პრობლემების  გადაჭრის მიზნით, მაქსიმალური რესურსების მობილიზებას ახდენს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შევქმნათ დასავლური სტანდარტების  ისეთი სამსახური, რომლის იმედიც ექნება საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და ქვეყნის სტუმარს",- განაცხადა  მღებრიშვილმა. 

სისტემაში საკადრო ცვლილებებიც ხორციელდება. დღეს გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად ალექსანდრე ხვადაგიანი წარადგინა.

2018 წლის 1 იანვრიდან, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე,    სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდა. შეიქმნა ახალი სტრუქტურა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაშია. სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყო და გიორგი მღებრიშვილის უწყებას დაექვემდებარა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე