სამების ახალგაზრდულ ცენტრში ამ წუთებში საშობაო ალილოდან შემოსულ ნობათს ანაწილებენ.
პრაიმტაიმი დაინტერესდა, რა პრინციპით ანაწილებენ შემოწირულობას და სად მიდის ეს გადანაწილებული პროდუქტი.
როგორც აღმოჩნდა, ალილოს მსვლელობის მონაწილეები ჯერ დაახარისხებენ პროდუქტებს და შემდეგ საყოფაცხოვრებო ნივთები, საკვები და ტანსაცმელი ხვალ, პირველ რიგში, თბილისსა და მის შემოგარენში არსებულ ჩვილ ბავშვთა სახლებს, შემდეგ ბავშვთა სახლებს და მოხუცთა თავშესაფრებს გადაეცემათ. ალილოდან შემოსული შემოწირულობა, როგორც გვითხრეს, შემწეობის მთხოვნელებსაც გადაეცემათ.
დაწესებულებები თვითონ მოგვმართავენ თხოვნით, შემდეგ ჩვენ სიის მიხედვით ვანაწილებთ ალილოს ნობათს, - გვითხრეს საპატრიარქოს ახალაგზრდულ ცენტრში.
7 იანვარს, საქართველოში მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა ტრადიციული საშობაო ალილო გამართეს. ალილოს მსვლელობა 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებმა გაიარეს რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები. ისინი პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ, მსვლელობა კი სამების ტაძარში დასრულდა.
თბილისის ქუჩებში მსვლელობისას ალილოს მონაწილეები ტრადიციულად ტკბილეულს და საჩუქრებს აგროვებდნენ.