პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკასთან გაკეთებულ განცხადებას სრულად იზიარებს.
როგორც ბაღათურიამ "პრაიმტაიმს" განუცხადა, პატრიარქი ყველას მოუწოდებს, რომ არ იჩქარონ ამ კანონპროექტის მიღება.
"მე ვიცნობ პატრიარქის პოზიციას და მთლიანად მხარს ვუჭერთ. ეპისტოლეში იკითხებოდა, რომ არ ვიჩქაროთ ამ რეფორმის ასე ნაჩქარევად განხორციელება, თუმცა ის, რომ ნარკოპოლიტიკა რეფორმას საჭიროებს, დიდი ხანია ამას ვამბობ. საქართველოში, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, რომ ერთ-ერთი პირველი პარლამენტის წევრი ვიყავი, რომელმაც წარმოვადგინე ნარკოპოლიტიკის რეფორმა. ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც ხალხს ამ თემაზე საუბარიც კი ეშინოდა", -განაცხადა ბაღათურიამ.
მისი თქმით, რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა აქვს, რომელიც პროექტის ავტორებმაც გაიზიარეს.
"ნაწილობრივ ჩემი შენიშვნა გაიზიარეს რეფორმის ავტორებმა. თუმცა, მიმაჩნია, რომ კანონპროექტი იმდენად დანაშაულებრივია, რომ მისი გამოსწორება ძალიან რთული იქნება და ის ხელახლა უნდა დაიწეროს. ძალიან სწორი პოზიცია აქვს ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს და "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატს. ეკლესიაშიც როგორც ყოველთვის, არის სწორი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, იდენტური, რაც ჩვენ გვაქვს. მიგვაჩნია, რომ ნარკომომხმარებელი არის დაავადებული და შესაბამისად, დაავადებული ადამიანის დაკავების წინააღმდეგნი ვართ, თუმცა ამ ადამიანს გარკვეული შეზღუდვები უწესდება", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, გაუგებარია, რატომ გაიგო რამდენიმე ადამიანმა პატრიარქის ეპისტოლე სხვანაირად, მაგალითად პრეზიდენტმა.